ავტორი:

"შურისძიება გავლენიანი "კანონიერი ქურდის" ნათლულებზე" - კრიმინალების გარჩევის შემდეგ აფხაზეთში "ქართული კლანის" გაძლიერებას ელიან

"შურისძიება გავლენიანი "კანონიერი ქურდის" ნათლულებზე" - კრიმინალების გარჩევის შემდეგ აფხაზეთში "ქართული კლანის" გაძლიერებას ელიან

აფხაზეთში თითქმის ორწლიანი დუმილის შემდეგ ე.წ. კანონიერი ქურდების შეტაკება ახალ, ბევრად დაძაბულ ფაზაში გადაიზარდა. 22 ნოემბერს, სოხუმში რესტორან "სან-რემოში" რეგიონში გავლენიან კრიმინალებს, მანქანაში მსხდომებმა ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ორი ე.წ. კანონიერი ქურდის - 38 წლის ასტამურ შამბას, იგივე "ასტიკის" და ალხას ავიძბას, ანუ "ხასიკის" სიცოცხლე შეეწირა. ერთ-ერთი "კანონიერი ქურდი" რუსტამ შამბა მძიმედ დაიჭრა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

უკიდურესად მძიმეა ადგილობრივი გოგონას, 22 წლის დომინიკა აკირთავას სიცოცხლის მდგომარეობა, რომელსაც აფხაზების თქმით, 2 წლის შვილი ჰყავს და ძმა შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაეცვალა... მოსახლეობა სოციალურ ქსელში ითხოვს, რომ კომაში მყოფი გოგონა მოსკოვში ან საქართველოში უნდა გადაიყვანონ, თუმცა სოხუმის საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება.

"ასტიკი" და "ხასიკი" რეგიონში ყველაზე გავლენიანი კრიმინალის, 53 წლის რაულ ბარცბას, იგივე "პიზას" ნათლულები და უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ. ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას "ბრძანებით", საქმე უახლოეს ხანებში უნდა გაიხსნას და მკვლელობის დამგეგმავი პირები უნდა გამოვლიდნენ.

რამდენიმე დღეა, აფხაზები ორივე დაღუპულს გლოვობენ. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ დახოცეს ადამიანები, რომლებიც "ქვეყანაში მშვიდობის გარანტნი იყვნენ" და ამ პოზიციას რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანი იზიარებს... თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ძალაუფლებისთვის კრიმინალებს შორის დაპირისპირებას პატარა გოგონას ჯანმრთელობა შეეწირა.

"ოდესმე ქვეყანაში მათი პარპაში უნდა დასრულდეს, ამისთვის კი ძალიან კარგი მაგალითია წლების წინ საქართველოში ჩატარებული რეფორმები," - წერენ აფხაზები. მათივე ცნობით, ქილერებმა, სოხუმი კორიდორით დატოვეს. ასევე, კონკრეტულად სროლის მომენტში, რესტორანში კამერა გაითიშა და შემდეგ ისევ ჩაირთო.

რამდენიმე დღეა ჩაკეტილია ენგურის ადმინისტრაციული საზღვარი. რეიდები მიმდინარეობს გალის რაიონში, რაც არსებული ინფორმაციით, იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის ე.წ. მილიცია ეჭვმიტანილს გალში ეძებს... აფხაზები წერენ, რომ პოლიტიკასა და ბიზნესში გადავარდნილი, რეგიონში ჩაკეტილი რაულ ბარცბას, იგივე "პიზას" არასწორი სტრატეგიის შედეგია ის, რომ მას საყრდენი გამოაცალეს და ახლა სრულიად შესაძლებელია, აფხაზეთში გავლენები ქართულმა კლანმა დაიბრუნოს, რადგან ბარცბამ, თვითიზოლაციით. ე.წ. ქურდულ სამყაროში ყველა გზა მოიჭრა.

რამდენიმე წლის წინ, რაულ ბარცბას მიერ "სეპარატასტული პოლიტიკის გატარების" შედეგად გალის რაიონიც მისი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა არა დიდი ხნით.

2017 წლის 24 აგვისტოს, გუდაუთაში "ქურდების შეხვედრა" ორმხრივი სროლით დასრულდა... მაშინ კრიმინალური სამყაროს ლიდერები, აფხაზეთის რეგიონში რუსეთის ჩრდილოეთიდან და კავკასიიდან ჩავიდნენ.

ორმხრივი სროლებისას მძიმედ დაიჭრნენ აფხაზეთის "სტუმრები" რაშატ ალიევი ე.წ. გიანჯინსკი, რომან დმიტრიევი ე.წ. რომა სტავროპოლსკი და ნიკოლოზ დგებუაძე ე.წ. ნიკო გაგრინსკი.

არსებული ინფორმაციით, ნიკოლოზ დგებუაძესა და რაშიდ ისმაილოვს გუდაუთელ ე.წ. კანონიერ ქურდთან, რაულ ბარცბასთან ჰქონდათ დაპირისპირება. ბარცბასთვის მიუღებელი იყო აფხაზეთში, განსაკუთრებით გალში თანხების არასწორი გადანაწილება. 2018 წელს, ის გალში 300-მდე თანამოაზრის თანხლებით ჩავიდა და ქართველი "კანონიერი ქურდებისგან" ე.წ. ობშიაკი მოითხოვა, რომელსაც მანამდე მისი გალელი ნათესავი ჩირო შონია, იგივე "ჩირო გალსკი" განაგებდა. ქართველი კრიმინალები ამის წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა რუსეთიდან ასევე გავლენიანმა კრიმინალმა კახა ფარფალიამ დარეკა და ურჩია, "პიზას" მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ.

"პიზა" და "ნიკო გაგრინსკი"

ბარცბას მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი ნადირ სალიფოვი, იგივე "გული", რომლის კლანშიც მოიაზრება "ნიკო გაგრინსკი". რამდენიმე წლის წინ, გუდაუთელ კრიმინალს "გულიმ" შეუთვალა, რომ ყველას წინააღმდეგ წასვლით ვერაფერს მოიგებდა. ცოტა ხნის შემდეგ, ბარცბას მანქანას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. მაშინ არავინ დაშავებულა. ბარცბამ დაცვა გააძლიერა...

აფხაზების თქმით, მაშინ ქართველმა "კანონიერმა ქურდებმა" სტრატეგიული უკანდახევა განახორციელეს. ბარცბა და მისი მხარდამჭერები აფხაზეთიდან არ გადიოდნენ, მაგრამ მტერს მასთან აფხაზეთში სტუმრობა არ გასჭირვებია.

"დიდი ალბათობით, "გულიმ", როგორც ყოველთვის, სიტყვა შეასრულა და "პიზას" გარემოცვაზე იძია შური. ეს ნიშნავს, რომ ბარცბას "წითელი აუნთეს"... ახლა მას ისღა დარჩენია, გარკვეული ბიზნესდათმობების ფასად, ახალი და ძლიერი მხარდამჭერები იპოვნოს. ის, რომ "პიზას" პროფესიონალების ხელით ებრძვიან, "სან რემოში" მომხდარი ფაქტიდანაც კარგად ჩანს..."

"ბოლო დროს ბარცბას პოლიტიკაში აქტიურობა ყველანაირ ზღვარს სცდებოდა, მასთან კონსულტაციის გარეშე, არც ადგილობრივი ე.წ. მაღალჩინოსნები არ ინიშნებოდნენ. ის ამით ვიღაცეების გაღიზიანებას იწვევდა, თუმცა მათ მისი ნათლულების მოსაშორებლად გამბედაობა მაინც არ ეყოფოდათ. ეს უფრო ძლიერი ხელის გაკეთებულია, რომლის კვალსაც ქართველებისკენ მივყავართ..." - წერენ აფხაზები.

მთავარ ფოტოზე: მოკლული ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა

სოხუმში "კანონიერი ქურდების" მკვლელობისას დაჭრილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა

"მძევლები ვართ... 21-ე საუკუნეში საკვებს და შეშას ვიზოგავთ, რომ გადავრჩეთ..." - ახალგორელები ჰუმანიტარული კატასტროფის პირას

ოკუპირებული ცხინვალი ახალგორის მცხოვრებლებს თბილისში მკურნალობის ნებართვას აძლევს