ავტორი:

ვინ არიან ვაზისუბანში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - "მცირეწლოვანი შვილი დარჩათ... აქ 3 წლის წინ გადმოვიდნენ"

ვინ არიან ვაზისუბანში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - "მცირეწლოვანი შვილი დარჩათ... აქ 3 წლის წინ გადმოვიდნენ"

ტრაგედია დატრიალდა ვაზისუბანში, სადაც ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად ახალგაზრედა ცოლ-ქმარი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.

გარდაცვლილები 35 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი სარქისოვი არმენი და ვოსკანიანი არმინე არიან. მათ მცირეწლოვანი ბავშვი დარჩათ.

საკრებულოში ისნის მაჟორიტარო დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ვაზისუბანში, სადაც ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი დაიღუპა, შემთხვევა, სავარაუდოდ, ლიფტის გაუმართაობის გამო მოხდა.

"ჩვენ გვაქვს ის ინფორმაცია რაც მოხდა. დიდი ტრაგედიაა, დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ველოდებით გამოძიებას, რომელიც მალე დასრულდება და ზუსტ მიზეზს გვეტყვის. არ ვიცი, ლიფტი მწყობრიდან იყო თუ არა გამოსული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა ლიფტის გაუმართაობის გამო. ის, ინფორმაცია რაც ვრცელდება, რომ თითქოს ლიფტთან დაკავშირებით გამგეობას მიმართეს ადგილობრივებმა და გამგეობის მხრიდან რეაგირება არ იყო, ტყუილია. აქ ოთხი სადარბაზოა და ამ კორპუსიდან არცერთი ლიფტის შეკეთებაზე, რეაბილიტაციაზე მომართვიანობა არ ყოფილა”, - აცხადებს კახა ლაბუჩიძე.

ისნის რაიონის გამგებლის, ნიკა ელისაშვილის განცხადებით, კორპუსის მოსახლეობას, სადაც რამდენიმე საათის წინ, უბედურ შემთხვევას ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებით გამგეობისთვის მიმართული არ ჰქონია.

ელისაშვილის განმარტებითვე, კორპუსის „ამხანაგობისგან“გამგეობაში ბოლო განცხადება 2021 წელს არის შესული, სადაც ლიფტი არც კი არის ნახსენები.

"პირველ რიგში, გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო, საშინელი ტრაგედია დატრიალდა, სიტყვებით ამის გადმოეცემა ძალიან რთულია. რაც შეეხება თვითონ სიტუაციას, როგორ მოხდა ამ ადამიანების გარდაცვალება, ამაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ვერ გეტყვით, შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ.

რამდენიმე ვერსიაზე მიდის საუბარი და მსჯელობა. სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციით, პირველი სართულის შახტიდან მოხდა ორივე გარდაცვლილის ამოსვენება.

ლიფტთან დაკავშირებით, „ამხანაგობას“, მოსახლეობას მომართვიანობა არ ჰქონია, ბოლო მომართვა 2021 წელს ფიქსირდება, იმ მომართვიანობაში სამწუხაროდ, ლიფტი არსად არ არის ნახსენები. იმ მომართვიანობის, რაც გამგეობაში შემოვიდა, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, სხვა დამატებითი ახალი საკითხი და დეტალი არ შემოსულა, არც ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლიფტი შესაძლებელი იყო, ავარიულ მდგომარეობაში ყოფილიყო“, - განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.

რაც შეეხება ადგილობრივების მოსაზრებებს, როგორც მათ “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მოძველებულმა ლიფტმა გამოიწვია.

მათი თქმით, წყვილი კორპუსში საცხოვრებლად სულ 3 წლის გადასული იყო. მათ მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.

"ლიფტის კარი როცა გაიხსნა, სავარაუდოდ, არ იყო მოსული. როგორც ამბობენ, შახტაში ჯერ კაცი ჩავარდა, რომლის დახმარებასაც ქალი ცდილობდა. ამასობაში კი, ორივე მათგანი ლიფტმა ჩაიტანა. ლიფტი იყო თუ არა მწყობრიდან გამოსული ვერ გეტყვით, გვერდით კორპუსში ვცხოვრობ, მაგრამ 50 წლის ბინებია, მოძველებულია მათ შორის ლიფტებიც”, - აცხადებს ადგილობრივი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.