ავტორი:

ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე თანამდებობას თეა წულუკიანთან, მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების თაობაზე არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო ტოვებს?

ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე თანამდებობას თეა წულუკიანთან, მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების თაობაზე არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო ტოვებს?

ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე, თეონა ჯაყელი თანამდებობას ტოვებს. პოსტიდან წასვლის შესახებ მან განცხადება დაწერა. მედიასაშუალებებით გავრცელდა განცხადების ტექსტი, სადაც ეწერა, რომ ჯაყელი პოსტს ტოვებდა, რადგანაც მისი და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ხედვები, მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე, განსხვავებული იყო. თუმცა, მოგვიანებით, თეონა ჯაყელმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პოსიდან წასვლის მიზეზები არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, "შიდა დოკუმენტაციის საჯარო სივრცეში გამოტანა და არასწორი ინტერპრეტაციები" დაუშვებლად მიაჩნია.

"პოზიცია დავტოვე ჩემი პროფესიული შეხედულებების გათვალისწინებით. არ ვაპირებ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას, მითუმეტეს დაუშვებლად მიმაჩნია შიდა დოკუმენტაციის საჯარო სივრცეში გამოტანა და არასწორი ინტერპრეტაციები!

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, პროფესიონალთა გუნდს და ახალ მენეჯმენტს მუზეუმის განვითარების საქმეში", - წერს ჯაყელი "ფეისბუქში".

აღსანიშნავია, რომ თეონა ჯაყელი თანამდებობაზე თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაინიშნა.

აგრეთვე საგულისხმოა ისიც, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, "რეორგანიზაციის ფარგლებში", ეროვნული მუზეუმიდან არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლდა. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა რამდენიმე თანამშრომელმა საკითხზე კულტურის სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო.

ასევე იხილეთ: