ავტორი:

"ვიდეოში ჩანს, რომ ვიღაც გიორგი დიდი სიჩქარით მოდის და ეჯახება გოგონებს, მარიამზე მოხდა ძირითადი დარტყმა... ეს საქმე არ უნდა ჩაიფარცხოს " - რას ჰყვება დაღუპული გოგონას დეიდა?

"ვიდეოში ჩანს, რომ ვიღაც გიორგი დიდი სიჩქარით მოდის და ეჯახება გოგონებს, მარიამზე მოხდა ძირითადი დარტყმა... ეს საქმე არ უნდა ჩაიფარცხოს " - რას ჰყვება დაღუპული გოგონას დეიდა?

22 იანვარს თბილისში, ლილოში მომხდარ შემზარავ ავარიას 17 წლის მარიამ ბადალაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე მძიმეა მარიამის სამი მეგობრის მდგომარეობა, რომლებიც, ასევე, ამ ავარიის დროს დაშავდნენ. ისინი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში შეიყვანეს. როგორც გვითხრეს, ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ცნობილია, რომ გოგონები გზაზე გადადიოდნენ, როცა დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა მათ შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის საჭესთან 19 წლის ბიჭი იჯდა და დრიფტაობდა (ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება), რა დროსაც მანქანა ქვეითად მოსიარულე გოგონებს დაეჯახა. სამწუხაროდ, მარიამი ადგილზე დაიღუპა. ახალგაზრდა გოგონას დეიდამ, მარიამ თოღუზაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტი გაავრცელა. "კვირის პალიტრა" ქალბატონ მარიამს დაუკავშირდა და მომხდარის დეტალებზე ესაუბრა:

- ჩვენი 17 წლის მარიამი საოცარი გოგონა იყო, რომელიც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზეხელაღებულ დრიფტაობას შეეწირა. მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა მანქანა, მძღოლმა დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე. ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა, ადგილზევე გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაშია ის სამი გოგონაც. სჭირდებათ რთული ოპერაციები. მოგვიკლეს ჩვენი გამორჩეული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე მარიამი, რომელსაც მისი კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე, ციმციმა ანგელოზს ვეძახდით.

ეს ტრაგედიაც არ გვაკმარეს და ზოგიერთი არაადეკვატური საზოგადოების წევრი, უსირცხვილოდ ავრცელებს სოციალურ ქსელში სიცრუეს, თითქოს მარიამი თავად დრიფტაობდა, რაც ტყუილია. ახლა, პირველ რიგში, ის მაინტერესებს, შემთხვევის ადგილი თუ ნახეთ ჟურნალისტებმა. ჩემი დიდი თხოვნაა ყველა ჟურნალისტისადმი, რომ კვალიფიციურად გააშუქოთ ეს ამბავი და საზოგადოებას გააგებინოთ სიმართლე. შემთხვევის ადგილი გადაიღოთ და იქ გამოჩნდება რეალური სურათი. გაჩნდა ეჭვი, რომ რადგან ეს შემზარავი ავარია ასე მასშტაბურად არ შუქდება მედიით, როგორც სხვა დანაშაულები, ხომ არ არის ამაში ბიჭის მფარველების ხელი გარეული, ხომ არ უნდათ, სხვაგვარად შეაბრუნონ ეს საქმე. არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ეს საქმე ჩაიფარცხოს. ჩვენი ინფორმაციით, დამნაშავე ბიჭი თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის შვილია და არ მივცემთ უფლებას, საქმე ჩაიფარცხოს.

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში - "ჩემი ქალაქი მკლავს", დაიწერა მომხდარ ტრაგედიაზე, თვითმხილველები საუბრობდნენ, რა უბედურება დაატრიალა მკვლელმა იქ და უცებ გამოჩნდნენ ტროლები და ბოტები, რომლებმაც დაიწყეს დამნაშავის დაცვა. თურმე, მძღოლია ცოდვა და დაღუპული მარიამი - მეორე ხარისხოვანი. რა გვჭირს ამ საზოგადოებას, რომ მკვლელებზე ვაფანატებთ და დაზარალებულები არ გვეცოდება, გადავგვარდით ადამიანები?! უდანაშაულო ბავშვები შეიწირა და, თურმე, პასუხიც არ უნდა აგოს. უფრო შორს წავიდა მათი ტყუილები და ამ ჯგუფში ისიც დაიწერა, თითქოს მარიამი იჯდა საჭესთან, რაც ტყუილია.

მარიამი ცხოვრებაში არ მჯდარა მანქანის საჭესთან, ჩვენი ციმციმა მარიამი და მისი სამი მეგობარი გოგონა გადმოდიოდა გზაზე, რომ ტრანსპორტში ასულიყვნენ და ამ დროს შეეჯახა მანქანა ბავშვებს. პოლიციამ ამოიღო ჩანაწერები, ჩანს ვიდეოში, ბავშვები გადმოვიდნენ გზაზე და ამ დროს 19 წლის ბიჭი, ვიღაც გიორგი, რომელიც ზის საჭესთან, მოდის დიდი სიჩქარით, ირგვლივ საშინელ ბუღს აყენებს, დრიფტაობს, ატრიალებს მანქანას და ეჯახება გოგონებს. ამ ვიდეოკადრების ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მძღოლი არის არაფხიზელ მდგომარეობაში, გაზს ფეხს არ უშვებს, კიდევ უფრო მეტად აჭერს, რომ დაატრიალოს მანქანა. მარიამზე მოხდა ძირითადი დარტყმა და ბავშვი ადგილზე დაიღუპა...წაიკითხეთ სრულად