ავტორი:

1996 წელს საქართველოში გარდაცვლილად გამოცხადებული ბიჭი ამერიკაში იპოვეს: გაცნობამდე ერთი დღით ადრე დაღუპული ბიოლოგიური მამა და დედის ემოციური გაცნობა (ვიდეო)

1996 წელს საქართველოში გარდაცვლილად გამოცხადებული ბიჭი ამერიკაში იპოვეს: გაცნობამდე ერთი დღით ადრე დაღუპული ბიოლოგიური მამა და დედის ემოციური გაცნობა (ვიდეო)

ჟურნალისტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის "ვეძებ" დამფუძნებელმა თამუნა მუსერიძემ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰყვებოდა, რომ კიდევ ერთმა ქართველმა დედამ იპოვა შვილი, რომელიც აქამდე გარდაცვლილი ეგონა.

"1996 წელს კამოს მეორე სამშობიაროში დაბადებული და 3 დღეში გარდაცვლილად გამოცხადებული ბავშვი ვიპოვეთ. ბავშვი, რომელიც ჯერ დიღმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მერე საქართველოდან რუსეთში და რუსეთიდან ამერიკაში გააშვილეს, დღეს ოჯახს დაუკავშირდა..." - ამბობს მუსერიძე და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ონლაინ ჩატის საშუალებით დედამ წლების წინ გარდაცვლილად გამოცხადებული შვილი ნახა.

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ერთ-ერთია წლების წინ გაყიდული ქართველი ჩვილებიდან, რომელსაც დედა არ ეძებდა, რადგან ქალს გარდაცვლილი ეგონა.

  • რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდამ თამუნა მუსერიძის მიერ შექმნილ ჯგუფში ითხოვა დახმარება, სადაც მისი თქმით, ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდა. მანამდე კი ქართულმა ოჯახმა გენეტიკური ტესტი გაიკეთა. თათა იმნაიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

- ცოტა ხნის წინ მთელმა ოჯახმა 23&Me ანალიზი რომ გავიკეთეთ, ხომ გახსოვთ?! ჰოდა ჩვენ გვეგონა, უბრალოდ, წარმოშობებს გავარკვევდით და ჯანმრთელობის საკითხებს დავაზუსტებდით, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა შორეული ნათესავი (3rd Cousin), რომელიც გაშვილებული ყოფილა ამერიკაში და ეძებდა თავის ბიოლოგიურ მშობლებს. სანამ დეტალებს ვარკვევდით, პარალელურად ჯგუფში "ვეძებ" დაპოსტვა შევთავაზე… გუშინ იპოვა მშობლები. სევდიანი ნაწილი ამ ამბის ის არის, რომ არავის გაუშვილებია, ის როგორც ათასობით სხვა ბავშვი საქართველოდან გაუტაცებიათ… ამ ისტორიის შემდეგ მინდა ყველას მოგიწოდოთ, გაიკეთოთ ეს ანალიზი, უამრავი ბავშვიც და მშობელიც ეძებენ ერთმანეთს, პატარა ქვეყანა რომ ვართ, აქ ძალიან გვეხმარება და ძალიან სწრაფად ვიპოვით ერთმანეთს...

თავად ახალგაზრდა, რომელიც წლების წინ სამშობიაროდან მოიპარეს, წერს:

"გუშინ, დილის 10:30 საათზე, მივიღე შეტყობინება ფეისბუქის გვერდის "ვეძებ" დამფუძნებლისგან, სადაც გამოვაქვეყნე ჩემი დაბადების ისტორია და ინფორმაცია მშობლების შესახებ. ჯგუფის ადმინისტრატორებმა სასწაულები მოახდინეს და 24 საათზე ნაკლებ დროში იპოვეს ჩემი ბიოლოგიური დედა.

ჯგუფიდან მწერდნენ, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა და უფროსი ძმა ვიდეო ზარის საშუალებით მელოდებოდნენ, ისინი არ საუბრობენ ინგლისურად, გვყავდა თარჯიმანი, რომელმაც ენის ბარიერი გადაგვალახინა.

ეს არის ამბავი, რომელსაც მხოლოდ ფილმებში შეხვდებით. როგორც ჩანს, 90-იან წლებში საქართველოში დანაშაულის მაღალი მაჩვენებელი იყო და საავადმყოფოებში იყვნენ "მაფიასთან" დაკავშირებული ადამიანები. როდესაც დავიბადე, დედაჩემს უთხრეს, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და ოპერაცია მჭირდებოდა, 4 დღის შემდეგ კი განუცხადეს, რომ ოპერაციის დროს მოვკვდი.

საბუთები გააყალბეს და ფულის სანაცვლოდ რუსეთში გადამიყვანეს. 27 წელი ჩემს ბიოლოგიურ ოჯახს სჯეროდა, რომ ბავშვობაში მოვკვდი, თბილისში ჩემი საფლავიც კი არსებობს. მე მხოლოდ წარმოდგენაში მქონდა, რა ემოციები შეიძლება ჰქონოდათ ჩემს ბიოლოგიურ დედას და ჩემს უფროს ძმას, რომელიც ჩემი დაბადების დროს 10 წლის იყო. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ჩემს შესახებ, ასობით შეტყობინება მივიღე ქართველებისგან, რომლებიც ზეიმობენ ოჯახში ჩემს დაბრუნებას.

როდესაც გავიგე ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ, გადავწყვიტე, რომ უბრალოდ, მადლობა გადამეხადა დედისთვის, რომელზეც მითხრეს, რომ ჩემი გაშვილებისას ახალგაზრდა იყო და ვერ იზრუნებდა ჩემზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილად აყვანის ისტორია იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე ოდესმე შემეძლო გამეაზრებინა...“, - წერს ახალგაზრდა.

ახალგაზრდამ დედა და ძმა ონლაინ გაიცნო, თუმცა ვერ შეძლო სიცოცხლეში მამის გაცნობა. დედა-შვილის შეხვედრიდან მეორე დღეს, ქალმა, რომელმაც 27 წლის წინ გარდაცვლილ შვილზე გაარკვია, რომ ცოცხალი იყო, სოციალურ ქსელში დაწერა:

"ჩემი დიდი სიხარული დღეს ტრაგედიად გამითენდა. დამტოვა ჩემი შვილების მამამ. დღეს სურპრიზი უნდა გამეკეთებინა და გვიღალატა".

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: