ავტორი:

კადიროვის მორიგი ახირება: ჩეჩნეთის ლიდერს "ქვეყნის მამის" სტატუსი სურს - "სულ უფრო მეტად ვემსგავსებით შაპიტოს, სადაც ერთი ჯამბაზია, ოღონდ სისხლიანი ჯამბაზი"

კადიროვის მორიგი ახირება: ჩეჩნეთის ლიდერს "ქვეყნის მამის" სტატუსი სურს - "სულ უფრო მეტად ვემსგავსებით შაპიტოს, სადაც ერთი ჯამბაზია, ოღონდ სისხლიანი ჯამბაზი"

"კადიროვის ხანა გრძელდება" - ასე ეხმაურებიან ადგილობრივები ჩეჩნეთის ლიდერის გარშემო მიმდინარე სიახლეებს. ჩეჩნეთის პარლამენტის დეპუტატებმა დააყენეს ინიციატივა რამზან კადიროვისთვის "ქვეყნის მამის" წოდების მინიჭების შესახებ.

"ჩეჩენი დეპუტატების თქმით, კანონპროექტი უკვე მომზადებულია და 12 იანვარს, პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა" - ნათქვამია რესპუბლიკის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"შევიტანოთ ჩეჩნეთის კონსტიტუციაში ახალი პუნქტი, შემდეგი ცვლილებით, პირველი აბზაცს, სიტყვების შემდეგ - ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, დაემატოს სიტყვები "Мехкан Да" (რაც ჩეჩნურად ითარგმნება როგორც ქვეყნის მამა)" - ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში.

  • უფრო კონკრეტულად, ჩეჩნეთის კონსტიტუციის ახალი აბზაცის შინაარსი ასე წაიკითხება - ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, ქვეყნის მამა, რომელიც ხელმძღვანელობს ჩეჩნეთის რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მეთაური.

კანონპროექტი, რომლის დამტკიცებაშიც ეჭვი არავის ეპარება, 20-მა დეპუტატმა წარადგინა, მათ შორის, არის პარლამენტის სპიკერი, მაგომედ დაუდოვი. მათივე ცნობით, ქვეყნის მამის წოდება ახალი არ არის.

"ეს ტიტული შუა საუკუნეებიდან მოდის, რა დროსაც ხალხის რჩეულ ლიდერს, რომელიც სხვადასხვა დროს ხალხში პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა და ხალხისთვის მისი აზრი მნიშვნელოვანი იყო, "ქვეყნის მამის" სტატუსს აძლევდნენ", - ასეთია დეპუტატების განმარტება, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

"2022 წლის 3 სექტემბერს, ჩეჩნეთის ლიდერმა, მოულოდნელად გამოაცხადა, რომ გადაიღალა და მზად იყო თანამდებობიდან წასულიყო.

"მე სრულად დავიმსახურე გრძელი და უვადო შვებულება" - განაცხადა მან, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ასე იმ შემთხვევაში მოიქცეოდა, თუ ამას თავისი ხალხი და რუსეთის პრეზიდენტი მოისურვებდა.

მაშინ პოლიტოლოგებმა ჩეჩნეთის ლიდერის განცხადებები, მის ფედერალურ ამბიციებს მიაწერეს. ოქტომბრის დასაწყისში, კადიროვმა განაცხადა, რომ მას გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს.

"რაც დრო გადის, გიჟს სრული თავისუფლება ეძლევა... ჩეჩნეთი ყოველდღე სულ უფრო ემსგავსება შაპიტოს, სადაც მხოლოდ ერთი ჯამბაზია, ოღონდ სისხლიანი ჯამბაზი, რომელიც თავისი გართობისთვის, ადამიანებს ხოცავს" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები კადიროვის ახალ სტატუსთან დაკავშირებით.

"მხოლოდ ჩეჩენი ერის მამაა თუ მთელი რუსეთის?!. ეს არის საინტერესო. ერთი შეხედვით ხომ სისულელეა, მაგრამ არ არის ასე, მასებს მაინც აჯერებს, რომ მართლა იმსახურებს ამას, ერის კეთილდღეობისთვის იბრძვის... ალბათ დაიჯერეს, თორემ სხვა შემთხვევაში, ასე არ გადავყლაპავდით ყველაფერს, რასაც სიმართლედ, პატრიოტიზმად, გმირობად გვაწვდიან" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ჯეიმს აშირაფი.

"უახლოეს ისტორიაში ორი ომი გადავიტანეთ, რუსეთის დამსახურებით, ის თაობა, რომელიც ამ ომებში თავად მონაწილეობდა, იძულებულია ჩუმად იყოს, რათა დარჩენილი ოჯახის წევრებიც არ დაუხოცონ და ყველა ერთად კადიროვს "ქვეყნის მამას" ვუწოდებთ. ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ომების დროსაც არ გვქონია...

ისინი კი, პუტინის კარის მსახურები, ყოველდღე დაგვცინიან და გვეუბნებიან, რომ არ ვარსებობთ, არც არასდროს ვარსებობდით. რამდენიმე დღის წინ, თავისი 26 წლის ძმისშვილი, ხამსად კადიროვი, ჩეჩნეთის ქონებრივი და მიწათმოქმედების სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშნა. შვილები, სიძეები, ბიძაშვილები, ნდობით აღჭურვილი პირები - ეს არის ჩვენი მთავრობა და ქვეყნის მამაა, აბა რა, ყველანი მან შობა" - წერს ალანა ხაბულატოვა.