ავტორი:

"სადაც დააკავეს, იქ მოხუცი ცოლ-ქმარი და მათი ერთი ბიჭი ცხოვრობს... ომიანე ცოლთან და შვილთან ერთად ზუგდიდში პოლიციელებმა წაიყვანეს" - ბადრი ესებუას ნათესავი

"სადაც დააკავეს, იქ მოხუცი ცოლ-ქმარი და მათი ერთი ბიჭი ცხოვრობს... ომიანე ცოლთან და შვილთან ერთად ზუგდიდში პოლიციელებმა წაიყვანეს" - ბადრი ესებუას ნათესავი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, იმ ოჯახის წევრები, სადაც "საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, ზუგდიდში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ოჯახის ნათესავისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა ესებუას ომიანე ჯიქიასთან ნათესაური კავშირი.

"ახლა გავიგეთ ესებუას დაკავების შესახებ, დეტალები არ ვიცით. ომიანეს სახლში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, იქ იყო თუ არა დაკავებული, არც ეს ვიცი. აქ მოხუცი ცოლ-ქმარი და მათი ერთი ბიჭი ცხოვრობს. ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ნათესაური კავშირი აქვთ თუ არა ესებუასთან, არ ვიცი. როგორც გავიგე, ომიანე ცოლთან და შვილთან ერთად ზუგდიდში პოლიციელებმა წაიყვანეს. ალბათ, დასაკითხად”, - განაცხადა ომიანე ჯიქიას ნათესავმა თამაზ ხასიამ.

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სადაც "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისთვის, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს. ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: