ავტორი:

"ბადრი ესებუამდე მისმა მოგვარემ გაეროს ოთხი დამკვირვებელი მძევლად აიყვანა... მძევალ-ტერორისტი ერთმანეთს ჭიქას უჭახუნებდა" - ამბავი, რომელმაც წლების წინ მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია

"ბადრი ესებუამდე მისმა მოგვარემ გაეროს ოთხი დამკვირვებელი მძევლად აიყვანა... მძევალ-ტერორისტი ერთმანეთს ჭიქას უჭახუნებდა" - ამბავი, რომელმაც წლების წინ მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია

თითქმის სამწლიანი ძებნის შემდეგ დღეს დილით ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში ბადრი ესებუა დააკავეს. ის პირდაპირ ქუთაისის საპატიმროში გადაიყვანეს.

ესებუას საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ 22 წლის წინ საქართველოში კიდევ ერთი, მსგავსი დანაშაული მოხდა, რომელიც ასევე გვარად ესებუამ ჩაიდინა და მაშინ იმ ამბავმა მსოფლიო მოიცვა.

  • სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი 3 წლის წინ, როდესაც ბადრი ესებუა ბანკში შეიჭრა, 1998 წლის მოვლენებს "კვირის პალიტრის" ბლოგში იხსენებდა:

"1998 წელი საქართველოსთვის ძალიან რთული გამოდგა. ჯერ იყო და, 9 თებერვალს თბილისში, კრწანისთან პრეზიდენტ შევარდნაძის შეჯავშნულ "მერსედესს" ცხვირში ყუმბარსატყორცნის კუმულაციურქობინიანი რაკეტა მოარტყეს, ათ დღეში სამეგრელოში გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი მძევლად აიყვანეს და სოფელ ჯიხაშკარში ჰყავდათ გამოკეტილი, რამაც მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია. მაისში გალში ნამდვილი ომი დაიწყო, ინტენსიური სროლითა და ქართველების სახლების გადაწვით, ხოლო აგვისტოში - ამჯერად კაკო ელიავამ - სენაკის ბრიგადიდან ტანკები "მოიპარა" და ქუთაისისკენ დაძრა...

როგორც სამხედრო ჟურნალისტს, ყველა ამ მოვლენის ეპიცენტრში მომიწია ყოფნა, შევარდნაძის აფეთქებული "მერსედესის" იმავე ღამეს დათვალიერებიდან ელიავას "მოპარული" ტანკების სენაკის ბრიგადაში დაბრუნების ჩათვლით, მაგრამ ყველაზე თავგადასავლიანი მაინც ჯიხაშკარში, ტერორისტებთან და უცხოელ მძევლებთან მალულად შეპარვა აღმოჩნდა.

სოფელთან ძირითადი მისასვლელები შინაგანი ჯარების მებრძოლებსა და პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი და "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიური მასალის მოსაპოვებლად, ორმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ტყე-ღრე შემოვლითი გზებით ვიარეთ, ჯიხაშკარში მებონიას სახლისთვის რომ მიგვეგნო, სადაც გაეროს წარმომადგენლები ჰყავდათ მძევლად აყვანილი.

ადგილზე ისეთი სურათი დაგვხდა, რომ მსოფლიოს ისტორიაში მძევლობაგამოვლილი ვერცერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნიდა - მეგრული სტუმართმასპინძლობით გაშლილ სუფრასთან "სტოკჰოლმის სინდრომი" ზენიტში იყო ასული მძევალ-ტერორისტი ერთმანეთს ჭიქას უჭახუნებდა და მეგობრობას ეფიცებოდა...

მსოფლიოს ტერორიზმის ისტორიაში ამ ერთ-ერთი, ყველაზე დაუჯერებელი ფაქტის ორგანიზატორი კი გოჩა ესებუა გახლდათ, რომელიც 1991 წლიდან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარეს იბრძოდა, მას გაჰყვა ჩეჩნეთში და იქ მოამზადა ჯგუფი, რომელიც 1998 წლის 9 თებერვალს თბილისში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კორტეჟს თავს დაესხა.

გოჩა ესებუა ინტერვიუს მძევლებთან ერთად აძლევს უცხოელ ჟურნალისტს

როდესაც შსს-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისა და მძევლების აყვანაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია და ის ბადრი ესებუა გახლავთო, ძალაუნებურად გავავლე პარალელები...წაიკითხეთ სრულად