2010 წელს გერმანული კონცერნი Volkswagen Group 7 მლნ ავტომობილის რეალიზებას შეძლებს, - ამის შესახებ ქალაქ ჰამბურგში გამართულ კონფერენციაზე კომპანიის თავკაცმა მარტინ ვინტერკორნმა განაცხადა.
კომპანიის 2018 წლის გეგმებით, VW მსოფლიოს ნომერ პირველი ავტომწარმოებელი უნდა გახდეს. გეგმის თანახმად, კომპანია, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა თავად VW, Audi, Skoda, SEAT, Bentley, Bugatti, Lamborghini, Porsche და MAN, წლის განმავლობაში 10 მლნ ავტომობილს გაყიდის.
ამ დროისთვის მსოფლიო პირველობაში, მას 2 მოწინააღმდეგე ეცილება. ესენია Toyota და General Motors-ი. 2009 წლის მონაცემებით, კონცერნ Toyota-ს წლიურმა გაყიდვებმა 7,81 მლნ ავტომობილი შეადგინა, ხოლო GM-ის გაყიდვებმა - 7,48 მლნ. ამავე წელს თავად გერმანულმა კონცერნმა 6,27 მლნ ავტომობილის რეალიზება შეძლო, თუმცა "დიდი სამეულიდან" Volkswagen-ი ერთადერთი იყო, რომელმაც გაყიდვების მაჩვენებელი 1%-ით გაზარდა. გასული წლის მე-4 ადგილის მფლობელი ამერიკული Ford-ი კი მას პირველობაში ჯერჯერობით ვერ შეეცილება, ვინაიდან მისი მაჩვენებელი 2009 წელს მხოლოდ 4,75 მლნ ერთეულს შეადგენდა.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"