ავტორი:

"ჩემი შვილი ჭკუიდან გადავიდა, შეიშალა... მინდა დადგინდეს, რატომ ჰქონდა დანა ჩემი რძლის დას" - რას ამბობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

"ჩემი შვილი ჭკუიდან გადავიდა, შეიშალა... მინდა დადგინდეს, რატომ ჰქონდა დანა ჩემი რძლის დას" - რას ამბობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

გასული წლის 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როინ მებონიამ მეუღლე, სოფი კვარაცხელია არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით მოკლა.

ბრალდებულისთვის საბოლოო განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია. სასამართლო მსჯელობს, რა სახის სასჯელი განუსაზღვროს კაცს, რომელმაც საკუთარ შვილებს დედა თვალწინ მოუკლა.

ბრალდებულის დედა და ადვოკატი ამტკიცებენ, რომ მებონიას დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, მათი თქმით, განზრახვა ვერ იქნებოდა, რადგან დანა არა თავად, არამედ გარდაცვლილის დას ჰქონდა თან.

"დასკვნით, რომელიც საქმეში დევს და რომელსაც ჩვენ ბოლომდე არ ვეთანხმებით, დასტურდება, რომ მას ჰქონდა შეზღუდული შერაცხადობა და მებონია უნდა წავიდეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და არა ციხეში. მას ჰქონდა ბოდვითი აშლილობა, ეჩვენებოდა რაღაცები. მან ტრანსპორტში ამოსულ მამაკაცში წარმოიდგინა მისი მეუღლის მეგობარი მამაკაცი. რაც შეეხება დანას, ის ჰქონდა მის ცოლისდას ჩანთაში, ამოიღო ამ გოგომ და როინ მებონიამ გამოართვა. ამ დროს მებონია ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა." - აცხადებს ადვოკატი.

"ჩემი შვილი ჭკუიდან გადავიდა, შეიშალა და ვერ აკონტროლებდა თავის თავს. სახლიდან გავიდნენ და ნახევარ საათში მოხდა ეს ამბავი. მისი ცოლის დედა და და სახლში გვყავდა სტუმრად და წავიდნენ ერთად ბავშვების გასასეირნებლად. დანა რატომ ჰქონდა იმ გოგოს, ეს მინდა დადგინდეს. ამ დანამ დაგვღუპა", - აცხადებს როინ მებონიას დედა.

გარდაცვლილის დედა მოითხოვს, ყოფილ სიძეს მაქსიმალური სასჯელი შეუფარდონ.

"მოვითხოვ, რომ უკმაცრესად დაისაჯოს. ანუ, სამუდამო უნდა მისცენ იმ ადამიანს, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ძალიან ბევრ ადამიანზე. ჩემი შვილის შემდეგ, უკვე მე მგონი, 9 თუ 10 მკვლელობა მოხდა, ისევ და ისევ ქმრებისგან მოკლულ ცოლებზე მაქვს აქცენტი. მე ვიცი, რომ ჩემს შვილს ამით, რომ მას მიუსაჯონ სამუდამო თუ 20 წელი, არაფერი ეშველება, მაგრამ მე მინდა გავუფრთხილდე სხვისი შვილების სიცოცხლეს." - აცხადებდა გარდაცვლილი ქალის დედა რამდენიმე თვის წინ.

როინ მებონიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როინ მებონიას აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ასევე იხილეთ: