ამ ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც იტალიური "ნაპოლის" ფეხბურთელები - ვიქტორ ოსიმენით დაწყებული და ამირ რაჰმანით დასრულებული, დაბადების დღეს ქართულ ენაზე ულოცავდნენ შაკოს. აშკარად ჩანდა, რომ ამ საქმეში "ნაპოლის" მარცხენა გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ხელიც ერია... გადავწყვიტეთ გაგვერკვია, ვინ არის შაკო და რა აკავშირებს ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავთან. როგორც აღმოჩნდა, ის ქართული "ფეისბუქგვერდის" Napoli Georgia ადმინისტრატორი შაკო ჭიკაიძეა, რომლის იუმორის წყალობითაც ეს გვერდი გულშემატკივრებს უკვე დიდი ხანია გამორჩეულად უყვართ.

ამბობს, რომ მისი მრავალათასიანი "ფეისბუქგვერდიდან" ფულადი დაინტერესება არ აქვს, მისი მიზანი მხოლოდ საყვარელი გუნდით ხალხის დაინტერესებაა, მაგრამ ახლახან მეგობრებმა სიურპრიზი გაუკეთეს და შაკოს "ნაპოლის" ფეხბურთელებმა, ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით, დაბადების დღე მიულოცეს. როგორც უკვე გითხარით, ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. შაკო ამბობს, რომ ისეთი მოულოდნელი იყო, ემოციები სათანადოდ ვერ გამოხატა...

შაკო ჭიკაიძე:
- ბავშვობაში ფეხბურთს მეც ვთამაშობდი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. ჩემს ცხოვრებაში "ნაპოლი“ 2010-2011 წლებში გაჩნდა, მაგრამ იმ წლებში გუნდში ისეთი პოპულარული არავინ თამაშობდა, რომ საქართველოში დიდი ფან-კლუბი ჰყოლოდა. ჩემი ფეიჯი 2015 წელს შევქმენი, მაგრამ გაზიარებულ პოსტებს მაქსიმუმ ორი-სამი ლაიქი ჰქონდა. შემდეგ გადავწყვიტე იუმორი გამერია და სახუმარო პოსტებს ვწერდი ხოლმე. ერთ-ერთი ფეხბურთელი ამოვიჩემე და იმაზე ვხუმრობდი.
- ალბათ, ძალიან გაგიხარდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ქართველი კვარაცხელია იტალიაში თქვენს საყვარელ გუნდს შეუერთდებოდა...
- "ნაპოლი“ ამ სეზონის წინ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და "კვარას" პოზიცია თავისუფალი იყო. ვიცოდი, რომ ამ გუნდში თავის შესაძლებლობებს გამოავლენდა. სწორ გუნდში მოხვდა ხვიჩა. ამის შემდეგ არნახულად გაიზარდა ჩემი გვერდის აქტიურობა. მანამდე ფეიჯზე ფეხბურთელი მარიო რუი გვყავდა ამოჩემებული, ბევრს ვხუმრობდით ხოლმე, მაგრამ ახლა ცოტა დაგვავიწყდა, ყველა კვარაცხელიას ქომაგობს.

- შაკო ამხელა გვერდს უფასოდ უკეთებთ ადმინისტრირებას, შემოსავალი არ გაქვთ?
- დიახ, არანაირი ფინანსური სარგებელი არ მაქვს, არ ვთანამშრომლობ არცერთ ტოტალიზატორთან, ეს არ არის ჩემი შემოსავლის წყარო! ამისთვის მე ყოველდღიურად ვმუშაობ.
- ხვიჩას გაცნობა თუ მოახერხეთ?
- სამწუხაროდ ვერა, ამას თავისი ისტორია აქვს, რომელზეც დღემდე გული მწყდება. ხვიჩას უფროს ძმას კარგად ვიცნობ, ერთად ხშირად ვთამაშობთ ხოლმე ფეხბურთს. როდესაც გადაწყდა, რომ ხვიჩა "დინამო ბათუმიდან“ "ნაპოლში“ გადადიოდა, მეგობრებმა გადაწყვიტეს ჩემთვის სიურპრიზი გაეკეთებინათ და ხვიჩა ჩვენს მაღაზიაში ბუცების საყიდლად მოიყვანეს, მაგრამ მე არ დავხვდი, რადგან მაინცდამაინც იმ დღეს ვისვენებდი... ძალიან ცუდად მახსენდება ეს ამბავი. ამის შემდეგ ხვიჩას გაცნობის შანსი აღარ მქონია. აქამდე "ნაპოლის" არცერთ თამაშზე არ ვყოფილვარ.

- როგორც გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფანს, ტურისტული კომპანიებისგან არ გქონიათ შემოთავაზება? თან სოციალურ ქსელში მრავალათასიანი აუდიტორია გყავთ...
- თავიდან არ მქონია შემოთავაზება და ახლა სეზონის მიწურულს აღარ მინდა, რომ რომელიმე ტურისტულის წყალობით წავიდე ნეაპოლში და შემდეგ მადლობები ვიხადო. ახლა როცა მთელი საქართველო წაიყვანეს, მე აღარ წავალ. აი, როცა "ნაპოლი“ ჩემპიონობას იზეიმებს, იმ თამაშზე დასასწრებად ჩემი ხარჯით წავალ.
- ვიდეოზე მოგვიყევით, რომელშიც "ნაპოლის“ ფეხბურთელები დაბადების დღეს გილოცავენ.
- ჩემი თანამშრომლები და მეგობრები, რომლებმაც იციან ჩემი სიყვარული "ნაპოლისადმი", ხვიჩასთან კონტაქტზე გავიდნენ და სთხოვეს ჩაეწერა ამგვარი ვიდეო. ეს ბოლო, "კრემონეზესთან" მოგებული მატჩის შემდეგ არის გადაღებული. რაც შეეხება ჩემ ემოციებს, ვიდეოში რაც ჩანს, სრულყოფილად არ ასახავს იმას, რასაც განვიცდიდი... გაოგნებული ვიყავი და ვერ გამოვხატე ემოციები.... ასეთი რაღაც ხშირად არ ხდება...

- შაკო, ალბათ ნაპოლის გულშემატკივრები ხშირად გიგზავნიან ექსკლუზიურ ფოტო და ვიდეო მასალას მოედნიდან.
- სხვათა შორის, მარადონა რომ გარდაიცვალა, მაშინ მართლა ბევრი მიგზავნიდა ექსკლუზიურ ფოტოებს გასვენებიდან. რაც შეეხება ხვიჩას გუნდში გადასვლას, ამის შემდეგ რამდენიმე პირადი გვერდი და ფან-კლუბი შეიქმნა ხვიჩას სახელობის. მე ვარ "ნაპოლის“ გულშემატკივარი და იმათ საქმეში არ ვერევი. მე ჩემ საქმეს ვაკეთებ. ფეხბურთი ისეთი რამეა, ხვალ შეიძლება ხვიჩა "რეალში“ გადავიდეს, მის ფანებს გაუხარდებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემ "ნაპოლის“ ყველა დაივიწყებს...
აქვე გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს მინიფეხბურთის გუნდი, სადაც რამდენიმე ადამიანი ვართ გაერთიანებული და ტურნირებში ოფიციალურად ვმონაწილეობთ "ნაპოლი ჯორჯიას“ სახელით.

იხილეთ ასევე: