ავტორი:

"არაბეთის ფილა მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას" - რა ტექტონიკურმა მოვლენებმა განაპირობა თურქეთში ძლიერი მიწისძვრები და რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?

"არაბეთის ფილა მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას" - რა ტექტონიკურმა მოვლენებმა განაპირობა თურქეთში ძლიერი მიწისძვრები და რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?

6 თებერვალს, გვიან ღამით, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლსა და ზარალს, მსოფლიო დღემდე ითვლის. ბოლო მონაცემებით, ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დანგრეულია 7 ათასამდე შენობა, გარდაცვლილია 41 ათასზე მეტი ადამიანი.

ოფიციალური მონაცემებით, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 6000-ზე მეტი ბიძგი განმეორდა, მაგრამ 21 თებერვალს სამხრეთ თურქეთში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ ცოტა, 3 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თურქეთსა და სირიაში 680-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქედან 213 - მდე თურქეთში, 470 -ზე მეტი კი - სირიაში.

სპეციალისტების თქმით, თურქეთი მდებარეობს ალპურ-ჰიმალაის სეისმურ სარტყელში, რომელიც ევროპიდან ინდონეზიამდე აღწევს. მთელი ეს სეისმური აქტივობა თურქეთში კი უკავშირდება ლითოსფეროს არაბეთის ფილის მოძრაობას ჩრდილოეთით წელიწადში დაახლოებით 2,5 სანტიმეტრი სიჩქარით.

სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელახალი ბიძგები შესაძლოა, წლები გაგრძელდეს, მაგრამ, საბედნიეროდ, მაგნიტუდა მოიკლებს და მოსახლეობისთვის ნაკლებად საშიში გახდება...

- გუშინდელი მიწისძვრა ჩვეულებრივი ამბავია, რადგან 6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ბიძგების მთელი შლეიფი მოჰყვება. შეგახსენებთ, რომ პირველი ძლიერი მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო, გუშინდელი 6.4 ესეც საკმაოდ ძლიერი მიწისძვრაა, მაგრამ პირველთან შედარებით სუსტია. პირველი მიწისძვრა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევამ გამოიწვია, რის გასწვრივაც, ორივე მხარეს გაგრძელდა ბიძგები. ოღონდ როგორც ხედავთ, თანდათან მოიკლო რაოდენობამაც და ინტენსივობამაც. ეს ბიძგები ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება რამდენიმე წელიც. ოღონდ ნელ-ნელა მოიკლებს და საბოლოოდ მოსახლეობა ვეღარ იგრძნობს და მხოლოდ აპარატურა ჩაიწერს.

- ამ მოკლე პერიოდში ისეთივე სიძლიერის მიწისძვრა კიდევ არის მოსალოდნელი?

- ამას ვერ განსაზღვრავ, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია. პროცესი ისე მიდის, რომ თანდათან მცირდება სიძლიერეც და ბიძგების რაოდენობაც.

- თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, საქართველოშიც რამდენიმეჯერ დაფიქსირდა ბიძგები, რამდენად კავშირშია ერთმანეთთან?

- არა, საქართველოში ყოველდღე ფიქსირდება მიწისძვრები. უმეტესობას ვერც გრძნობს მოსახლეობა და აპარატი იწერს. გუშინაც მოხდა ონთან მიწისძვრა, ჯავახეთის ქედზეც ხდება, გურიაშიც. ეს ჩვეულებრივი ამბავია, არაფერია განსაკუთრებული...

- საქართველო თუ არის სეისმურად აქტიურ რადიუსზე, რომელზეც თურქეთში განმეორებითი ბიძგები მიმდინარეობს.

- ზოგადად, ეს ფილები დიდი ხანია მოძრაობს და კიდევ გააგრძელებს მოძრაობას. არაბეთის ფილის მოძრაობა და შემდეგ შეჯახება ევრაზიის ფილასთან იწვევს ამ ყველაფერს, როგორც თურქეთში, ასევე ჩვენთან. ოღონდ მოძრაობა თურქეთში უფრო ინტენსიურია. რაც უფრო ჩრდილოეთით მოვდივართ, ნელ-ნელა მცირდება. ჯერ აჭარა-მთიანეთის ქედი, მერე მცირე კავკასიონი, დიდი კავკასიონი, მისი მოძრაობა პირდაპირ კავკასიონზე ვერ გადმოდის.

- საქართველოში სეისმურად აქტიური კუთხეები რომელია?

- კავკასიონის ნაწილი, ჯავახეთი, მაგრამ ეს ტერიტორიები მეჩხერად ან საერთოდ დაუსახლებელი ადგილებია. ნაკლებად სეისმურია თბილისი, მაგრამ მაინც საშიშია, იმიტომ, რომ დედაქალაქში საშუალო მიწისძვრასაც შეუძლია ნგრევა გამოიწიოს. დიდი მსხვერპლი ყოველთვის დიდ ქალაქებშია, რასაც განაპირობებს მრავალსართულიანი სახლები და მოსახლეობის მჭიდროდ დასახლება.

- ბოლო წლებში, კახეთში არ მახსენდება მიწისძვრა...

- ისტორიაში აღწერილია კახეთის მიწისძვრები, რამაც ალავერდის ტაძარი ორჯერ დააზიანა. საერთოდ კი, ძალიან ძლიერი მიწისძვრა არ ყოფილა მეოცე საუკუნეში, საბედნიეროდ.

იხილეთ ასევე: