რა აჩენს ნაღვლის ბუშტში კენჭებს

რა აჩენს ნაღვლის ბუშტში კენჭებს

მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილი შესაძლოა, ნაღვლის ბუშტში დაგროვილი კენჭების ბრალი იყოს. ნაღველკენჭოვანი დაავადება კი უმნიშვნელო პრობლემა არ არის. გვესაუბრება ექიმი თერაპევტი ია ჯავახიშვილი:

- ნაღველკენჭოვანი დაავადება, მედიცინის ენაზე - ქოლელითიაზი, უსიმპტომოდ თითქმის არასდროს მიმდინარეობს. წესისამებრ, იგი იწყება ნაღვლის კოლიკას ან მწვავე ქოლეცისტიტის ტიპური შეტევებით.

ნაღველკენჭოვანი დაავადება, როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, განპირობებულია ნაღვლის ბუშტში (ან ნაღვლის საერთო სადინარში) კენჭის წარმოქმნით და, სხვათა შორის, ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში: 40 წლის შემდეგ კენჭები აღენიშნება ასიდან 32 ქალს და 16 მამაკაცს.

- რა უწყობს ხელს ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარებას?

- ქოლესტერინისა და ზოგიერთი მარილის ცვლის დარღვევა, ნაღვლის გამომყოფი გზების ინფექცია, ბუშტიდან ნაღვლის დენის დარღვევა (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება), მემკვიდრეობითი განწყობა, ჭარბი წონა, არასწორი დიეტა.

კენჭები შედგება ქოლესტერინისგან, ბილირუბინისა და კალციუმის მარილებისგან.

ქოლესტერინული ქვების წარმოქმნა უმთავრესად ნაღველში ამ ნივთიერების მოჭარბებული შემცველობით ან ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბებით არის განპირობებული. როდესაც ნაღველი ბუშტში ყოვნდება, მისი კომპონენტები (მაგალითად, ქოლესტეროლი) კონცენტრირდება, ილექება და კრისტალებს წარმოქმნის. სწორედ ასეთი ცვლილებები (ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა, ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება) შეინიშნება ჭარბი წონის შემთხვევაში.

ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენა ემუქრება მათაც, ვინც ხშირად მიმართავს დიეტას. თვითნებურად არჩეული მკაცრი დიეტისას ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად ირღვევა, რაც ქვებს წარმოქმნის. ფრთხილად უნდა იყოს ის, ვინც ცხიმიან კერძებს ამჯობინებს და იშვიათად მიირთმევს მცენარეული უჯრედისის შემცველ საკვებს.

- ზემოთ მემკვიდრეობითი განწყობა ახსენეთ...

- დიახ, ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ჰორმონულ ცვლილებებსაც, უპირველეს ყოვლისა - ესტროგენის დონის მომატებას, რაც ორსულობის, ჰორმონული თერაპიისა და ზოგიერთი კონტრაცეპტივის გამოყენებისას ხდება. ქვების წარმოქმნა ემუქრება მათაც, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, მუკოვისციდოზი, სანაღვლე გზების დისკინეზია ან ზოგიერთი სხვა დაავადება აქვს.

- როგორია ამ დაავადების კლინიკური სურათი?

- ყველაზე ტიპურია ნაღვლის კოლიკა. ამ დროს ვითარდება ტკივილი, ხშირად - ძალიან ძლიერი, მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში; გადაეცემა მარცხენა მხარში ან ბეჭში. ტკივილი შესაძლოა აღმოცენდეს ჭამიდან (უმეტესად - ცხიმიანი საკვების მიღებიდან) 2-3 საათის შემდეგ, ასევე - ხანგრძლივი სიარულის შედეგად. ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს გულისრევა და ღებინება.

თუ შეტევა კენჭის დაძვრისა და მისი გაჭედვის შედეგად განვითარდა, ტკივილს დაერთვის სიყვითლე და ტემპერატურის მომატება, ცვლილებები სისხლში. ისიც უნდა ითქვას, რომ ტკივილი ყოველთვის არ არის ძლიერი. ამრიგად, თუ გაწუხებთ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ან ჭიპთან, შეამჩნიეთ კანისა და სკლერების სიყვითლე, მუქი შარდი, აგიწიათ ტემპერატურამ და გამცივნებთ,. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ნაღველკენჭოვანი დაავადება შეიძლება გართულდეს მწვავე ქოლეცისტიტით, მექანიკური სიყვითლით, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვითარდება ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის გაჭედვის გამო და ხშირად ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.

ახლა, რაც შეეხება მკურნალობას. თუ მდგომარეობა მძიმე არ არის, ადამიანი შინ მკურნალობს: იღებს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტს, იცავს დიეტას. შესაძლოა, ქვების დამშლელი მედიკამენტიც დაენიშნოს. თუმცა ნაღველკენჭოვან დაავადებას, უმთავრესად, მაინც ოპერაციული გზით მკურნალობენ. ქირურგიული ჩარევის გარეშე მკურნალობა შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც ნაღვლის ბუშტში არის ნალექი, წვრილი კრისტალების ჯგუფი ან წმინდა ქოლესტერინული, ანუ რბილი ქვა.

ექიმი გვირჩევს

ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს აუცილებელია დიეტა, რომელშიც მინიმუმამდეა დაყვანილი ცხიმის, ორგანიზმისთვის მავნე ქოლესტერინის შემცველობა. მაგალითად, ნებადართულია კარგად გამომშრალი თეთრი პური, ბოსტნეულისა და ბურღულის წვნიანი, საქონლის, ფრინველის მჭლე ხორცი, მჭლე თევზი, ბოსტნეული, კენკრა, რძის ნაწარმი - მხოლოდ დაბალცხიმიანი.

აკრძალულია ახალი პური, მსუყე ნამცხვრები, ცხიმიანი ხორცი, შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტი, ნიორი, მწნილები, ნალექიანი ყავა.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია ლიბიდოს დაქვეითებაზე

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ორსულობის დროს დეპრესია, ბავშვში აუტიზმის განვითარებას უწყობს ხელს