ავტორი:

"კვარას" ულამაზესი საგოლე პასი ქუსლით, გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი და საუკეთესო ასისტენტი ჩემპიონთა ლიგაში, მესისთან ერთად - ხვიჩას და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება

"კვარას" ულამაზესი საგოლე პასი ქუსლით, გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი და საუკეთესო ასისტენტი ჩემპიონთა ლიგაში, მესისთან ერთად - ხვიჩას და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი ფრანკფურტში "აინტრახტთან" გამართა და ანგარიშით 0:2 გაიმარჯვა.

იტალიურმა გუნდმა, რომელიც სერია ა-ს უპირობო ლიდერია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც, შეიძლება ითქვას, რომ გაიბრწყინა და გასაოცარი თამაში აჩვენა ბრიტანული "ლივერპულისა" თუ ჰოლანდიური "აიაქსის" განადგურებით. შეგახსნებთ, გუნდმა 15 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მატჩის წინ ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ამბობდა, რომ მეტოქეს ევროტურნირებზე პლეი-ოფებში თამაშის მეტი გამოცდილება ჰქონდა, - გუნდებს მეოთხედფინალში გასვლის თანაბარი შანსები აქვთო, - განაცხადა სპალეტიმ და დასძინა: "ოსიმენი და კვარაცხელია - ორივე ნიჭიერია, აქვთ ტალანტი, ფანტაზია და თამაშის მაღალი ხარისხი, რათა მსოფლიო ფეხბურთს შეტყობინება გაუგზავნონ... ამასთანავე, ისინი ახალგაზრდები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ შეხვედრაში საქმისადმი სწორი მიდგომა ექნებათ..."

ის არ შემცდარა...

ფრანკფურტული გუნდის ნახევარმცველი მარიო გიოტცეც მართალი იყო, როდესაც მატჩის წინ ამბობდა, - კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებსო...

პირველ ტაიმში დიდწილად "ნაპოლი" ფლობდა ბურთს, თუმცა დაცვაში ჩამდგარი "აინტრახტის" კართან ბევრი სახიფათო მომენტი არ შექმნილა. ნეაპოლიტანელთა უპირატესობა საბოლოოდ შედეგში მაინც აისახა, ჯერ ოსიმენის შეუდარებელი თამაშის შემდეგ "ნაპოლიმ" პენალტი მოიპოვა, თუმცა 36-ე წუთზე კვარაცხელიას დარტყმული მეკარემ აიღო, მაგრამ მალევე, მე-40 წუთზე ლოსანოს ზუსტი პასის შემდეგ ოსიმენმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხა.

მეორე ტაიმიც "ნაპოლის" უპირატესობით დაიწყო, 58-ე წუთზე "აინტრახტი" 10 კაცით დარჩა, ზამბო ანგისას წინააღმდეგ გერმანელთა ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხურთელმა კოლო მუანმა ისე იუხეშა, რომ ის მსაჯმა მომენტალურად გააძევა მოედნიდან.

65 - ე წუთზე თამაში ჩვენებურსაც წაუვიდა - ქუსლით ეფექტურად მიწოდებული პასი დი ლორენცომ გოლად აქცია და "ნაპოლი" 2 ბურთით დაწინაურდა.

ამ პასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაეწია მესის და ქართველი ჩემპიონტთა ლიგის საუკეთესო ასისტენტია 4 საგოლე პასით.

ამ გამარჯვებით "ნაპოლიმ" დიდი ნაბიჯი გადადგა ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშისკენ.

მერვედფინალის განმეორებითი მატჩი ნეაპოლში 16 მარტს გაიმართება.

იხილეთ ასევე: