ავტორი:

"შესაძლოა, თქვენ გაგიყვანოთ მოედანზე სრულიად შიშველი" - ვინ არის "ნაპოლის" გიჟური გამონათქვამებით ცნობილი მფლობელი, რომელიც კინოინდუსტრიისა და ფეხბურთის მაგნატია?

"შესაძლოა, თქვენ გაგიყვანოთ მოედანზე სრულიად შიშველი" - ვინ არის  "ნაპოლის" გიჟური გამონათქვამებით ცნობილი მფლობელი, რომელიც კინოინდუსტრიისა და ფეხბურთის მაგნატია?

საქართველოში აურელიო დე ლაურენტისის სახელი დიდწილად ქართველი მარცხენა გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" წარმატებული ტრანსფერის შემდეგ გავიგეთ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ნეაპოლური გუნდის მფლობელი ევროპულ ფეხბურთში ყველაზე ეპატაჟური ფიგურაა.

დე ლაურენტისმა იტალიური კლუბი 2004 წელს სულ რაღაც 35 მილიონ ევროდ შეიძინა და რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ გუნდად აქცია.

დღეს "ნაპოლი“ Seria A-ს სათავეშია და მეორე ადგილოსან მილანის "ინტერს“ 18 ქულით უსწრებს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აურელიო არა მხოლოდ ფეხბურთის წარმატებული მენეჯერია, არამედ ის კინოსამყაროს გიგანტიც არის.

ის ლუიჯი დე ლაურენტისის შვილია, რომელმაც FilmAuro-ს იმპერია დააარსა. "ნაპოლის“ მფლობელი კინოინდუსტრიის მიღმა უშუალოდ რომის კინოთეატრების ქსელის მფლობელია, ასევე Conifindustria-ის (იტალიის მრეწველობის კონფედერაცია) ცხრა პრეზიდენტიდან ერთ-ერთია. მასში 150 000-ზე მეტი იტალიური კომპანია შედის, მათ შორის ფართოდ არიან წარმოდგენილი ბანკებსა და სახელმწიფო საწარმო სექტორში. მთლიანობაში კი 5 მილიონ ადამიანზე მეტი ჰყავთ დასაქმებული.

მფლობელი მიუხედავად სოლიდური სტატუსისა, იმდენად ეპატაჟურია, რომ ზოგს გიჟიც ჰგონია. აურელიო პირდაპირი ადამიანი, კარგი იუმორის მქონე კაცია, რომელიც ზუსტად იმას ამბობს, რასაც გაიფიქრებს.

პერიოდულად დე ლაურენტისს დაპირისპირება აქვს კლუბის ფანებთანაც. 2018 წელს ფანები "ნაპოლის“ ჩემპიონობაზე ოცნებობდნენ და პრეზიდენტს სთხოვდნენ, რომ ამისთვის ყველა საჭირო რესურსი გამოეყენებინა. დე ლაუმ გულშემატკივრებს უპასუხა, რომ მათი სურვილიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება ტურინის "იუვენტუსისთვის“ ეგულშემატკივრათ. გაბრაზებულმა ტიფოზებმა პრეზიდენტი სიძუნწეში დაადანაშაულეს.

"ფანებს სურთ, რომ მილიონები ტრანსფერებზე დავხარჯო, თვითონ კი არაორიგინალ მაისურებს ყიდულობენ“, - აურელიომ სიძუნწე აქეთ გულშემატკივრებს გადმოაბრალა.

ესეკიელ ლავესის პსჟ-ში გადასვლის ჭორებზე ერთხელ ჟურნალისტმა ტიტტი იმპორტამ პრეზიდენტს ჰკითხა, რა სტრატეგია ექნებოდა კლუბს თუ ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელს გაუშვებდა.

"რა სტრატეგია ექნება "ნაპოლის“ თუ ლავესი წავა? არ ვიცი, შესაძლოა, თქვენ გაგიყვანოთ მოედანზე სრულიად შიშველი", - უპასუხა აურელიომ.

მიუხედავად იმისა, რომ მფლობელი ლავესის აგენტს ალეხანდრო მაცცონის დაემუქრა, - თუ მაცცონი სისულელეს გააკეთებს, მე მას კვერცებს ავახევო, ლავესსი პსჟ-ში მაინც გადავიდა.

2008 წელს "ნაპოლიმ“ "ლაციოსთან“ 2:2 ითამაშა. გაბრაზებული აურელიო იმჟამინდელ მწვრთნელ ედუარდო რეიეას გასახდელში შეუვარდა.

"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ახლა არ გცემ, ის არის, რომ შენ ამისთვის ძალიან მოხუცი ხარ“, - განუცხადა მფლობელმა მწვრთნელს, რომელიც მასზე 2 წლით უმცროსი იყო და დაემუქრა, - დაუყოვნებლივ გაგაგდებ კლუბიდანო, თუმცა საბოლოოდ არც სცემა და არც გააგდო.

"მესი კრეტინია! რატომ წავიდა ნაკრებში? მესი რომ ვიყო, ვიტყოდი, - არ წავალ ამ იდიოტ გუნდელებთან ერთად, მათ ვერ გაიგეს, როგორ უნდა შეთამაშდნენ ჩემთან", - ასე შეაფასა "ნაპოლის" ბოსმა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება.

მესი ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, ვისაც აურელიო ცუდად მოიხსენიებს. რა თქმა უნდა, გონსალო იგუაინს არასდროს პატიობდა, რომ "ნაპოლიდან“ "იუვენტუსში“ გადავიდა, ასევე ანდრეა პირლოსაც.

პირლომ, როდესაც ტურინის "იუვენტუსის“ მწვრთნელი იყო, განაცხადა, სასამართლომ "ნაპოლის“ აპელაცია, რომ დააკმაყოფილა, სხვა კლუბებისთვის ვინც მსგავს ან უარეს სიტუაციაში ყოფილა, უსამართლობააო.

"პირლო პროფესიით“ იურისტი არ არის. მას მე იდიოტსაც ვერ ვუწოდებ. ეს ძალიან მარტივი იქნებოდა. ამას არ გავაკეთებ", - განაცხადა ბოსმა.

როდესაც "პრემიერ ლიგის" გუნდები ჰამშიკით და ლავესით დაინტერესდნენ, პრეზიდენტმა განაცხადა:

"თუ მათ უნდა ინგლისში წასვლა, რაღაცები წინასწარ უნდა იცოდნენ: ინგლისელები ცუდად ცხოვრობენ, საშინლად იკვებებიან და მათი ქალები ინტიმურ ადგილებს არ იბანენ".

თუმცა მისი 2011 წლის სიტყვით გამოსვლა ნამდვილად გამორჩეული იყო. სერია A-ს თასის კენჭისყრის შემდეგ, გაირკვა, რომ მესამე ტურში "ნაპოლი“ "მილანს“ შეხვდებოდა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი უნდა ჩაეტარებინათ. მფლობელი შედარებით იოლ მატჩს ელოდა და კენჭისყრის შედეგმა გააცეცხლა:

"მორჩა! ფეხბურთს ვასრულებ. თქვენ ყველა - ერთი დიდი, საერთო ნეხვი ხართ. კინოინდუსტრიაში ვბრუნდები. სამარცხვინოები ხართ, ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ. მრცხვენია, რომ იტალიელი ვარ“.

თუმცა როგორც მიხვდებოდით, ფეთქებადმა აურელიომ არ დატოვა ფეხბურთი. ის დღემდე "ნაპოლის“ პრეზიდენტია და მისი კლუბი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე