რუსთავის მე-2 საპატიმროში პატიმარმა ყური მოიჭრა და შეჭამა

რუსთავის მე-2 საპატიმროში პატიმარმა ყური მოიჭრა და შეჭამა

რუსთავის მე-2 საპატიმრო დაწესებულებაში პატიმარმა ტარიელ საყვარელიძემ ყური მოიჭრა და შეჭამა. საყვარელიძის ადვოკატის თქმით, "ამ ნაბიჯამდე პატიმარი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩენილმა უყურადღებობამ და მძიმე სულიერმა მდგომარეობამ მიიყვანა".

შეგახსენებთ, რომ საყვარელიძის მიმართ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ღირსების შემლახველ მოპყრობაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პატიმრობაში მყოფი ვაჟი ცოტნე გამსახურდიაც საუბრობდა და პატიმრის წამების შეწყვეტის მოთხოვნით შიმშილობდა.

ვლადიმერ ტაბაღუა, ტარიელ საყვარელიძის ადვოკატი:

- ტარიელ საყვარელიძე არის სულიერად დაავადებული პიროვნება, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 2008 წლის თებერვალში სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეურაცხადად ცნეს. ამ კაცს ადამიანის მკვლელობისთვის მისჯილი აქვს 30 წელი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, განაჩენში ჩაწერილია, რომ მან განკურნებამდე სასჯელი უნდა მოიხადოს მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში, განკურნების შემდეგ კი ჩვეულებრივ დაწესებულებაში.

2009 წლის ივლისში ჩავატარეთ ალტერნატიული ექსპერტიზა, ვინაიდან მას უგრძელდებოდა ფსიქოზური აშლილობა, ჰქონდა ბოდვები და ყველა ის ნიშანი, რაც დამახასიათებელია სულიერად დაავადებული ადამიანისთვის. იგი სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში.

2008 წლის აპრილიდან-დეკემბრამდე საყვარელიძეს რამდენჯერმე სასტიკად სცემეს და აწამეს. ფაქტზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ დადგინდა, რომ იგი არავის უცემია და თვითონ მიიყენა დაზიანებები. შემდგომ საყვარელიძე  გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაიყვანეს და მას უკანონოდ შეუწყვიტეს მკურნალობა. საყვარელიძეს ავტოავარიის შედეგად ტვინი დაუზიანდა.

ამ ავარიაში მისი მეგობარი დაიღუპა და ემოციის ფონზე დროთა განმავლობაში ფსიქოზი განუვითარდა. მას შემდეგ მან ჩაიდინა მკვლელობა - მეგობრის მამა მოკლა და ფსიქიკურად შეიშალა. როგორც გაირკვა, სამკურნალო დაწესებულების უფროსს, გოგა ბუთლიაშვილს ვიღაცისგან მითითებული ჰქონდა საყვარელიძის ცემა-წამება, ამის შესახებ არის გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ვაცნობე პროკურატურას, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყეს და მხარს უჭერენ ბუთლიაშვილსა და შოთა თოლორდავას - რუსთავის მეორე დაწესებულების დირექტორს, რომელმაც ასევე აწამა საყვარელიძე.

საყვარელიძეს დაზარალებული მხარის შეკვეთით უსწორდებიან. საყვარელიძე გადაიყვანეს რუსთავის მე-6 საპყრობილეში, სადაც მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, რომ როდესაც ბაჩო ახალაიას მივაწოდე ინფორმაცია, მან პატიმარი მეორე დღესვე სამკურნალო დაწესებულებაში დააბრუნა. ბუთლიაშვილმა აიძულა ექიმები, დაეწერათ, რომ საყვარელიძე ჯანმრთელი იყო, რათა გაეწერათ და 2009 წლის ივლისში იგი მე-8 საპყრობილეში შეასახლეს. მას შემდეგ, რაც ავაწრიალე ყველა ინსტანცია, ამა წლის თებერვალში იგი სამკურნალო დაწესებულებაში დააბრუნეს.

2010 წლის აპრილში ცოტნე გამსახურდიამ თავისი ადვოკატის მეშვეობით გაახმაურა გოგა ბუთლიაშვილის მიერ საყვარელიძის სასტიკად წამების ფაქტი. ამის შემდეგ იგი სამკურნალო დაწესებულებიდან კვლავ ციხეში დააბრუნეს და იძულებით დააწერინეს, თითქოსდა, თავისი სურვილით მოითხოვა საავადმყოფოდან გაწერა. ეს იმისათვის სჭირდებოდათ, რომ დანაშაული დაეფარათ. ამ ამბის გახმაურების შემდეგ ტარიელ საყვარელიძე ეკა ხერხეულიძემ და ბიძინა გუჯაბიძემ მოინახულეს. საყვარელიძემ უთხრა მათ, - მე აქ მკლავენო. ხერხეულიძემ აღუთქვა, მეტს აღარ გცემენ და სამკურნალო დაწესებულებაში დაგაბრუნებენო.

ამ შეხვედრის შემდეგ საყვარელიძე გაგზავნეს რუსთავის მე-2 დაწესებულების სანიტარიულ ნაწილში, ვინაიდან, ჯანმრთელ პატიმრებთან მისი ყოფნა სახიფათო იყო. 11 ივნისს დაწესებულების დირექტორმა შოთა თოლორდავამ თავის ამფსონებთან ერთად საყვარელიძე სასტიკად სცემა, შემდეგ წაიყვანეს აბანოში, მიასხეს ცივი წყალი, შეაგდეს კარცერში და მიუგდეს სამართებელი და უთხრეს, ახლა თუ გინდა, თავი მოიკალი და სურათს გადაგიღებთო. 14 ივლისს შევედი მასთან და ვერ ვიცანი, ისე იყო დასახიჩრებული...

- ამჟამად სად იმყოფება მსჯავრდადებული საყვარელიძე?

- ეს ადამიანი რომ ფსიქიკურად დაავადებულია, არსებობს ექსპერტიზის 4 დასკვნა, მათ შორის სამი - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსი, ერთი კი - "ემპატიის". სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კანონის დარღვევით ჩაატარა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მათ უნდოდათ, ექსპერტს დაეწერა, რომ საყვარელიძე იყო სრულიად ჯანმრთელი და თვითდაზიანებებისთვის იგი პასუხისგებაში მიეცათ. ექსპერტმა ეს ვერ გაბედა, თუმცა მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში მაინც ვერ მოხერხდა, არც წამალს აძლევდნენ და ასეთ მდგომარეობაში სულ შეიშალა.

- ყური როდის და რა ვითარებაში ჩამოიჭრა?

- ნოემბრის შუა რიცხვებში საყვარელიძემ მარცხენა ყური ჩამოიჭრა და შეჭამა, მაგრამ როგორ და რა პირობებში მოხდა ეს, გაურკვეველია. მას 5 დღეს ისევ მალავდნენ და არ გადაჰყავდათ საავადმყოფოში. როცა საყვარელიძის სანახავად მივედი და  შეხვეული ვნახე, მითხრა, ვიღაცამ ჩამომაჭრა და მერე მე შევჭამეო. ამ ადამიანის ნალაპარაკებიდან აზრის გამოტანა რთულია. დასადგენია, მართლა სხვამ ჩამოათალა ყური, თუ თვითონ. ამჟამად იგი სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

- თუ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, როგორ მოხვდა მის ხელში ბასრი იარაღი?

- საქმე აღძრულია, მაგრამ ისინი დაწერენ, თვითონ დაიზიანა სხეულიო. მათ ვუთხარი, მე რომ შევდივარ დაწესებულებაში, მჩხრეკენ და საყვარელიძის ხელში როგორ მოხვდა მჭრელი იარაღი-მეთქი. საყვარელიძეს იმიტომ აძლევენ ასეთ საგნებს, რომ მისი ლიკვიდაციით არიან დაინტერესებულნი, მეორეც, ამით უნდათ დაფარონ ციხის მოხელეების, დეპარტამენტის ჩინოსნების დანაშაული. ამ საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას ვაპირებ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ