დიმიტრი შაშკინის განცხადებით, შესაძლოა, 173-ე საჯარო სკოლის დირექტორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
განცხადება ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, გენინსპექციის თანამშრომლები 173-ე საჯარო სკოლაში უკვე შევიდნენ.
"გენინსპექცია დილიდან უკვე არის შესული სკოლაში, სწავლობს სიტუაციას და მათ დასჭირდებათ დაახლოებით 2-3 კვირა იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანონ საქმე და გამოაქვეყნონ დასკვნა. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ კონკრეტულ დარღვევებზე, შეიცავს თუ არა ეს დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაულს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ეს დარღვევები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადმინისტრაციის წევრები თანამდებობიდან გათავისუფლებულიყვნენ. ახლა კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გამოვავლინოთ სისხლის სამართლებრივი დარღვევები", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2 დეკემბერს სასწავლო პროცესი ჩაშალეს და გაკვეთილებს არ დაესწრნენ. მათ ამ ფორმით სკოლის დირექტორის მზია გიორგობიანისა და ექვსი პედაგოგის თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტეს.