ავტორი:

"საერთოდ არ მომწონს ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიდის... ამიტომაც წავედი პოლიტიკიდან" - ნანობს თუ არა "ოცნების" წევრობას აკაკი ზოიძე, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკა?

"საერთოდ არ მომწონს ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიდის... ამიტომაც წავედი პოლიტიკიდან" - ნანობს თუ არა "ოცნების" წევრობას აკაკი ზოიძე, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკა?

როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრებმა ე.წ. "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების შესახებ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.

"ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და იწვევს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას და მათ წარმოაჩენს როგორც მტრულ ძალებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მსგავსი შედეგები მსოფლიომ უკვე იხილა რუსეთის მაგალითზე.

განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ კანონპროექტების განხილვა საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის მიუღებლობის, და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე.

უარყოფით სოციალურ გავლენასთან და ქვეყნის საგარეო რეპუტაციის შეუქცევად დაზიანებასთან ერთად, კანონპროექტების განხილვა ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, იწვევს ქართულ საზოგადოებაში არასაჭირო ვნებათაღელვას და უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა და შეუდგეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების ღია და ჩართულობითი პროცესით განხორციელებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

  • განცხადების ხელმომწერთა შორისაა "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი აკაკი ზოიძეც, რომელიც ამბები.გე-ს აღნიშნული კანონპროექტის საფრთხეებზე ესაუბრა:

"ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი არ ემსახურება გაერთიანებას, ევროინტეგრაციას, ამ ქვეყანაში თუნდაც პოლარიზაციის შემცირებას, პოლიტიკური პროცესების ჰარმონიზაციას და ჩვენი შვილების მომავალს. თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი და ეს არის ძირითადი არგუმენტი ამ კანონის მისაღებად, ამ გამჭვირვალობის მისაღწევად, შეიძლებოდა სხვა გზების გამონახვა ისეთი იარლიყების მიწებების გარეშე, როგორიცაა "უცხო ქვეყნის აგენტი" და "ზეგავლენის აგენტი“. ამ სიტყვათა წყობას ძალიან ცნობილი კონოტაცია აქვს ჩვენს საზოგადოებაში და შესაბამისად, ამ სიტყვათა წყობის მიმართ აღქმაც შეთქმულების თეორიისა და სიძულვილის გაღვივების მიზნით გამოყენებული იქნება. რომ დაინახო, ვინ საიდან და როგორ ფინანსდება, ეს შეიძლება აბსოლუტურად სხვა მეთოდებით გაკეთდეს, მაგ. როგორც საწარმოებზეა გაკეთებული - ნებისმიერ ეკონომიკურ სუბიექტს ვალდებულება აქვს, რომ გამოაქვეყნოს თავისი ფინანსური ანგარიშები საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ კანონის მიხედვით, შეგიძლია იგივე მოითხოვო გრანტის კანონის მიხედვით, თუნდაც ერთ საიტზე გამოაქვეყნოს ყველა არასამთავრობომ ანგარიშები. ამის გაკეთება შეიძლება ყოველგვარი ასეთი ტიპის იარლიყების შემცველი სახელების და იმ კანონის გარეშე, რომელზეც ყველა გეუბნება, რომ მისი მიღება არ არის სასურველი.

  • მაინც მგონია, რომ ჩემს კოლეგებს კეთილგონიერება ეყოფათ, შეიძლება კანონი პირველი მოსმენით მიიღონ და შემდგომი ამას მსვლელობა აღარ მისცენ. ძალიან დასანანი იქნება, რომ ასეთი ეფემერული მიზნების გამო მიიღონ ეს კანონი, რომელიც შეაფერხებს ჩვენს ევროინტეგრაციას და ჩვენი შვილების ბედს განსაზღვრავს.

ძალიან არ მინდა წარმოვიდგინო, რომ აქ მოვლენები რუსული სცენარით განვითარდეს და შემდგომში ეს დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი სიტყვის და დემოკრატიული პროცესის შეზღუდვის მიზნით იქნას გამოყენებული, როგორც ეს რუსეთში მოხდა. თავიდან იქაც მიიღეს ეს კანონი ვითომ რეგისტრაციის მიზნით და შემდგომ სხვა ნაბიჯები გადაიდგა - ჯერ აგენტთა რეესტრი გამოქვეყნდა და მერე დაიწყო როგორც სამართლებრივი დევნა, ასევე ის პროპაგანდის მიზნით და შეთქმულების გასავრცელებლად იქნა გამოყენებული. ეს ის თემაა, აი, თქვენ რომ უცხოური გრანტებით ფინანსდებით და მოითხოვთ ხელისუფლების შეცვლას, ამ შემთხვევაში ჩვენ გამხელთ. რაღაც ასეთი ტიპის მოვლენასთან გვაქვს საქმე. საერთოდ არ მომწონს ის პროცესები, რაც ამ ქვეყანაში მიდის, რაც ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში გამოიხატება, ამიტომაც წავედი პოლიტიკიდან. ვიცოდი ასე იქნებოდა და სულ არ მაქვს სურვილი, თავიდან ჩავერთო ამ პროცესში. ეს ისეთი კანონებია, რომელთა მიღება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალს საფრთხის ქვეშ დააყენებს. ეს ჩემთვის მიუღებელია და როგორც მოქალაქემ, ისე გამოვხატე ჩემი პოზიცია.

კითხვაზე, ნანობს თუ არა, რომ ერთ დროს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო, აკაკი ზოიძე პასუხობს:

"რატომ ვნანობ, რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთდა და როცა დავინახე, რომ გარკვეულ ღირებულებათა სხვაობა ჩნდებოდა, მას მერე წავედი გუნდიდან. არც ერთი პრინციპული გადაწყვეტილების მიღების სინანული არ გამომიხატავს, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებდით. ბევრი კარგი რამ გაკეთდა, მაგრამ როდესაც უკვე ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გადაიდგა ნაბიჯები (რასაც ბოლო დროს ვხედავთ), წავედი. ჩემს კოლეგებს მაინც მოვუწოდებ, გვერდზე გადადონ პირადი და ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინონ".

ნახეთ ასევე: