ავტორი:

როგორ ეხმაურებიან რუსული მედია, პოლიტოლოგები და ბლოგერები თბილისში განვითარებულ მოვლენებს?

როგორ ეხმაურებიან რუსული მედია, პოლიტოლოგები და ბლოგერები თბილისში განვითარებულ მოვლენებს?

საქართველოში ე.წ. უცხოური აგენტების თაობაზე კანონპროექტის გარშემო მიმდინარე პროტესტს აქტიურად აკვირდებიან რუსული მედია, ბლოგერები და ინტერნეტმომხმარებლები.

"თბილისში ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი" - წერს გამოცემა vedomosti.ru. მისივე ცნობით, საუბარია კანონპროექტის სამ ვარიანტზე.

"კანონი ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ განხილვასაც კი მასშტაბური პროტესტი, აქციაზე გამოყვანილი სპეცრაზმი, პოლიციის კორდონის გარღვევა მოჰყვა, რის შედეგადაც არის ათობით დაზარალებული" - წერს გამოცემა.

"თბილისში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, თუმცა აქციის მონაწილეები დღესაც აპირებენ მასშტაბურ შეკრებებს" - წერს გამოცემა meduza.io.

გამოცემამ 7 მარტის საღამოს მასშტაბურ პროტესტს ვრცელი ფოტო-რეპორტაჟი მიუძღვნა. მისივე ცნობით, საღამოს საზოგადოებას მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მხარი დაუჭირა მომიტინგეებს.

"ათობით ათასი მომიტინგე უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში" - ასე ეხმიანება კიდევ ერთი გამოცემა forbes.ru საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მისივე ცნობით, ხალხის დიდი ტალღა ქუჩაში გამოვიდა, ლოზუნგებით - არა რუსულ კანონს, დადექი ისტორიის სწორ მხარეს!..

გამოცემის ცნობით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით, დაუზუსტებელია.

"აშშ საქართველოში ახალ მაიდანს იწყებს?!" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა eadaily.com.

სტატიის ავტორთან საუბარში, რუსი პოლიტოლოგი და სამხედრო მიმომხილველი იური პოდოლიაკი ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთ უმცირესობაშია იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელიც ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის აბსოლუტური გავლენის ქვეშ არ იმყოფება...

"როგორც ჩანს, გერმანია და საფრანგეთი, უკრაინის კრიზისის მიუხედავად, მაინც არ არიან მზად ბოლომდე გაწყვიტონ რუსეთთან ურთიერთობა, ამიტომ ისევ გააქტიურდა ვაშინგტონი თბილისსა და კიშინიოვში, სადაც საყრდენები მოპოვებული აქვთ. ვნახოთ, გამოუვა თუ არა მათ, თბილისში ახალი მაიდანი" - წერს პოდოლიაკი.

რუსი ბლოგერი ლუდმილა სოკოლინა წერს, რომ თბილისში მიმდინარე პროცესები არის მაგალითი იმისა, რომ გმირები არიან იქ, სადაც თავიანთი მომავლისთვის ხალხი იბრძვის...

"მე თბილისში 15 წელი ვიცხოვრე და საკმაოდ კარგად ვიცნობ ქართველ საზოგადოებას. ამიტომ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველებს წყლის ჭავლითა და გაზით ვერ შეაშინებენ, თავის დროზე, გენერალ ლებედის ნიჩბებმაც კი ვერ შეაშინა ისინი, განსაკუთრებით მახსოვს ქართველი ქალების გმირობა. იმ წლებში მთავრობის სახლიდან 100 მეტრში ვცხოვრობდი და მაშინ, როდესაც 9 აპრილის მომიტინგეები რუსმა სამხედროებმა დაარბიეს, ჩემი სახლის სამზარეულოში ვცდილობდი გაზით მოწამლული მომიტინგეების დახმარებას. მე კარგად ვიცნობ ქართველებს, ეს ხალხი უკეთეს ევროპულ მომავალს იმსახურებს", - წერს ის.

მთავარი ფოტო: Zurab Javakhadze / Reuters

ნახეთ ასევე: