ავტორი:

"დამტანჯეს, "ნაცი" ხარო, სინამდვილეში არ ვარ... რუსეთთან ბრძოლას ყველაზე ძვირფასი რამ შევწირე - სიყვარული" - რატომ დააკავეს უკრაინიდან ჩამოსული ნადიმ ხმალაძე და რას ამბობს მეუღლესთან დაშორებაზე?

"დამტანჯეს, "ნაცი" ხარო, სინამდვილეში არ ვარ... რუსეთთან ბრძოლას ყველაზე ძვირფასი რამ შევწირე - სიყვარული" - რატომ დააკავეს უკრაინიდან ჩამოსული ნადიმ ხმალაძე და რას ამბობს მეუღლესთან დაშორებაზე?

"პოლიციელებმა ძალიან ცუდი რამ მითხრეს, ისეთი ცუდი სიტყვით მომმართეს, თქვენთან ვერც გავიმეორებ, ხელები ამიკანკალდა, ძლივს მოვთოკე თავი..." - ამის შესახებ, ზაჰესის იზოლატორიდან დახსნილმა ნადიმ ხმალაძემ მითხრა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან ჩამოსული ქართველი მებრძოლი, ნადიმ ხმალაძე პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც მასთან სატელეფონო ინტერვიუს ვიწერდი. მას საქართველოში ჩამოსვლის მიზნებსა და უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ვესაუბრებოდი, როდესაც პოლიციამ გააჩერა და ტელეფონის გათიშვა უბრძანა...

ბატონ ნადიმს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ მეგობრები და ადვოკატები. დღის ბოლოს კი ზაჰესის იზოლატორში მიაგნეს. რის გამო დააპატიმრეს უკრაინიდან ჩამოსული ქართველი მებრძოლი, რა გადახდა თავს ზაჰესის იზოლატორში, ამ და კიდევ ბევრ სხვა ამბავს ქართველი მებრძოლი თავად გვიამბობს:

ნადიმ ხმალაძე:

- თქვენ რომ გელაპარაკებოდით, თბილისი გალერეადან ახალი გამოსული ვიყავი. პოლიცია კი დავინახე, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. მოულოდნელად წრე შემომარტყეს და საბუთები მომთხოვეს. ვუთხარი, რომ ჟურნალისტს ვესაუბრებოდი და ტელეფონს ვერ გავთიშავდი. ერთმა პოლიციელმა უხეშად მითხრა - გათიშე ეგ ტელეფონიო. ვუთხარი - კარგი-მეთქი და გავთიშე. ისევ უხეშად მითხრეს - საბუთები მომეციო. მივეცი, ჩაიხედეს და მკითხეს - ხულოდან ხარო? - კი, აჭარელი კაცი ვარ-მეთქი. - მერე რა ჩემი ის გინდა აქო? ჯერ გავშრი, გავფითრდი, მერე ავკანკალდი. ჩემს თავს შემოვუძახე, არ აჰყვე, ამათაც ეს უნდა-თქო და ისღა ვუთხარი, - მე ჩემს სამშობლოში ვარ, იქნებ რუსებს ჰკითხოთ, აქ რა უნდათ-თქო. ამ ამბავმა 35 წლის წინანდელი ამბავი გამახსენა. თბილისში „გაიშნიკმა“ გამაჩერა და საბუთებში რომ ჩაიხედა, მკითხა - თათარი ხარო? მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ემოციები ვერ მოვთოკე და ის სამხრეები ავაგლიჯე. ჩვენთვის, აჭარლებისთვის ეს ძალიან მძიმე საკითხია. ახლაც ძალიან გამიჭირდა ამის მოსმენა, მაგრამ მოვთოკე თავი. ახლა ყველაზე მთავარი რა არის?! მიცნობენ, მაგრამ მეკითხებიან - ვინ ხარო? მერე მანქანაშიც მითხრეს - ყოველდღე გიყურებთო. შეიძლება გულუბრყვილო ვარ, მაგრამ მომეჩვენა, რომ უფროსის გარდა ყველა ჩემი გულშემატკივარი იყო.

- ასე რის საფუძველზე იფიქრეთ?

- ალბათ იმიტომ, რომ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ ვიბრძვი. რაც ჩამოსული ვარ, პოლიცია კი არ მითვალთვალებს, პირდაპირი მნიშვნელობით - დამდევს. არც კი ცდილობენ შენიღბვას, ნაგლად მიმანიშნებენ, რომ დამდევენ. სხვა მიზეზი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ უკრაინაში ვიბრძვი. არასდროს არაფერი დამიშავებია, პირიქით, რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ, ვშრომობ და ვცდილობ, ჩემი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში პატარა აგური დავდო. ესენი კი სულ რაღაცას მედავებიან, სასამართლოში მიჩივიან, მოვიგებ საქმეს, ისევ მიჩივიან, მოვიგებ, ისევ მიჩივიან... დამტანჯეს! მეუბნებიან, „ნაცი“ ხარო. სინამდვილეში არ „ნაცი“ ვარ, არც „ქოცი“ ვარ. ახლა ისე გამამწარეს, ყველა პროდასავლურ პარტიას დავუჭერ მხარს, ვინც „ქართული ოცნებას“ დაუპირისპირდება, სულერთია, „ლელო“ იქნება ის, „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუ შალვა ნათელაშვილი. მთავარია, რუსეთისკენ არ იყურებოდეს. რუსეთთან ბრძოლას ბევრი რამ შევწირე, უფრო სწორად ყველაზე ძვირფასი რამ - სიყვარული.

- რას გულისხმობთ?

- იმის გამო, რომ უკრაინაში წავედი, ჩემი საყვარელი მეუღლე დამშორდა. 12 წლიანი, რომანტიკული ურთიერთობა დასრულდა. მე მხოლოდ ავტომატიანი კაცი კი არა, ძალიან რომანტიკოსი ადამიანიც ვარ. გამიბრაზდა, მითხრა - ომში მოგკლავენ, ბედის ანაბარა მიპირებ დატოვებასო.

- ახლა, რომ ჩამოხვედით, არ შეგირიგდათ?

- ის ახლა ამერიკაშია. ჩემზე გაბრაზებული წავიდა. ალბათ იცით, რომ ზარინით მოწამვლის შემდეგ, უკრაინის თავდაცვამ ამერიკაში გამიშვა სამკურნალოდ. იქ ჩემი მეუღლეც ვინახულე, ვეცადე, რომ შემერიგებინა. მან კი არჩევანის წინაშე დამაყენა, ან იქ უნდა დავრჩენილიყავი, ან ბრძოლა გამეგრძელებინა.

- რატომ გააკეთეთ არჩევანი ბრძოლის სასარგებლოდ?

- ადვილი არ იყო არჩევანის გაკეთება, ერთთვიანი ფიქრის მერე გადავწყვიტე, რომ ბრძოლა უნდა გამეგრძელებინა. საქართველო დღეს ძალიან რთულ გზას გადის, ახლა ყველა ქართველმა პირად კეთილდღეობაზე რომ ვიფიქროთ, ყველა ერთად დავიღუპებით. ჩვენს წინაპრებს ძალიან ხშირად უწევდათ პირადი კეთილდღეობის დათმობა. მათაც ჰყავდათ ოჯახები, შვილები, მათაც უყვარდათ, ისინიც ოცნებობდნენ, მაგრამ მაინც შესწირეს თავი სამშობლოს. იმიტომაც მოვედით აქამდე. მე ვინ ვარ, რომ პირადი სიხარული, სიყვარული და ბედნიერება ვარჩიო, ქვეყანას?! შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ერთი ადამიანის საქციელი ვერ გადაწყვეტს ქვეყნის ბედს, მაგრამ აბა დავფიქრდეთ, ყველა ჩვენგანმა რომ იფიქროს, ჩემით არაფერი წყდებაო, რა გამოვა?! სწორედაც რომ ჩემით, თქვენით, თითოეული ქართველის საქციელით წყდება ქვეყნის ბედი.

- როდემდე აპირებთ საქართველოში დარჩენას?

- სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. საერთოდ არ ვაპირებდი აქ ჩამოსვლას. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ უკრაინაში ფრონტის ხაზზე დავბრუნდი, ჯერ არანაირად არ ვგეგმავდი საქართველოში ჩამოსვლას. გული კინაღამ გამისკდა, რომ გავიგე რასაც აპირებდა „ქართული ოცნება“. ჩვენი ბიჭები იქ, უკრაინაში, რუსულ ტყვიას საკუთარი მკერდით აჩერებენ, იმისათვის, რომ აქ, საქართველოში არ შემოვიდეს რუსი. „ქართული ოცნება“ კი რას შვრება?! ჩვენი ბიჭების დაღვრილი სისხლი არაფრად ჩააგდო, გადაწყვიტა, რომ ჩვენი ნაფერები საქართველო მტრისთვის ჩაებარებინა. ერთ ღამეში გადავწყვიტეთ მე და გიგა მაქარაშვილმა საქართველოში წამოსვლა. ე.ი. ვარშავიდან 32 საათი ვიარე, ვარშავიდან კიევამდე. ჩავედი და ერთ დღეში უკან წამოსვლა გადავწყვიტე. ისევ 32 საათი ვიარე კიევიდან ვარშავაში, რომ მერე საქართველოში გამოვფრენილიყავი. თუ ყველაფერი კარგად იქნება და აქ აღარ დავჭირდები ჩემს ქვეყანას, თვის ბოლოს ისევ უკან გავბრუნდები. მე მხოლოდ ერთ აქციაზე მოვასწარი დასწრება, შვიდ მარტს, დილით. იმ ღამით სასწრაფომ გამიყვანა, მე ხომ ისედაც ზარინით ვარ მოწამლული, ახლა კიდევ გაზი ჩავისუნთქე და ისე ცუდად გავხდი, ვეღარ ვსუნთქავდი. მეორე დღეს რაც შემემთხვა, თქვენც იცით, თქვენ გელაპარაკებოდით და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დამაკავეს. კიდევ კარგი, რომ საკუთარი თავის მოთოკვა შევძელი და პროვოკაციაზე ვერ წამომაგეს, თორემ ახლა ალბათ სხვაგან, ციხეში ვიქნებოდი.

- დროებითი დაკავების იზოლატორში როგორ გექცეოდნენ?

- ძალიან კარგად. სხვათა შორის, იქ ყველას კარგად ექცეოდნენ. მე პირადად ისეთი განცდა მქონდა, რომ თვალებით მხარდაჭერას მიცხადებდნენ. საუბრის დასასრულს ერთი რამ მინდა აღვნიშნო. ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა, საქართველოში ხშირად ვმონაწილეობდი საპროტესტო აქციებში. დროთა განმავლობაში, აქციის მონაწილეები ისე დავუახლოვდით ერთმანეთს, რომ მეგობრებად ვიქეცით. მორიგ აქციაზე რომ მივიდოდით, სულ ნაცნობები ვხდებოდით ერთმანეთს. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო, ვეღარავის ვცნობდი, სულ ახალგაზრდები იყვნენ. ჩემს მეგობარს კიდეც ვუთხარი, ნახე სულ ახალგაზრდები არიან, მოდი ხელი არ შევუშალოთ მეთქი. ვუყურებდი ამ ულამაზეს გოგო-ბიჭებს და ბედნიერი ვიყავი. როგორც კი მიხვდნენ ბავშვები, რომ „ქართული ოცნება“ ტამბოვისკენ მიგვაქანებდა, მაშინვე ხმა ამოიღეს! წარმატება მინდა ვუსურვო მათ, სიყვარულით, სიხარულით და სიამოვნებით გადავცემ ესტაფეტას!

ავტორი: ხათუნა ბახტურიძე

ნახეთ ასევე: