"ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ - ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გასაგებია ყიფიანის აგრესიული რიტორიკა, რადგან მას კანონპროექტი ამოქმედების შემთხვევაში პირდაპირ შეეხებოდა და როგორ ჩანს, დასამალი მასაც ბევრი აქვს.
ცნობისთვის, ვიქტორ ყიფიანმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ რადიო "იმედის“ ეთერში 10 მარტს ისაუბრა.
"რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება?! თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, ვთქვათ, გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით. ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის, რაც ჩვენ არ ვიცით, ეს უკეთ უნდა აეხსნათ", - განაცხადა ყიფიანმა.