ავტორი:

"ეგრევე მივხვდი, რომ მისკენ უნდა წავსულიყავი, დამეცვა...იგივეს გავაკეთებ თუ საჭირო იქნება, დაუზარელად" - რას ჰყვება აქციების კიდევ ერთი სიმბოლო, ბიჭი წითელი ქუდით

"ეგრევე მივხვდი, რომ მისკენ უნდა წავსულიყავი, დამეცვა...იგივეს გავაკეთებ თუ საჭირო იქნება, დაუზარელად" - რას ჰყვება აქციების კიდევ ერთი სიმბოლო, ბიჭი წითელი ქუდით

7-8 მარტის აქციებს და პროტესტს, რომლის შედეგად პარლამენტმა "აგენტების კანონი" ჩააგდო, თავისი გმირები ჰყავს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია კადრები, სადაც ჩანს ქალი, რომელიც წყლის ჭავლის პირისპირ აფრიალებს ევროკავშირის დროშას, მასთან მალევე ჩნდება აქციის მონაწილე ბიჭი, წითელი ქუდით, რომელსაც სხვა პროტესტანტებიც უერთდებიან და ქალს ამაგრებენ, რათა ის წყლის ჭავლმა არ წააქციოს.

ეს კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა და არაერთმა უცხოურმა მედიასაშუალებამ გააშუქა. ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხიაა, რომელსაც საზოგადოება უკვე იცნობს.

ბიჭი წითელი ქუდით კი 33 წლის ლევან ქარუმაძეა, რომელიც პროფესიით მეღვინეა. ლევანმა "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა პროტესტის შესახებ. ამბობს, რომ როდესაც ნანა დაინახა წყლის ჭავლის პირისპირ, მაშინვე მიხვდა, რომ მისკენ უნდა წასულიყო.

"ეგრევე მივხვდი, რომ მისკენ უნდა წავსულიყავი, ხელი შემეწყო, გვერდით დავდგომოდი და დამეცვა. ჩვენმა ბობოქარმა ქალმა, ნანამ ჭავლი რომ აიცილა, მე სხვაგან ვიყურებოდი და პირველად თავში მომხვდა, ცოტა ნავარჯიშები რომ ვარ, გადავრჩი - არ წავიქეცი. ნანას დატოვებაც არ მინდოდა. ჩემთვის ის მართალი იყო და უბრალოდ მსურდა, რომ გვერდით დავდგომოდი. მეჭავლე ბიჭი საკმაოდ აქტიურობდა.

არ მინდოდა, რომ გაჩერებულიყო (გულისხმობს ქალს, ევროკავშირის დროშით) მინდოდა, რომ გამემაგრებინა და დავხმარებოდი.

დავიცავით საქართველოს კონსტიტუცია აქ მოსვლით. ჩემი პროტესტი თავიდან ბოლომდე მშვიდობიანი იყო. მოინდომეს, რომ აქედან წავსულიყავი და მე მაქვს ამის უფლება და დავრჩი აქ.

გავბრაზდი, ასე უცებ რომ მიიღეს ეს კანონი. ამდენი მოწოდება და ასეთი რეაქციები არ გაითვალისწინეს. ბავშვობიდან დავდივარ აქციებზე. როცა რაღაც არ მსიამოვნებს, გამოვდივარ და მშვიდობიანად ვაპროტესტებ.

ჩემთვის ეს კადრი იმის სიმბოლოა, რომ საქართველოსთვის შემიძლია რაღაცის გაკეთება და თუ ვიღაცამ ჩემს ვიდეოს უყურა და გულგრილად არ შეხედა, მე ამაყი ვარ ამით და ისევ იგივეს გავაკეთებ თუ საჭირო იქნება, დაუზარელად", - ამბობს ლევან ქარუმაძე "რადიო თავისუფლებასთან."