The Washington Times - რუსეთის ფარული ომი საქართველოსთან 2004 წელს დაიწყო

The Washington Times - რუსეთის ფარული ომი საქართველოსთან 2004 წელს დაიწყო

ამერიკული გამოცემა The Washington Times wikileaks-ის მასალებზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას სათაურით "რუსეთის ფარული ომი საქართველოსთან 2004 წელს დაიწყო" . სტატიის ქართული ვერსია foreignpress.ge-მ განათავსა.

ამერიკული გამოცემის ჟურნალისტი ელი ლეიკი წერს, რომ WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ამერიკულ დიპლომატიურ წერილებში ნათქვამია, რომ რუსეთი 2004 წლიდან აწარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ ფარულ ომს, რომელიც მოიცავდა სარაკეტო დარტყმებს, სეპარატისტებისთვის შეიარაღების მიწოდებას და ავტომობილების აფეთქებას.

"საიდუმლო სამხედრო ოპერაციებში შედიოდა სამხედრო ვერტმფრენის თავდასხმა პროსამთავრობო ჯგუფის შტაბბინაზე საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, რაც 2007 წელს განხორციელდა, ასევე ქართული პოლიციის ოფიცრების მკვლელობა ქალაქ გორში. რუსული სპეცსამსახურები საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებულ ტაქტიკას "აქტიურ ზომებს" უწოდებენ. ამ ტაქტიკის ნაწილი გახლდათ ასევე პოლიტიკური დეზინფორმაციის გავრცელების კამპანია, საწარმოო საბოტაჟი და პოლიტიკური მკვლელობები", - წერს ლეიკი.

"აქტიური ზომების მრავალფეროვნება და მასშტაბი უფრო სერიოზულ მიზანზე მიუთითებს, რაც გულისხმობს საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური ორიენტაციის შეცვლას და მის დაბრუნებას რუსეთის ორბიტაში" – ნათქვამია საქართველოში ამერიკის ელჩის ჯონ ტეფტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

"რუსულ-ქართულ კონფლიქტთან დაკავშირებული წერილები, ნათელს ჰფენს 2008 წლის ომის საწყის მიზეზებს. მაშინ, ზოგიერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა რუსეთის პროვოცირებასა და ომის გაჩაღებაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. რუსეთის არმია დღესაც რჩება საქართველოს პროვინციებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მაგრამ წერილებით ირკვევა, რომ ყველაზე ცოტა, აშშ-ის ელჩს თბილისში სჯეროდა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საკუთარ ომს აწარმოებდა", - წერს The Washington Times.

ელი ლეიკი აღნიშნავს, რომ ინტერვიუში, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ამ წერილებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"თუმცა, მან Washington Times-ს განუცხადა, რომ რუსეთი მისი ქვეყნის წინააღმდეგ ფარულ ომს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, 1991 წლიდან აწარმოებდა და ეს კამპანია 2004 წელს გაძლიერდა, როდესაც პრეზიდენტი პროდასავლელი სააკაშვილი გახდა.

დიპლომატიური მიმოწერის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა არც ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს სპიკერმა ევგენი ხორიშკომ, თუმცა მან განაცხადა რომ არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება, რომ რუსეთი საიდუმლო ოპერაციებს აწარმოებდა საქართველოს შიგნით და ეს ცრუ ბრალდებებია", - წერს Washington Times-ის ჟურნალისტი.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?