ავტორი:

"მორცხვობდა, ვერ გადაეწყვიტა, სად წაეღო ხელები" - ფეხბურთის მოკრძალებული ვარსკვლავის წარმატების საიდუმლო: The New York Times-ი "კვარასთან" ინტერვიუს აქვეყნებს

"მორცხვობდა, ვერ გადაეწყვიტა, სად წაეღო ხელები" - ფეხბურთის მოკრძალებული ვარსკვლავის წარმატების საიდუმლო: The New York Times-ი "კვარასთან" ინტერვიუს აქვეყნებს

"მას შემდეგ რაც ჩამოვედი, თავი სიზმარში მგონია" - ასე იწყებს საუბარს The New York Times-თან ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც აქცენტს ქართველი ფეხბურთელის განსაკუთრებულ მოკრძალებულობაზე აკეთებს. გამოცემა დეტალურად აღწერს "კვარას" განცდებს, რომელიც Grand Hotel Parker's-ის ტერასაზე "რკინის მოაჯირს უხერხულად ეყრდნობა და ცდილობს, დაძაბულობა არ შეიმჩნიოს".

"მორცხვობდა, ვერ გადაეწყვიტა, სად წაეღო ხელები - ცოტა დაბნეული იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი საქციელი ბუნებრივია და ეს ინტერვიუს პროცესში არაერთხელ დადასტურდა.

ბოლო ცხრა თვის განმავლობაში სპორტის სამყაროში ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ერთ-ერთი მოწინავეა ყველაზე ხშირად მოხსენიებული სპორტსმენების სიაში. ყველაფერი ისე აეწყო, რომ როგორც ამბობს, ხანდახან თავადაც არ სჯერა.

"კვარას" შემთხვევა ცოტა განსხვავებულია: ის არ აღმოუჩენიათ 10 წლის ასაკში, როდესაც 15 წლამდე უკვე მილიონობით ნახვა აქვთ YouTube-ზე, ჰყავთ აგენტები და 16 წლის ასაკში დიდი კლუბები ყიდულობენ.

ის აღმოაჩინეს 21 წლის ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ რუსეთის საშუალო დონის კლუბში - "რუბინ ყაზანში“ თამაშობდა. "მას არანაირი პირობა არ ჰქონია, რომ მსოფლიოს ასე შეუყვარდებოდა“, - წერს გამოცემა.

"ყაზანში“ კონტრაქტის გაუქმების მერე, ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ დოლარად ის „ნაპოლიში“ გადავიდა. ეს ფაქტი კი იტალიური მხარის მიერ ორ-წლიანი თვალის დევნების შემდეგ მოხდა.

რამდენიმე თვეში ხვიჩას კლუბის გულშემატკივრებმა "კვარადონა" და "კვარავაჯო“ შეარქვეს. მალევე, საქართველოდან დაიწყო ჩარტერული რეისები ნეაპოლის მიმართულებით მატჩების განრიგის შესაბამისად. ამან კი გამოიწვია ის, რომ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე "კვარას" ყოველ მატჩზე, გულშემატკივრებში პატარა ქართული კუთხე ჩნდებოდა საქართველოს დროშებით - ადგილობრივი და სპეციალურად თამაშისთვის ჩასული თანამემამულეებისგან შემდგარი.

  • "დასაწყისი იმდენად სიზმარივით იყო, რომ რაღაც მომენტში, მომიწია საკუთარი თავისთვის შემეხსენებინა, რომ ეს არ იყო ოცნება, ეს იყო რეალობა. უნდა მეპოვა ძალა საკუთარ თავში და ამ რეალობით მეცხოვრა", - იხსენებს კვარაცხელია.

და ეს ასეც მოხდა: ცხრა თვის შემდეგაც კი, კვარაცხელიას ჯერ კიდევ არ აქვს სუპერვარსკვლავისთვის დამახასიათებელი იმიჯი - არა სპეციალურად დაწყობილი, არამედ ბუნებრივად აწეწილი თმა და წვერი, რის გამოც მას მესამე ზედმეტსახელი - "ჩე კვარაც" შეარქვეს.

ის სრულყოფილად საუბრობს ინგლისურ ენაზე - საკმარისად კარგად იმისთვის, რომ გონივრული დეტალებით ახსნას ქართული ღვინის ჯანსაღი თვისებები. თუმცა, იტალიაში გადასვლის შემდეგ პირველ მნიშვნელოვან ინტერვიუზე მაინც თარჯიმანი წაიყვანა.

"მე მიდრეკილება მაქვს მადლიერებისკენ,” - განაცხადა მან.

"მადლობელი ვარ ყველა იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ადამიანები ჩემს მიმართ იჩენენ. ვიცი, რომ ეს ქებაა, მაგრამ ასევე მოტივაცია, შთაგონება და დიდი პასუხისმგებლობაა. მე უნდა დავამტკიცო ყველა თამაშში, რომ შემიძლია გავაკეთო ისე, როგორც ეს ხალხს დავპირდი".

და ეს ასეც მოხდა: სერია A-ში სადებიუტო სეზონში 21 მატჩში კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და კიდევ 11 საგოლე მომენტი შექმნა.

მისი გუნდი გამარჯვების გზაზე დგას - 33 წლის განმავლობაში „ნაპოლი“ სანუკვარი ტიტულისკენ მიდის და ყველა ერთხმად თანხმდება, რომ წარმატების მიზეზი სწორედ კვარაცხელიაა.

მანამდე, სანამ ის "ნაპოლის" შეუერთდებოდა, ხვიჩას ხანგრძლივი სატელეფონო საუბრები ჰქონდა კლუბის მწვრთნელთან, ლუჩიანო სპალეტისთან, რომელიც, როგორც სჩვევია, ერთდროულად ცდილობდა მის კლუბისთვის ყიდვას და პარალელურად სამომავლო ვალდებულებებს უხსნიდა.

"ეს კარგი საუბარი იყო. მან გარკვევით ამიხსნა, რა უნდა გავაკეთო გუნდისთვის. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, როგორია იყო თამაშის დროს გუნდის წევრი და როგორ უნდა შეინარჩუნო ერთიანი სული. ეს უკანასკნელი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია" - იხსენებს კვარაცხელია.

იტალიელმა მწვრთნელებმა ეს ნამდვილად იციან, როგორ აიძულონ სპორტსმენი, გამოავლინოს თავისი მაქსიმუმი“.

ქართველი ფეხბურთელი საუბარში ხშირად აღნიშნავს თავისუფლების განცდას და საკუთარ წარმატებას სწორედ მას მიაწერს - "თავისუფლება ჩემი ხელწერაა. ეს არის ის, რასაც საკუთარ თავში ვაღიარებ, იმიტომ, რომ მიყვარს, რასაც ვაკეთებ. თამაში ჩემი სტიქიაა" - ამბობს "კვარა".

"ის, თუ როგორ ვთამაშობ მე, - არის გული და შეგნებული ცნობიერება. თუ თქვენ არ გამოიყენებთ გონებას, ვერასოდეს უკეთესი ვერ გახდებით“.

კვარამ აღიარა, რომ გუნდებმა, განსაკუთრებით კი იტალიაში სხვანაირად დაიწყეს მისი დაცვა. ის თავს ვარსკვლავად არ გრძნობს, მაგრამ ასე ექცევიან.

”ვგრძნობ, რომ ჩემი ფაქტორი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ არიან გუნდები ჩვენს წინააღმდეგ განწყობილნი“, - ამბობს ქართველი ვარსკვლავი.

თუმცა, მას ეს არ აწუხებს. ყოველ შემთხვევაში, ის ამას კომპლიმენტად იღებს. „ნაპოლიში“ გადასვლიდან 9 თვის თავზეც კი, ყველა გუნდმა, რომელიც „ნაპოლის“ დაუპირისპირდება, იცის, რომ თუ მას წარმატების მიღწევა სურს, ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი კომფორტის ზონიდან უნდა გამოიყვანოს, ეს კი არც ისე მარტივია.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი

ნახეთ ასევე: