ავტორი:

სამართალდამცავებმა 12 წლის გოგონას მობილური ტელეფონი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს - მკვლელობა თუ კვებითი ასფიქსია: რა ვერსიები ვრცელდება?

სამართალდამცავებმა 12 წლის გოგონას მობილური ტელეფონი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს - მკვლელობა თუ კვებითი ასფიქსია: რა ვერსიები ვრცელდება?

დიდ დიღომში, გასულ ღამეს, დაახლოებით 2 საათისთვის, 12 წლის ანა იანუშაიტიტე მეზობლებმა და ნათესავებმა იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ბნელ და განმარტოებულ ადგილას იპოვეს.

გოგონას მოძებნის სამუშაოებში, შეიძლება ითქვას, მთელი უბანი იყო ჩართული. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი მოზარდის გადარჩენა ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ვერ შეძლეს.

  • რა ვითარებაში გაუჩინარდა გოგონა?

ანას ბაბუის, მანუჩარ დვალის თქმით, ბავშვი საღამოს 9 საათისთვის დეიდაშვილთან ერთად სათამაშოდ გავიდა სკვერში. მას შემდეგ, რაც მშობლები შვილთან მობილურით დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, დაიწყეს მისი მოძებნა.

  • აღენიშნებოდა თუ არა ძალადობის კვალი არასრულწლოვანს?

ამ კითხვაზე ამ დრომდე ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება. გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები, მათ შორის ბებია და ბაბუა, დარწმუნებულები არიან, რომ ანა მოკლულია.

"ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ "გარაჟებთან", გაგუდული, ყელზე ნაკაწრები ჰქონდა... იქვე ნაღებინები იყო, სახეზე კი მიწა ჰქონდა. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას?! ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები? ყველაფერი უნდა დადგინდეს! როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება?!" - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის ბებია ambebi.ge - სთან.

"მოკლულია, აბა, ჯანმრთელ ბავშვს რა დაემართებოდა. ავადმყოფი არ იყო და არაფერი....სათამაშოდ გავიდა, დეიდაშვილთან, სადღაც 9 საათზე გავიდა სახლიდან, ნახევარ საათში რომ არ ამოვიდა, დაიწყეს რეკვა, რომ არ უპასუხა, ძებნა დაიწყეს. გახდა 10, 11 საათი... მეც გამაგებინეს, აგერ ვცხოვრობ, მეზობელ კორპუსში. ამასობაში თქვეს იპოვესო, მაგრამ აღარ იყო ჩემი ანუშკი... ვეღარაფერი ვუშველეთ. ბავშვს თან ჰქონდა მობილური, რომელიც ამ დრომდე ნაპოვნი არ არის, გამორთულია, რომ ვრეკავთ. ზუსტად არაფერი ვიცით, დაადგენენ იმედია ყველაფერს..." - გვითხრა მანუჩარ დვალმა.

მანუჩარ დვალი

  • ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკარგული იყო ბავშვის მობილური ტელეფონი, მაგრამ ambebi.ge -ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ტელეფონი ნივთმტკიცებად ადგილზე მისვლისთანავე ამოიღეს. ჩვენი ინფორმაციით, ტელეფონი იქვე ეგდო, სადაც ბავშვი იპოვეს.

გარდაცვლილი მოზარდის ზოგიერთი ახლობლის ინფორმაციით, ექსპერტიზისას, ბავშვს დაზიანებები ვერ აღმოუჩინეს. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ანას გარდაცვალების მიზეზი კვებითი ასფიქსია გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი საკვებს მიირთმევდა, გადასცდა და გაიგუდა.

  • რას აცხადებენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში?

ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში 12 წლის მოზარდის გვამის გამოკვლევა დასრულებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში განუცხადეს, სიკვდილის მიზეზი კვლევის დასრულების შემდეგ დადგინდება.

"ამჟამად, აღებულია შესაბამისი ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის. ლაბორატორიული კვლევების დასრულების შედეგად უკვე მთლიანად შეჯამდება არსებული სურათი და გაიცემა დასკვნა. როგორც კი ყველა კვლევა დასრულდება და სიკვდილის მიზეზი დადგინდება, ეცნობება დამნიშნავს, ამ შემთხვევაში, ეს არის გამოძიება”, - განაცხადეს ექსპერტიზის ბიუროში.

ამასთან, ცხედარი უკვე სახლშია გადასვენებული.

აღსანიშნავია, რომ ოჯახმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გოგონას გაკვეთის უფლება არ მისცა.

"ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია. საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ," - თქვა მანუჩარ დვალმა.

ჩვენი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი გახდება და ამას სავარაუდოდ, რადენიმე დღე დასჭირდება, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: