ავტორი:

"კონტროლიდან გაექცათ სიტუაცია... საჭირო იყო მონა, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს" - როგორია ოპოზიციის შეფასება ამილახვარის გამინისტრებაზე?

"კონტროლიდან გაექცათ სიტუაცია... საჭირო იყო მონა, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს" - როგორია ოპოზიციის შეფასება ამილახვარის გამინისტრებაზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა. მისი თქმით, ჩხენკელმა საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა და ის მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მიხეილ ჩხენკელი კი განათლებისა და მეცნიერებს მინისტრად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი მანამდეც, 2017 წელსაც ეკავა, თუმცა მხოლოდ 8 თვის განმავლობაში.

ოპოზიციაში ამბობენ, მინისტრის ცვლილება სწორედ 7-9 მარტის აქციებზე ახალგაზრდების აქტიურობას უკავშირდება.

"განათლების სამინისტრო, მთელი სისტემა არის ჩვეულებრივი პარტიული აპარატი. ადმინისტრაციული რესურსი იქნება, თუ აკადემიური ნაწილი - ეს ხალხი არის ჩვეულებრივი... ბოტებად აქციეს ეს ხალხი. მასწავლებლები სხედან და „ფეისბუქზე“ ადამიანებს დედას აგინებენ. ეგ არის რეალობა. მიზეზი, მინისტრის ცვლილებას რატომაც აპირებენ, არის ერთადერთი, რომ ახალგაზრდები მარტის აქციებზე გამოვიდნენ. ახლა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი მინისტრი უფრო კარგად მოარჯულებს ახალგაზრდებს, რაც თავისთავად, ცხადია, იდიოტობაა და არაფერი გამოუვათ, მაგრამ ეგ არის, მეტი არაფერი. კონტროლიდან გაექცათ სიტუაცია და ამიტომ ახლა ვიღაცა უფრო მკაცრი ხელი უნდა დანიშნონ ალბათ, თორემ ბიძინას გადმოსახედიდან, იმაზე კარგი მინისტრი, ვინც ახლა ჰყავდათ.. კაცი [მიხეილ ჩხენკელი] მუხლებზე იდგა და ლოცულობდა, ექვთიმე მეორეს ეძახდა ბიძინას. მაგაზე უფრო მეტი მონა ვინ უნდა ჰყავდეს, მაგრამ მონობა აღარ აღმოჩნდა საკმარისი. საჭიროა მონა, რომელიც ასევე იქნება ეფექტური, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს" - განაცხადა "გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

  • ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად უჭერს არტახებს და უკიდურესად მორჩილი გუნდის შეკვრას გეგმავს, რადგან ხედავს, რომ ძალაუფლება ეცლება და ქვეყანაში სამოქალაქო შეგნებამ გაიღვიძა“.

"რით დაგვამახსოვრა თავი ჩხენკელმა? - მინისტრების სიაში ერთ-ერთ ყველაზე მლიქვნელად შევიდა. ბევრი იყო მლიქვნელი. ერთ-ერთმა, მაგალითად, ივანიშვილს უწოდა ბრძენი კაცი და მერე ყოველთვის ასე მოიხსენიებდა, სანამ არ დაცინეს, ხოლო ჩხენკელს, რომელმაც ივანიშვილი ექვთიმეს შეადარა, როცა პარლამენტში გამოჩნდებოდა, ყველა „ექვთიმეს“ ვეძახდით. ქართული „ოცნების“ ჩვეულებრივი წესია, რომ როტაციას აკეთებს - გაგაკეთებინებს ბინძურ საქმეს და მერე გაგდებს. ასე გააკეთებინეს ჯეჯელავას, დაახურინეს სკოლები, შემდეგ ხელთათმანივით ისვრიან და მოჰყავთ ახალი ძალა, ახალი სისხლი, რომელიც მეტი აგრესიულობით შეუდგება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალებების შესრულებას. როგორც იტყვიან, ახალი ცოცხი უფრო აგრესიულად გვის „ქართული ოცნების“ ხელში. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად ხდება პოლიტიკური, მორჩილებით და ყურმოჭრილობით გამოცდილი კადრების ჩანერგვა სხვადასხვა სისტემაში,“ - განაცხადა გოცირიძემ.

"ლელოს"დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მინისტრის ჩანაცვლება გადაწყვიტა არა განათლების სისტემაში არსებული უმწვავესი პრობლემების გამო, არამედ იმის გამო, რომ „დარდობს, როგორ შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება“ და სწორედ ძალაუფლების შესანარჩუნებლად დგამს ნაბიჯებს.

„შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. მანამ სანამ ჭადრაკის ფიგურებს ცვლის და აადგილებს ოლიგარქი, ჯამი ანუ პრობლემა რჩება იგივე. მთელი ამ ათი წლის მანძილზე და განსაკუთრებით რუსულ კანონთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ დეპუტატები თუ მინისტრები არიან ჭადრაკის დაფაზე ივანიშვილის მიერ დადებული ფიგურები, რომლებსაც ნებისმიერ დროს ააყირავებს, გადააადგილებს, ჩაანაცვლებს, გადააგდებს ან ნაგვის ყუთიდან ამოიღებს და თავიდან დადებს ჭადრაკის დაფაზე. ამიტომ მთავარი პრობლემა არის ის, ვინც მართავს არაფორმალურად, არაკონსტიტუციურად, რუსული მეთოდებით და ცდილობს ამ ქვეყანას დააკარგვინოს დემოკრატიული, თავისუფალი განვითარების გზა. ეს არის პრობლემა, რომლის დასასრულებლადაც უნდა მივმართოთ ძალისხმევა,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას განათლების მინისტრის შეცვლა სურს, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ „სტუდენტებზე კონტროლის დამყარება სურთ, რაც არ გამოუვათ“.

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რომელ მინისტრს სად გადაანაცვლებენ, ამით არაფერი შეიცვლება. რუსული ხელისუფლება და რუსული რეჟიმი რჩება ქვეყანაში. მარტო ის ფაქტი, რომ უნდათ განათლების მინისტრის შეცვლა, ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან არ მოეწონათ სტუდენტი ახალგაზრდობის აქტიურობა ამ ქვეყანაში და უნდათ, რომ დაამყარონ, რაც შეიძლება მეტი კონტროლი სტუდენტებზე და ახალგაზრდებზე, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვათ, ვინც არ უნდა დანიშნონ მათ საკონტროლებლად," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნახეთ ასევე: