ბრიტანულმა კომპანია McLaren-მა ახალი სუპერქარის McLaren MP4-12C-ის ფასი გამოაცხადა. სიახლის გაყიდვები მომავალი წლიდან დაიწყება და საკუთარ სამშობლოში ის 168,500 ფუნტი სტერლინგი ეღირება. ეს თითქმის 3000 ფუნტით ნაკლებია, ვიდრე ამავე კატეგორიის Ferrari 458 Italia.
შეგახსენებთ, რომ "მაკლარენის" ახალი მოდელის პირველი ფოტოები ჯერ კიდევ შარშან გამოჩნდა, ხოლო ოფიციალურად ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე წარმოადგინეს. ამ დროისთვის კომპანიას ამ კონკრეტულ სუპერქარზე 2700 შეკვეთა აქვს და მისი გაყიდვები მსოფლიოს მასშტაბით 19 ქვეყანაში განხორციელდება.
McLaren MP4 აღჭურვილია 3,8 ლიტრიანი "რვიანით". ორმაგი ტურბოწნეხის მქონე ძრავი 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ბრუნვის მაქსიმალური მომენტი 599 ნმ-ს შეადგენს. აგრეგატი დაწყვილებულია 7-საფეხურიან რობოტიზირებულ ტრანსმისიასთან ორმაგი გადაბმულობის ქუროთი.
100კმ/სთ სიჩქარეს სუპერქარი 3 წამში ავითარებს, 200კმ/სთ-ის ასაკრეფად მას მხოლოდ 10 წამი სჭირდება, ხოლო ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 300კმ/სთ-ს აღწევს.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"