ავტორი:

"მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება - როცა ჩვენებას აძლევდით, გული აგიჩუყდათ" - ბადრი ესებუა ავთანდილ გალდავას

"მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება - როცა ჩვენებას აძლევდით, გული აგიჩუყდათ" - ბადრი ესებუა ავთანდილ გალდავას

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის, ავთანდილ გალდავას დაკითხვის დროს ბადრი ესებუამ სიტყვა ითხოვა. მან ავთანდილ გალდავას მისი დაკავება მიულოცა.

"პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება. როგორც ჩანს, ეს დიდი მიღწევაა. მე ის გამიხარდებოდა, როგორც მე შემებრძოლეთ და ჩემს ოჯახს, ისე შეებრძოლოთ ჩვენს მტერს. რაც შეეხება ჩემს კითხვას, როცა თქვენ ჩვენებას აძლევდით, რამდენჯერმე აგიჩუყდათ გული, მე მაინტერესებს რატომ არ აგიჩუყდათ გული მაშინ, როცა ასე სასტიკად გაუსწორდით ჩემს ოჯახს, როცა ჩემი უდანაშაულო ძმა გაუშვით ციხეში ოთხი წლით და ჩემს ნათესავებსაც იგივე „ტრიუკი“ გაუკეთეთ“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუამ.

პროკურორმა მირანდა წერეთელმა შუამდგომლობა ითხოვა და განაცხადა, რომ ბადრი ესებუას მიერ დასმული კითხვა საქმესთან კავშირში არ იყო, რასაც სასამართლო დაეთანხმა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნახეთ ასევე: