სისტემა "გლონასის" ორბიტაზე გაშვება მარცხით დასრულდა

სისტემა "გლონასის" ორბიტაზე გაშვება მარცხით დასრულდა

სამი რუსული კოსმოსური აპარატის "გლონას-მ"-ის ორბიტაზე გაშვება წარუმატებლად დასრულდა. აპარატებს ამერიკული "GPS"-ს კონკურენტის, რუსეთის გლობალური თანამგზავრული სანავიგაციო სისტემის ფორმირება უნდა დაესრულებინა. წინასწარი არაოფიციალური მონაცემებით, სამივე კოსმოსური აპარატი წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულებთან ახლოს ჩავარდა. ოფიციალურად "როსკოსმოსმა" მხოლოდ ის განაცხადა, რომ კოსმოსური აპარატების ბლოკი "გაუთვალისწინებელ ორბიტაზე გავიდა" და მიზეზის დასადგენად სახელმწიფო კომისია შეიქმნა.

ამ აპარატებს სისტემა "გლონასი" 100%-ით მოქმედად უნდა ექციათ. სხვადასხვა რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკები და სამხედროები ელოდნენ ამ მოვლენას და მისი წლის კოსმოსური მიღწევების სიაში შეტანას ვარაუდობდნენ.

"როსკოსმოსის" ოფიციალური საიტის მონაცემებით, რაკეტამზიდი "პროტონ-მ"-ი ბაიკონურის კოსმოდრომიდან მოსკოვის დროით 13:25 სთ-ზე გაუშვეს. სტარტიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, მზიდის უკანასკნელ საფეხურს ორბიტალური ბლოკი  გამოეყო. გაქანების (სიჩქარის) ბლოკის გამოყოფამდეც, "პროტონ-მ"-ი ტრაექტორიიდან 8 გრადუსით გადაიხარა.

"გლონასის" ერთი აპარატის ღირებულება ოფიციალურად არ არის ცნობილი. თუმცა როგორც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ანონიმმა წყარომ განაცხადა, "ერთი აპარატის ღირებულება დაახლოებით 70 მლნ-ია".

რუსეთი საკუთარი გლობალური თანამგზავრის სანავიგაციო სისტემის შექმნას 1970-იანი წლებიდან ცდილობს. ამ სისტემის, ისევე როგორც მისი ამერიკული ანალოგის ”NAVSTAR”-ის თავდაპირველი დანიშნულება სამხედრო მიზნებისთვის,  ობიექტების ზუსტი გეოგრაფიული მონაცემების დადგენა იყო.  მისგან ფინანსური მოგების ამოღება მოგვიანებით გადაწყვიტეს, როცა ამერიკელებმა საკუთარი "NAVSTAR"-ის ბაზაზე წარმატებული კომერციული ვარიანტი, GPS შექმნეს.

მომზადებულია kommersant.ru მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)