ავტორი:

"იმდენად შეწუხდნენ ჩემი მდგომარეობით მეგობრები, რომ ამერიკაში გამიშვეს..." - როგორ ცხოვრობს თამარ მაყაშვილი სკანდალის შემდეგ, რომელშიც ერთი კომენტარის გამო გაეხვა

"იმდენად შეწუხდნენ ჩემი მდგომარეობით მეგობრები, რომ ამერიკაში გამიშვეს..." - როგორ ცხოვრობს თამარ მაყაშვილი სკანდალის შემდეგ, რომელშიც ერთი კომენტარის გამო გაეხვა

გასული წლის ოქტომბერში, მსახიობი თამარ მაყაშვილი სკანდალში გაეხვა. მიზეზი ერთ-ერთ გადაცემაში ნათქვამი უწყინარი წინადადება გახდა. "ჩემ შვილებს არასოდეს ვაცმევდი სულელურ კაბებს. იმ დღეს გავიხედე და კატოს (რუსკას შვილი) არ აცვია ხულელი ბავშვივით, საშინელი ბეშუმური კაბა...“ - ეს იყო სიტყვები, რის გამოც მსახიობს სოციალური ქსელის საშუალებით ჯერ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, შემდეგ კი ბათუმის თეატრის მისამართით ისმოდა მოწოდება, რომ ქალბატონი თამარი, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ მსახიობად მუშაობდა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ.

მაშინ თამარ მაყაშვილს საზოგადოების დიდი ნაწილი მხარში დაუდგა და მსახიობის სიტყვებს უწყინარი ხუმრობა უწოდეს. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კი მსახიობის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო სპექტაკლიდან მოხსნა.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თეატრი ემიჯნებოდა დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. საჯაროდ ბოდიში მოიხადა მსახიობმაც.

როგორ აგრძელებს ცხოვრებას მსახიობი სკანდალიდან ხუთი თვის შემდეგ და რა ასწავლა მომხდარმა. თამარ მაყაშვილს, Ambebi.ge დაუკავშირდა. მსახიობი ბათუმში გახლდათ და რეპეტიციაზე შესასვლელად ემზადებოდა

- ქალბატონო თამარ, როგორ გრძნობთ თავს ცნობილი ამბების შემდეგ, ხომ არ აღგადგინეს თეატრში?

- კარგად ვარ, ყველაფერი ნორმალურად არის. აღმოჩნდა, რომ არც ვიყავი თეატრიდან გაშვებული, უბრალოდ, გარკვეული სანქციები იყო, ამით დასრულდა. ერთი თვის წინაც მქონდა სპექტაკლი ბათუმში და ხვალაც მაქვს. ახლა რეპეტიციაზე შევდივარ, თქვენთან საუბარს რომ მოვრჩები.

- ახლახანს ამერიკაში იმოგზაურეთ. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

- ჩემმა მეგობრებმა ჩამსვეს ტურისტულ ჯგუფში, საჩუქარი გამიკეთეს და გამიშვეს. პირველად ვიყავი ამერიკაში და შთაბეჭდილებებით ჩამოვედი. იქ ნუკი კოშკელიშვილი დამხვდა და გადამყვა. საოცარი ამერიკა მაჩვენეს ნუკიმ და მისმა ქმარმა. ცოტა ხანი ვიყავი და ნაცნობი ქართველების ყველას ნახვა ვერ მოვახერხე, ზოგს ეწყინა კიდეც. წამოსვლისას ვამბობდი, იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ჩამოვალ-თქო. საოცარი და დაუვიწყარი დრო გავატარე.

- ქუჩის მუსიკოსებთან ვნახე თქვენი საოცარი პერფორმანსები, მათ სიმღერებზე ცეკვავდით, მღეროდით.

- საერთოდ, ამერიკაში ქუჩის მუსიკოსები სასწაული ხალხია, როგორც მითხრეს, ბევრი ცნობილი შემსრულებელიც მღერის ქუჩაში და ამის გამო არავინ აქილიკებს. გინდა ქუჩაში იცეკვე და გინდა მეტროში იმღერე. არავის არ აღელვებს, ქუჩაში რითი გადაადგილდები.

- ქალბატონო თამარ, ცნობილ სკანდალს ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით?

- ეს იყო მოლიერის „აურზაური არაფრის გამო“. ამ ამბის შემდეგ კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

- მედიისთვის გამორჩეული რესპონდენტი ხართ, ხშირად სტუმრობთ სხვადასხვა გადაცემებს, მომხდარის შემდეგ საჯარო გამოსვლებისას ხომ არ დაკომპლექსდით?

- არა, გამგები გაიგებს და რა გითხრათ, არ უნდა მიაქციო ალბათ ადამიანმა ყურადღება. იმ დღეს რუსკას გადაცემაში ვიყავი და რაღაც ვთქვი და ბევრი ვიცინეთ, ახლა ამკენწლავენ-მეთქი. ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული. გეტყვით, რომ არ ყოფილა ზეწოლა თეატრის მხრიდან. ვისაც ამის გაკეთება დასჭირდა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს.

მახსოვს, იმ პერიოდში კარგად რომ არ ვიყავი, ჩემი მეგობრები იმდენად შეწუხდნენ, ჩემი შეშლილი შინაგანი სამყაროთი, მითხრეს თამარა, შენ გამოფხიზლება გჭირდებაო, თვითონ არ წავიდნენ ამერიკაში და მე გამიშვეს. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. წარმოიდგინეთ, არაფერი რომ არ გადამიხდია, ბილეთი მიყიდეს და მითხრეს, ახლა, ზეგ ნიუ-იორკში მიფრინავო...

წაიკითხეთ ასევე: