ავტორი:

პროვინციელი ბიჭისა და პრინცესას ზღაპრული სიყვარულის ამბავი - ვინ არის და როგორ ცხოვრობს შვედეთის მომავალი დედოფალი ვიქტორია

პროვინციელი ბიჭისა და პრინცესას ზღაპრული სიყვარულის ამბავი - ვინ არის და როგორ ცხოვრობს შვედეთის მომავალი დედოფალი ვიქტორია

საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია სტუმრობს. ის შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ვიქტორიას სტუმრობის მიზანი, როგორც შვედეთის საელჩოში აცხადებენ, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის ხაზგასმაა.

  • პრინცესა ვიქტორია შვედეთის მომავალი დედოფალია. ის შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და გავლენიანი ქალია.

46 წლის პრინცესა მეფე კარლ XVI-ის უფროსი შვილი და შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეა. კარლის შემდეგ სამეფო ტახტზე ავა და შვედეთის ისტორიაში მეოთხე დედოფალი გახდება. ვიქტორია იქნება 1720 წლის შემდეგ შვედეთის პირველი დედოფალი. ბოლოს დედოფალი ულრიკა ელეონორა იყო.

გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია აშშ-ში, იელის უნივერსიტეტში ორი წლის განმავლობაში სწავლობდა - 1998 წლიდან 2000 წლამდე. მუშაობდა ვაშინგტონში, შვედეთის საელჩოში. პრინცესას აქვს დისლექსია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ საუკეთესო მოსწავლე და სტუდენტი ყოფილიყო.

პრინცესა 2010 წელს დანიელ ვეტლინგზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი, პრინცესა ესტელი და პრინცი ოსკარი ჰყავს.

  • ამობენ, რომ დანიელისა და ვიქტორიას სიყვარულის ამბავი "დინსეის" ფილმისთვის იდეალური სცენარი იქნებოდა.

წყვილს დიდი ბრძოლა დასჭირდა იმისთვის, რომ მათი ურთიერთობა სამეფო ოჯახს მიეღო.

პრინცესა ვიქტორია დაიბადა სამეფო ოჯახში, იზრდებოდა მუდმივი ყურადღების ცენტრში, მედიის და კამერების გარემოცვაში. ორი წლის ასაკიდან ამზადებდნენ სამეფო ტახტისთვის და დედოფლობისთვის. დანიელი კი გაიზარდა შვედეთის პატარა ქალაქში, სახელად ოკელბოში, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს გვირგვინოსანი პრინცესა მისი ცოლი და შვილების დედა გახდებოდა.

ვიქტორია და დანიელი შვილებთან ერთად

  • როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი?

დავუბრუნდეთ 2001 წელს - დროს, როცა ვიქტორია ამერიკის შეერთებული შტატებიდან შვედეთში დაბრუნდა. სწორედ ამ პერიოდში დაასრულა ურთიერთობა ბიოფრენდთან, რომელთანაც მრავალწლიანი რომანი აკავშირებდა. დაშორების სირთულის გადატანას ადამიანები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ. ბევრის მსგავსად, ვიქტორიამ გადაწყვიტა, ვარჯიში დაეწყო. მეგობრის რჩევით, მან სტოკჰოლმში ერთ პატარა სპორდარბაზში დაიწყო ვარჯიში, რომელიც პირადმა მწვრთნელმა დანიელ ვესტლინგმა დააარსა.

დანიელმა საკუთარ თავზე აიღო, რომ ყოფილიყო შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესას პირადი მწვრთნელი. ვიქტორიას თქმით, პირველი შეხვედრისთანავე გაჩნდა მათ შორის კავშირი, თუმცა ეს ერთი ნახვით სიყვარული არ ყოფილა.

2009 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ ნიშნობის შესახებ განაცხადეს.

"მე და დანიელს დიდი და საფუძვლიანი მეგობრობა გვქონდა. ეს იყო მეგობრობა, რომელიც გაღრმავდა და შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა“, - ამბობს პრინცესა. დანიელი კი აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში მათ შორის "სრულყოფილი ქიმია გაჩნდა."

  • ეს ამბავი საზოგადოებისთვის ზღაპარს ჰგავს, პროვინციაში გაზრდილი კაცი პრინცესაზე ქორწინდება, თუმცა რეალურად, წყვილი ამბობს, რომ ერთად ყოფნა რომ შესძლებოდათ, დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ და "ეს ყველაფერი იყო, ზღაპრის გარდა."

"ამ გზაზე იყო ბევრი წინააღმდეგობა, რომელიც ზოგჯერ გადაულახავი მეჩვენებოდა", - იხსენებდა მოგვიანებით პრინცესა. დანიელმა, რომელსაც მანამდე არ ჰქონია ყურადღების ცენტრში ყოფნის გამოცდილება, აღიარა, რომ ეს არ მოსწონდა და ძალიან გაუჭირდა შეჩვევა. აწუხებდა მედიის ყურადღება და ზეწოლას გრძნობდა.

  • გარდა ამისა, მეფე და დედოფალი ამ ურთიერთობას სკეპტიკურად უყურებდნენ და არ სჯეროდათ, რომ დანიელი შეძლებდა პრინცის მოვალეობების შესრულებას და პასუხისმგებლობის აღებას. ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, შეძლებდა თუ არა დანიელი პრინცესას გვერდით ყოფილიყო დედოფლის როლის შესრულების დროს.

შვედეთის სამეფო ოჯახის თემაზე მომუშავე ჟურნალისტის, იოჰან ლინდვალის თქმით, დედოფალმა სილვიამ მეგობრებთან აღნიშნა, რომ უბრალოდ არ სჯეროდა, რომ დანიელისა და ვიქტორიას ურთიერთობა გაგრძელდებოდა.

ასევე ამბობდნენ, რომ მეფე უკმაყოფილო იყო და აკრიტიკებდა ქალიშვილს, რადგან "ასეთი უბრალო ადამიანი აირჩია." ის აქცენტს აკეთებდა განსხვავებაზე მათ ფინანსურ მდგომარეობას შორის. საბოლოოდ, წყვილმა დაუმტკიცა როგორც შვედეთის სამეფო ოჯახს, ასევე მთლიანად შვედეთს, რომ მათი სიყვარული ძლიერი იყო და რომ ყველა დაბრკოლებას გაუძლებდა.

2010 წელს ვიქტორია და დანიელი დაქორწინდნენ და ეს იყო მაგალითი სტანდარტების დამსხვრევის, მაგალითი იმისა, რომ შესაძლებელია ევროპულმა სამეფო ოჯახმა მიიღოს არასამეფო წარმომავლობის ადამიანი ოჯახის წევრად.

ამ ამბის შემდეგ პრინცესა ვიქტორიას ძმამ, ფილიპმა რეალითი შოუს ვარსკვლავზე იქორწინა და მას აღარ მოუწია დიდი წინააღმდეგობის გადალახვა.

ნახეთ ასევე: