ავტორი:

პეტერბურგელ არქეოლოგს სოცქსელებში გამოთქმული აზრისთვის 5.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - მას ერთ-ერთ ბრალად პუტინის "პუტლერად" მოხსენიება ედება

პეტერბურგელ არქეოლოგს სოცქსელებში გამოთქმული აზრისთვის 5.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - მას ერთ-ერთ ბრალად  პუტინის "პუტლერად" მოხსენიება ედება

რუსეთში დასმენების საფუძველზე ადამიანების დაკავებების სერია გრძელდება. ამჯერად სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ არქეოლოგს, კვლევითი მოძრაობის წევრსა და III ჯგუფის ინვალიდ ოლეგ ბელუსოვს 5-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბელუსოვი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის, ის "სამხედრო ფეიკების“ გავრცელებაშია ბრალდებული.

გარდა სასჯელისა, კაცს ასევე ოთხი წლით აეკრძალა ინტერნეტში პუბლიკაციების განთავსება.

55 წლის ბელუსოვს ბრალად ედება "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ შეგნებულად ყალბი ინფორმაციის“ საჯაროდ გავრცელება.

პროკურატურა არქეოლოგისთვის თავისუფლების 9,5 წლით აღკვეთას ითხოვდა.

გამომძიებლების თქმით, ბელუსოვმა გააკრიტიკა სამხედრო ოპერაციები უკრაინაში რუსულ სოციალურ ქსელში VKontakte და ერთ-ერთ დახურულ "ფეისბუქ-ჯგუფში". ბელუსოვის ადვოკატი ცნობით, ის სწორედ ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დაასმინა.

როგორც Novaya Gazeta Europe წერს, ბელუსოვი გაასამართლეს სოციალურ ქსელებში რამდენიმე პოსტის გამო, რომლებშიც ვლადიმერ პუტინს ქვეყნის "ძარცვასა“ და სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობაში სდებდა ბრალს, ასევე რუსეთის პრეზიდენტის სახელი სპეციალურად ისე იყო დამახინჯებული, რომ ის ძალიან ჰგავდა ჰიტლერის სახელს (სავარაუდოდ, "პუტლერი" - რედ.).

დაცვის მხარე ამბობს, რომ ერთ-ერთი ბოლო პოსტი, რის გამოც გაასამართლეს, ბელუსოვს არც ეკუთვნოდა.

ბელუსოვი გასული წლის ივნისის ბოლოს დააკავეს. დაკავების კადრები პოლიციამ გაავრცელა: SOBR-ის თანამშრომლები ბელუსოვის სახლში დილით ადრე შეიჭრნენ და მამაკაცი და მისი 22 წლის ვაჟი იატაკზე დააწვინეს.

ბელუსოვის განაჩენი აღმოჩნდა პირველი სასჯელი "სამხედრო ფალსიფიკაციის“ ბრალდებით, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გამოიტანეს.

Zaks.ru-ს ცნობით, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება კიდევ ექვსი პეტერბურგელი: მხატვარი ალექსანდრა სკოჩილენკო, პროექტის მენეჯერი ვიქტორია პეტროვა, ყოფილი პოლიტოლოგი ევგენი ბესტუჟევი, დოკუმენტალისტი ვსევოლოდ კოროლევი, "მშვიდობის წინააღმდეგობის" მონაწილე ოლგა სმირნოვა და მართლმადიდებელი ბლოგერი იოან კურმოიაროვი.

იხილეთ ასევე: