ავტორი:

"არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას?" - პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლა ხელისუფლების მწვავე კრიტიკით დაიწყო

"არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას?" - პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლა ხელისუფლების მწვავე კრიტიკით დაიწყო

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართავს.

  • გამოსვლა პრეზიდენტმა მთავრობის მწვავე კრიტიკით დაიწყო და პარლამენტის დარბაზში მყოფ სამთავრობო გუნდსა და "ოცნების" წარმომადგენლებს მიმართა:

"არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით. დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები.

დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას, არამედ ძალაუფლების გამყარებას. ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესული, თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, თქვენს რიგებში აღარ ისმის ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს, დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე.

ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ხალხის მანდატს.. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა. ეს ყველაფერი კი იქამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ბოლო ელჩი საყვედურებით გავაცილეთ" - მიმართა პრეზიდენტმა.

ნახეთ ასევე: