ავტორი:

სომხეთის თამამი ნაბიჯი და გაბრაზებული რუსეთი: როგორია პასუხი კრემლის მუქარაზე - "თუ პუტინი აქ ჩამოვა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღვასრულოთ"

სომხეთის თამამი ნაბიჯი და გაბრაზებული რუსეთი: როგორია პასუხი კრემლის მუქარაზე - "თუ პუტინი აქ ჩამოვა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღვასრულოთ"

"ღიმილიანი დაპირისპირება ზურგზე მიბჯენილი ხიშტით" - ასე აფასებენ სომეხი ანალიტიკოსები რუსეთ-სომხეთის ბოლოდროინდელ დაძაბულ ურთიერთობას. რამდენიმე დღის წინ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო რომის წესდების რატიფიცირებას.

ამას მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადება, სადაც იმედოვნებდა, რომ სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს არ შეუერთდებოდა.

"მოსკოვსა და ერევანში ეს საკითხი მაღალ დონეზე განიხილება და იმედია, ეს საკითხი სამოკავშირეო და ურთიერთგაგების ჭრილში მოგვარდება" - აღნიშნა ზახაროვამ.

ასევე, ორი დღის წინ მკაცრი გაფრთხილება მისცა რუსეთმა სომხეთს, რომ თუ ჰააგასთან კავშირს არ გაწყვეტს, მოსკოვი "სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს.

რუსული ახალი ამბების სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, რუსეთი სომხეთისგან მოითხოვს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს.

სომხეთში განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება/სტატუტი სომხეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და მისი რატიფიცირების შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერევანში ჩასვლის შემთხვევაში, სომხეთში მას დააპატიმრებენ.

პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში უკანონო გადაყვანისთვის წარუდგინეს, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა.

სომეხი ანალიტიკოსების თქმით, ზახაროვას იმედები, შესაძლოა უსაფუძვლო აღმოჩნდეს, რადგან ერთია დიპლომატიური სახის შენარჩუნება, მაგრამ სხვა საკითხია ის, რომ სომხეთი უერთდება იმ ქარტიას, რომელსაც ხელი 1999 წელს მოაწერა და ის, რომ ხელმოწერა დღემდე რატიფიცირებული არ არის, ისევ და ისევ "სტრატეგიული მოკავშირის" დამსახურებაა.

სომეხი პუბლიცისტის გორ არმათუნის თქმით, თუ რაღაც მიზეზების გამო, სომხეთის ხელისუფლება ჰააგის გადაწყვეტილების წაყრუებას შეეცდება, ეს მას რუსეთს სამუდამოდ მიაჯაჭვებს და დასავლეთის იმედი საბოლოოდ უნდა დაკარგოს.

"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება რომში 1998 წელს მიიღეს, ძალაში 2002 წელს შევიდა. სომხეთმა ქარტიას ხელი 1999 წელს მოაწერა. ის, რომ გადაწყვეტილება სისრულეში არ არის მოყვანილი, ანუ რატიფიცირებული არ არის, ეს წინა ხელისუფლებებს უნდა მოვკითხოთ, რომლებიც თავს რუსეთის ვასალებად მიიჩნევდნენ და მხოლოდ მათ კანონებს ცნობდნენ... პუტინი და მისი გუნდი, მხოლოდ უკრაინის კი არა, საქართველოს, სომხეთის წინაშეც არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ამიტომ, თუ შესაძლებლობა იქნება, ჩვენ ვალდებული ვართ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შევასრულოთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სომხეთი ჯერ კიდევ მხოლოდ რუსულ კანონებს ცნობს, დასავლეთზე კი, მხოლოდ ლაპარაკობს, ორივე სკამზე ერთდროულად ვერ დავსხდებით - პუტინი ერევანში სტუმრობით თავს არ იკლავს, მაგრამ თუ სიტუაციამ მოითხოვა და ჩამოვიდა, ჩვენ კონსტიტუციის თანახმად უნდა ვიმოქმედოთ. როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, რომ მეგობრობა მხოლოდ რუსეთისთვის არის ცალმხრივი. ის ყველაფერს ითხოვს ჩვენგან არაფრის სანაცვლოდ" - ამბობს არმათუნი.

კიდევ ერთი სომეხი პოლიტოლოგის, ანდრიას გუკასიანის შეფასებით, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს რომის სტატუტის რატიფიცირების სარგებელი და რისკები.

"პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ რომის სტატუტის რატიფიკაცია არის ის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც 2019 წლის 1-ელი მარტის შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა და სომხეთსა და ევროკავშირის შორის პარტნიორობის გაფართოებას ემსახურება.

1999 წლიდან, სომხეთი არის ამ კონვენციის ხელისმომწერი. თუმცა, ამ წლების განმავლობაში მისი რატიფიკაცია არ მომხდარა, რადგან 1995 წლის კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა სომხეთის მოქალაქეების დევნას ეროვნული მართლმსაჯულების სისტემის მიღმა. თუმცა, ქვეყნის ახალმა კონსტიტუციამ ეს შეზღუდვა გააუქმა... თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა გვინდა, უნდა მოვერგოთ იმ ნორმას, რომელსაც ევროპა კანონის უზენაესობად აწესებს".

პოლიტიკური მიმომხილველის არტემ გრიგორიანის შეფასებით, სტატუტის რატიფიკაცია, ქვეყანას დასავლეთის თვალში მეტ საიმედოობას შესძენს, თუმცა სომხეთის გეოპოლიტიკური მდებარეობა არ უნდა დაავიწყდეთ...

ნახეთ ასევე: