ავტორი:

ავღანური ბაჩა-ბაზი: სექსმუშაკებად გაწირული, მშობლების გაყიდული თუ მოტაცებული, პატარა "მოცეკვავე ბიჭები"

ავღანური ბაჩა-ბაზი: სექსმუშაკებად გაწირული, მშობლების გაყიდული თუ მოტაცებული, პატარა "მოცეკვავე ბიჭები"

ნებისმიერ საზოგადოებაში, მიუხედავად ქვეყნისა და ეპოქისა, რაც უფრო მკაცრად კონტროლდება ადამიანების ცხოვრება, მით უფრო ნაკლებად აქვთ მათ საკუთარი სექსუალური სურვილების ბუნებრივად დაკმაყოფილების საშუალება.

მაგალითად, ავღანეთში ამ მხრივ სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ არის. 9-17 წლის ბიჭები აქ მუდმივად განიცდიან სექსუალური სახის ძალადობას უფროსი მამაკაცებისგან. მეტიც, ამ "ტრადიციას“ აქ ერთგვარი სახეც აქვს მიცემული და ეს ყველაფერი საკმაოდ შოკისმომგვრელად გამოიყურება.

  • ჰომოსექსუალიზმი და პედოფილია

არატრადიციულ სექსუალურ კონტაქტებს რელიგიების უმეტესობა გმობს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. მაგალითად, ძველ ბერძნულ კულტურაში არ არსებობდა "ორიენტაციის“ ცნება - ელინები ყველა ადამიანს ბისექსუალობის პოსტულატიდან გამომდინარე განიხილავდნენ.

ამ საკითხით აქტიურად ინტერესდებოდნენ ანტიკური ფილოსოფოსები, მათ შორის პლატონი, სოკრატე და ა.შ. თავის ნაშრომებში ისინი არც ისე ცოტა დროს უთმობდნენ ამ თემას. სწორედ ამ ნაშრომებიდან ვგებულობთ, რომ უძველეს სამყაროში მამაკაცებსა და პატარა ბიჭებს შორის სექსუალური ურთიერთობები საკმაოდ გავრცელებული იყო. ბერძენი ფილოსოფოსები ხშირად კამათობდნენ, რომელი სიყვარული უფრო წრფელი და სუფთაა: ქალების თუ პატარა ბიჭების მიმართ?!

თანამედროვე ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიაზე მსგავსი ფენომენი მე-9 - მე-10 საუკუნეებში ჩამოყალიბდა. თუმცა მას თავისი სპეციფიკა ჰქონდა. საუბარია ბაჩა-ბაზზე - როცა ქალის სამოსში გამოწყობილი მოზარდი ბიჭები მამაკაცებს ეროტიული ცეკვებითა და სიმღერებით ართობდნენ.

ყველაფერი ცეკვა-სიმღერით რომ დასრულებულიყო, არავინ ახსენებდა ბავშვთა პროსტიტუციას. მაგრამ ავღანეთი ღარიბი ქვეყანაა და მოთხოვნა შეთავაზებას ნიშნავს. და შოუ პროგრამის შემდეგ ბიჭები, როგორც წესი, კლიენტებს ემსახურებოდნენ.

  • ვინ არიან ისინი?

"ბაჩა-ბაზი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს "იცეკვე ბიჭთან“ და თუ ერთი შეხედვით სიტყვათა ეს კომბინაცია ცუდს არაფერს ნიშნავს, სიტუაცია იცვლება, როცა ამის შესახებ უფროსი და შეძლებული მამაკაცები ლაპარაკობენ.

ბევრი ავღანელი მწერალი, უფლებადამცველი და დოკუმენტალისტი ამ პრობლემას თავის ნაწარმოებში შლის. დასავლურ მედიაშიც ხშირად ჩნდება სტატიები ბედკრულ პატარა ბიჭებზე, რომლებიც იძულებულნი არიან, პროსტიტუციით დაკავდნენ.

მაგალითად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილმა ანალიტიკოსმა კრის მონდლოკმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრეობდა ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ბაჩა-ბაზის მანკიერი პრაქტიკა აღწერა. მისი სტატია Foreign Policy-ში გამოქვეყნდა.

ამ ღარიბ ქვეყანაში ათასობით პატარა შემწეობის მთხოვნელი დადის, ეს კი პირდაპირი ლუკმაა ადამიანებისთვის, რომლებიც პატარა ბიჭების შერჩევით არიან დაკავებულნი. ხანდახან მათ პირდაპირ ქუჩებიდან იტაცებენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვს ოჯახიდან მშობლები ყიდიან, გარკვეული თანხის სანაცვლოდ...

ბიჭებს თავიდანვე გარკვევით უხსნიან, რომ დაუმორჩილებლობის ან გაქცევის მცდელობის შემთხვევაში, მათ სიკვდილი ელით. 10-11 წლის ბავშვებს ასწავლიან შესაბამის სიმღერას და ცეკვას. ხშირად ამას აკეთებენ ყოფილი ბაჩა-ბაზები, რომლებმაც სრულწლოვან ასაკს მიაღწიეს და კლიენტებისთვის ინტერესის ობიექტს აღარ წარმოადგენენ. საჯარო წარმოდგენისთვის მომზადებული ბავშვები მიჰყავთ რომელიმე დღესასწაულზე ან გასართობ დაწესებულებაში, სადაც მამაკაცები იკრიბებიან. ისინი ინტერესით უყურებენ, როგორ ცეკვავს ქალის სამოსში გამოწყობილი ბავშვი ეროტიულ ცეკვას.

აღნიშნულ ბიჭებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ თავისი ბედის მიმართ. თუ ერთი ნაწილი ამ საქმიანობას დამცირებად მიიჩნევს, სხვები ცდილობენ, სარგებელი იპოვონ და ასიამოვნონ გავლენიანი კლიენტი, რათა მომავალში მათი მფარველობით ისარგებლონ. არის შემთხვევები, როდესაც ყოფილი მეპატრონეები მართლაც ეხმარებიან ბიჭებს სამსახურის შოვნაში, მაგრამ ძირითადად სრულწლოვანი ბიჭები, რომლებმაც მამაკაცების თვალში მიმზიდველობა დაკარგეს, ქუჩაში ხვდებიან.

ფსიქოლოგიური ტრავმა კი, რა თქმა უნდა, ცხოვრების ბოლომდე რჩება.

  • გენდერული ინვერსია

მეცნიერულად, ფენომენს, როდესაც ერთი სქესის წარმომადგენლები არიან ერთმანეთის სექსუალური პარტნიორები, გენდერული ინვერსია ეწოდება. ავღანეთისა და პაკისტანის შემთხვევაში, ბაჩა-ბაზის მანკიერი პრაქტიკის მიზეზები ნათელია: იქ მამაკაცებს ხშირად არ აქვთ ქალებთან ურთიერთობის საშუალება.

აღმოსავლეთის მკვიდრთა მრავალცოლიანობა მითია. დაქორწინება იქ ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენს - პატარძლის ოჯახი ვალდებულია საკმაოდ დიდი ფასი გადაიხადოს, რაც, როგორც წესი, ღარიბი ქვეყნის მოსახლეობისთვის, იშვიათობას წარმოადგენს. შესაბამისად, მცდარია წარმოდგენა, რომ ბაჩა-ბაზის სპექტაკლების მაყურებელი ყველა გეი ან პედოფილია: ახალგაზრდას ცეკვისას ბევრი მათგანი, დიდი ალბათობით, ლამაზ გოგოს წარმოიდგენს და თვითმოტყუების ამ მომენტისთვის მზად არიან გადაიხადონ კიდეც. ცოტას თუ აინტერესებს თავად ბედკრული ბიჭების ბედი.

ადგილობრივებს ამ ტრადიციის რელიგიური გამართლებაც კი აქვთ მოფიქრებული: მათი რწმენით, სჯობს საკუთარი მშობლების მიერ მიტოვებული ან გაყიდული პატარა ბიჭები "შეწირონ“, ვიდრე მოიტაცონ გოგოები და ქალები, რომელთა ღირსების შელახვა დაუშვებელია.

ავღანეთში არის გამონათქვამიც კი: "ქალი ბავშვებისთვისაა საჭირო, ბიჭები - სიამოვნებისთვის“. ხშირია შემთხვევები, როცა ამ "ცოცხალი სათამაშოებით“ დაქორწინებული მამაკაცები მაინც ერთობიან. ცოლები აჩენენ შვილებს, აკეთებენ საშინაო საქმეებს და იძულებულნი არიან აიტანონ ქმრის ჰობი.

  • პირადი დრამა

2003 წელს გამოქვეყნდა ავღანელი მწერლის ხალედ ჰოსეინის რომანი "ფრანით მორბენალი“, სადაც აღნიშნული პრობლემა საკმაოდ მწვავედ არის გადმოცემული.

კინორეჟისორმა ნაჯიბულა ყურაიშიმ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი წვლილიც შეიტანა და თანამდებობის პირთა გამოსააშკარავებლად, რომლებიც ბავშვების უკანონო გაყიდვით იყვნენ დაკავებულნი, ფილმიც გადაიღო. "ავღანეთის მოცეკვავე ბიჭები“ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დიდ ეკრანებზე 2010 წელს გამოჩნდა. ერთი წლის შემდეგ კი მან უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის პრიზი მოიპოვა.

მიუხედავად ჰოსეინის ერთგვარი მხილებისა მთელი მსოფლიოს წინაშე, თანამედროვე ავღანეთში ოფიციალურ დონეზე, ხელისუფლება გააფთრებით ცდილობს, ეს პრაქტიკა დაგმოს, თუმცა ბავშვთა ტრეფიკინგის უკანონო ბიზნესს ბევრი თანამდებობის პირი და პოლიციის მაღალი რანგის ოფიცერი "მფარველობს“.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი