ავტორი:

"არ ვთვლი, რომ ჩემთვის გადახდილი ფულის გამო პატიმრობას იმსახურებს" - სტორმი დენიელსი დონალდ ტრამპზე

"არ ვთვლი, რომ ჩემთვის გადახდილი ფულის გამო პატიმრობას იმსახურებს" - სტორმი დენიელსი დონალდ ტრამპზე

ყოფილი პორნოვარსკვლავი, სტორმი დენიელსი, ამბობს, რომ მისთვის გადახდილი ფულის გამო აშშ-ის ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პატიმრობას არ იმსახურებს. აღნიშნულ თემაზე მან პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა.

"არ ვთვლი, რომ მისი დანაშაული ჩემს წინაშე ისეთია, პატიმრობას იმსახურებდეს“, - თქვა დენიელსმა.

ქალი დასძენს, რომ თუ ტრამპს დამნაშავედ სცნობენ სხვა ბრალდებებში, მაშინ უნდა დააპატიმრონ, რათა სხვებმა არ იფიქრონ, რომ მსგავსად მოქცევა მათაც შეუძლიათ.

სტორმი დენიელსის თქმით, ის მომავალ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემს. "დასამალი არაფერი მაქვს. მე ვარ ერთადერთი, ვინც ამ საქმეში სიმართლეს ამბობს“, - აცხადებს ქალი.

სტორმის თქმით, როდესაც დონალდ ტრამპი სასამართლო დარბაზში დაინახა, მას სხვადასხვაგვარი გრძნობა დაეუფლა და პირველ რიგში, ეს იყო სევდა. "მეფე ჩამოაგდეს, ხელშეუხებელი აღარაა“, - ამბობს სტორმი დენიელსი.

ტრამპი სასამართლო დარბაზში

  • ცნობისთვის, მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ.

მისივე განცხადებით, დენიელმა ტრამპისგან თანხა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაჩუმების სანაცვლოდ მიიღო საკითხზე, რომელიც ტრამპთან სექსს შეეხებოდა, რადგან თუ ეს ფაქტი გახმაურდებოდა, შესაძლოა, მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის იმიჯზე უარყოფითად ასახულიყო.

ტრამპმა დენიელს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.