"ყაზტრანსგაზით" "გაგუდულები"

"ყაზტრანსგაზით" "გაგუდულები"

ჩვენს სოციალურად და ეკონომიკურად შეჭირვებულ მოსახლეობას კომუნალური გადასახადების სიძვირე დიდ ტვირთად აწვება. შეიძლება ითქვას, აბონენტთა დიდი ნაწილის ნერვები "ყაზტრანსგაზის", "წყალკანალისა" და "თელასის" სადამსჯელო ჯგუფებთან ურთიერთობას ეწირება. ამას თან ერთვის ისიც, რომ ამ ორგანიზაციებსა და აბონენტებს შორის ნორმალური ურთიერთობა ვერა და ვერ გაიბა. დავის სამართლებრივი გზით გადაწყვეტა კი აზრს კარგავს, რადგან ამას დიდი დრო, ენერგია და არცთუ ცოტა თანხა სჭირდება.

"არის თუ არა ეს დოკუმენტი?!"

რაღა შორიდან დავიწყო... ბევრი ჩემი ნაცნობ-მეგობარივით მეტისმეტად გაძვირებული ცხოვრების ყულფში მეც ამოვყავი თავი... თავიდან გაზის მრიცხველების სადარბაზოებში გატანას სიხარულით შევხვდი... რატომ? ჯერ ერთი, დამღალა კონტროლიორებთან ურთიერთობის გარკვევამ. თანაც, ერთობ ხშირი სტუმრები იყვნენ. ჩემი ოჯახის წევრები ჰგონიათ თავი და უბოდიშოდ აღებენ ან პირიქით, ხურავენ ფანჯარას, ინტერესდებიან ბინაში მცხოვრებთა  სოციალური მდგომარეობით და სხვა ზედმეტ და მომაბეზრებელ კითხვებს სვამენ.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა "ყაზტრანსგაზის" მუშებმა მრიცხველის გასატანად  მომიკაკუნეს, გავიფიქრე, მორჩა, დავისვენებ კონტროლიორებისგან-მეთქი...  თურმე რა ამაოდ მიხაროდა... იმ დღიდან ხან კონტროლიორები მიკაკუნებენ კარზე, ხან "ყაზტრანსგაზის" ამოღების სამსახურის თანამშრომლები, ხანაც სადამსჯელო ჯგუფის წევრებთან მიწევს კამათი.

იმისთვის, რომ გაზის მოწოდება არ შემიწყვიტონ, გამომაქვს "ყაზტრანსგაზთან" გაფორმებული ხელშეკრულება ვალის სამ თვეზე გადანაწილების თაობაზე და იმის დამადასტურებელი ქვითრები, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს პატიოსნად ვასრულებ.  მაგრამ რად გინდა? ერთს დაარწმუნებ, მეორე მოდის, იმას გაისტუმრებ, მესამე მოგადგება და ასე, დაუსრულებლად... ბოლოს, როცა უკვე "ყვითელი ფურცლით" გამაფრთხილეს გაზის მოწოდებას შეგიწყვეტთო, მოთმინება დავკარგე...

- როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ზეწოლა? - ჩავძახე ყურმილში პრესსამსახურს, რომელმაც ვითარებაში გარკვევა სცადა და მაცნობა: კომპიუტერულ ბაზაში რაღაც აირია, თქვენი ხელშეკრულება შეწყვეტილია და  ხელახლა მოგიწევთ მისი "ყაზტრანსგაზთან" გაფორმებაო... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო,  ჩემი "დანაშაული" თურმე ის ყოფილა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადი (პირველი თვის შესატანი) წინსწრებით გადავიხადე(?!).

- ისეთი კომპიუტერული პროგრამა გვაქვს, თუ  წინსწრებით გადაიხდით თანხას და არა ზუსტად მითითებულ რიცხვში, ხელშეკრულება ავტომატურად შეგიწყდებათ, ამას თვითონ პროგრამა აკეთებს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო(?!), - გამომიცხადეს "ყაზტრანსგაზის" რაიონულ სადისტრიბუციო ცენტრში.

- არის თუ არა ეს დოკუმენტი და აქვს თუ არა მას იურიდიული ძალა? - ვიკითხე ბატონ იპოლიტე ხვიჩიასავით და ხელშეკრულების ასლი ავაფრიალე, მაგრამ არაფერმა მიშველა... მივხვდი, რომ  "ყაზტრანსგაზთან" ხელმეორედ ხელშეკრულების გაუფორმებლად უგაზოდ დარჩენა და გაყინვა არ ამცდებოდა ზამთარში.

დავის სამართლებრივ განხილვას კი, ალბათ, თვეები დასჭირდებოდა. "იძულების წესით" ხელმეორედ გავაფორმე ხელშეკრულება "ყაზტრანსგაზთან" და ხელმეორედ გადავიხადე მოთხოვნილი თანხის  40%. თუმცა, არც ახლა მაქვს გარანტია, რომ ისევ არ დაარღვევს "ყაზტრანსგაზი" ხელშეკრულებას. ვინ იცის, რას იზამს კომპიუტერული პროგრამა...

კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: "ხელშეკრულებას აქვს იურიდიული ძალა, რაც ვალდებულებას აკისრებს ორივე მხარეს. ფაქტია, "ყაზტრანსგაზმა" ის დაარღვია და ამით უსამართლოდ შეუქმნა პრობლემა მომხმარებელს. "ყაზტრანსგაზმა" ხომ იცოდა, როგორი პროგრამაც ჰქონდა და მისი მოვალეობა იყო, აბონენტისთვის თავიდან აერიდებინა პრობლემა. ამიტომაც ხელშეკრულების დარღვევის კანონიერ საფუძვლად კომპიუტერული პროგრამა ვერ განიხილება".

სად არის ქურა?!

არ გეგონოთ, რამეს ვიგონებდე ან ვაზვიადებდე!

ერთ დღეს ჩემს ნაცნობ თამთას ვესტუმრე, მეტად ჩაფიქრებული დამხვდა. თამთა ინგლისური ენის მასწავლებელია. ბინაში მარტო  ცხოვრობს და სამზარეულოში ტრიალი დიდად არ უყვარს. მოკლედ, "ყაზტრანსგაზიდან" მოსულ კონტროლიორს (ვინმე მედიკოს) თამთას პროდუქტების მარაგი შეუმოწმებია, მხოლოდ მზა საკვები აღმოუჩენია და ვერსად დაუნახავს გაზის ქურა! სად მუშაობთო, უკითხავს მედიკოს.

თამთას უთქვამს, უცხო ენის მასწავლებელი ვარო. ჰოდა, მედიკომაც მიუცუნცულა "ყაზტრანსგაზს" ამბავი, იმ ბინაში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, არამედ კომერციული საქმიანობით დაკავებული პირი ცხოვრობსო. მას შემდეგ, თამთას გათბობის ფულს კომერციული ფართისთვის განსაზღვრული ტარიფით ახდევინებდა.

"ნუთუ მაინცდამაინც ბორშჩის მომზადებისას უნდა ვენახე? განა კანონში წერია, ბინაში ქურა თუ არ დგას, აუცილებლად კომერციულ ფართად ითვლებაო? ხელმეორედ მოსულ მედიკოს ტახტიც ვაჩვენე, თეთრეულიც და მზა საჭმელიც,  მაგრამ არაფერმა  მიშველა. გამოდის, "ყაზტრანსგაზის" თანამშრომელი ბორშჩის მომზადებას მაიძულებს!" - შემომჩივლა გაოგნებულმა თამთამ.

მოქმედი კანონმდებლობით, კერძო რეპეტიტორები არ იბეგრებიან, რის შესახებაც გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა  საჯაროდ განაცხადეს. ეს იმას ნიშნავს, რომ  მათ შეუძლიათ თავიანთ ბინაში მოსწავლეების მიღება. საინტერესოა, რის საფუძველზე ჩათვალა "ყაზტრანსგაზმა", რომ  თამთას ბინა არა საცხოვრებელი, არამედ კომერციული ფართობია?

ვითარებაში გასარკვევად ჩვენ "ყაზტრანსგაზის" პრესსამსახურს დავუკავშირდით:

- თქვენ წარმოგიდგენიათ ადამიანი გაზქურის გარეშე? - გაღმა შემომედავნენ ორგანიზაციის თანამშრომლები.

- ადამიანი ცხოვრობს მარტოდმარტო. შინ არ ამზადებს კერძებს, იკვებება მხოლოდ მზა პროდუქტით. შესაბამისად, არც სჭირდება გაზქურა. იქნებ სამართლებრივ ენაზე ამიხსნათ, რის საფუძველზე განსაზღვრა კონტროლიორმა მედიკომ, რომ ბინა არა კერძო პირის საკუთრება, არამედ კომერციული ფართია? - ვერ დავმალე გაოცება, რის შემდეგაც პრესსამსახურის თანამშრომლებმა "ყაზტრანსგაზის" იურისტთან რუსუდან ბაქანიძესთან მიმავლინა.

- არსებობს "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონი, აგრეთვე სემეკის 2009 წლის #12 დადგენილება "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" შესახებ, ასევე დადგენილება "ბუნებრივი გაზის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე" - ამ საკითხს ეს ნორმატიული აქტები არეგულირებს, კერძოდ, განსაზღვრავს მომხმარებლის კატეგორიას.  არის თუ არა ბინა  კომერციული (შესაბამისად, ტარიფიც განსხვავებულია. - ავტ.) ამის განსაზღვრა საჯარო რეესტრის ამონაწერით შეიძლება.

- მაგრამ საჯარო რეესტრის ამონაწერით  ბინა კერძო პირის საკუთრებაა, რის საფუძველზე მიიჩნიეთ ის კომერციულად?

- შეიძლება ამონაწერის მიხედვით ბინა კერძო პირის საკუთრება იყოს, მაგრამ არ არის გამორიცხული, სახელშეკრულებო ან სხვა ურთიერთობიდან გამომდინარე იყოს გახსნილი საწარმო.

- ეს ხომ  ოფიციალური დოკუმენტით ან თუნდაც  ხელშეკრულებით უნდა დადასტურდეს?

- სამოქალაქო კოდექსი "ზეპირ ხელშეკრულებასაც"  იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად აღიარებს. 

- მაგრამ "ზეპირი ხელშეკრულების" არსებობას მხარეები უნდა ადასტურებდნენ. კონტროლიორ მედიკოს რით შეუძლია დაადასტუროს, რომ "ყაზტრანსგაზის" აბონენტს ზეპირი გარიგება აქვს რომელიმე პირთან და საერთოდ, რამდენად უფლებამოსილია ის ამისთვის?

- თქვენ ჩემს საუბარს იწერთ?

- დიახ.

-  მე მმართველისგან არ მაქვს მონიჭებული უფლება, ორგანიზაციის წარმომადგენლის სახელით მოგცეთ კომენტარი.

- მაგრამ მე თქვენთან "ყაზტრანსგაზის" პრესსამსახურმა დამაკავშირა.

- ჩემს სიტყვებს  უკან არ წავიღებ. უკვე გითხარით, რომ საკითხს, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, არეგულირებს ნორმატიული აქტები.

კახა კოჟორიძე: "სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დადების დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ მხარეებს და არა "ყაზტრანსგაზის" კონტროლიორს.

გაზის ქურის ქონა-არქონა არ არის მამტკიცებელი იმისა, რომ ბინას კომერციული დანიშნულებით იყენებენ. საქართველოს  ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, ერთი ან მეტი სახლის მფლობელი იყოს და სავსებით შესაძლებელია, რომელიმე სახლში ქურა არ ჰქონდეს, ე.ი. მუდმივ საცხოვრებლად არ იყენებდეს. ასე რომ, ამ ბინის ასე რომ, ამ ბინის მობინადრის კომერციულ მომხმარებლად კვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია".

ეკა ასათიანი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"