დიმიტრი შაშკინი - ყველა დაპირება, რომელიც საზოგადოებას ერთი წლის წინ მივეცით, შევასრულეთ

დიმიტრი შაშკინი - ყველა დაპირება, რომელიც საზოგადოებას ერთი წლის წინ მივეცით, შევასრულეთ

ერთი წლის წინ საზოგადოებისთვის მიცემული ყველა დაპირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სრულად შეასრულა. ეს განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა განათლების სამინისტროში განათლების სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის დროს გააკეთა.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა 2010 წელს განხორციელებული რეფორმის ანგარიში წარუდგინა. მინისტრის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლების სფეროში პროგრესი შეინიშნება. "ყველა ის დაპირება, რომელიც საზოგადოებას ერთი წლის წინ მივეცით, შევასრულეთ. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა, ქვეყნის მოსახლეობის 65% დადებითად აფასებს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს, 70% კი – ამ რეფორმების მომავალ წლებში გაგრძელებას ელოდება", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ რა შეიცვალა სასწავლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. მთავარ მიღწევად, განათლების მინისტრმა, ის გარემოება ჩათვალა, რომ მოსწავლე სკოლას დაუბრუნდა. "თითქმის აღმოიფხვრა დაგვიანების და უმიზეზოდ სკოლის გაცდენის ფაქტები. სკოლებში აღარ ხდება დანაშაული. სამინისტრო მიზანმიმართულად ახორციელებს პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას და სწავლის ხარისხის ამაღლებას. იგულისხმება როგორც სასწავლო პროგრამები, ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობა, მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვა", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე თქმით, 2014 წლამდე ყველა მასწავლებელი იქნება სერტიფიცირებული. შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და ხელმძღვანელები. მათ შორის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიმიტრი შაშკინი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"