ავტორი:

"ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე - რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები..." - მელია კეზერაშვილის სკანდალზე

"ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე - რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები..." - მელია კეზერაშვილის სკანდალზე

ენმ-ს ყოფილი თავჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ შესახებ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით BBC-ს საგამოძიებო სტატიას ეხმაურება. მელიას თქმით, ადამიანი იქამდე არ ითვლება დამნაშავედ, ვიდრე ამას სასამართლო არ დაადგენს, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ კოლეგებისგან ისურვებდა ისეთივე რეაქცია ჰქონდეთ, როგორიც ექნებოდათ - ეს რეპორტაჟი რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ BBC-ზე გამოქვეყნებული სკანდალური სტატია საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებაზეა, მასში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. გამოძიების პროცესში ასევე 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton Group-ის მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული გვარები Panama Paper-ის დოკუმენტებშიც იძებნება.

ნიკა მელია:

"ადამიანი არაა დამნაშავე, ვიდრე არ დაადგენს სასამართლო. ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია. ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV. მოკლე კომენტარს გავაკეთებ BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, ვრცლად მოგვიანებით.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე - რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს "გამოსავალს", "ახსნასა" და "განმარტებას" ეძებენ... შედიან დეტალებში, როდესაც პრობლემა არა დეტალებში, არამედ არსშია.

მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის. ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც "გამოსავალსა" და "ახსნას" ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება.

ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე - ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა "დავალებიდან" გამომდინარე.

თუ ქართული ოცნების დეპუტატებს ვთხოვთ, ან ვთხოვდით ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა "მოსახერხებელი" პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისაგან - ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ - ეს რეპორტაჟი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა".

იხილეთ ასევე:

კეზერაშვილი მილიარდერ თაღლითებს შორის, რომლებიც "ცხოვრებას იპარავენ" - BBC - ის შოკისმომგვრელი გამოძიება და ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ სქემა, რომლითაც ადამიანებს ძარცვავენ