საქართველოში მოქმედ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ჩამოერთმევათ. ამის შესახებ ცნობილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს გახდა, სადაც დიმიტრი შაშკინმა განათლების სფეროს წარმომადგენლებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმის შედეგები გააცნო.
შაშკინის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტები არამომგებიანი იურიდიული პირები გახდებიან და ამ გზით მათ გაცილებით ფართო ავტონომიური უფლებები მიენიჭებათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ განუმარტა, ახალი სტატუსის შესაბამად, უნივერსიტეტები კერძო სამართლის იურიდიული პირები გახდებიან და ფინანსური ოპერაციების ჩასატარებლად მეტი საშუალება ექნებათ.
"ცვლილება უნივერსიტეტებს ძალიან დიდ დამოუკიდებლობას მიანიჭებს. მათ განვითარებისათვის მეტი თანხების მოზიდვა თავად შეეძლებათ. შექმნიან სპეციალურ ფონდებს და თანხებს ამა თუ იმ საჭიროების მიხედვით დახარჯავენ. თუმცა ეს ცვლილება არ გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტები სახელმწიფოსგან არ დაფინანსდებიან. პირიქით, მათ საკუთრებაში გადაეცემათ შენობა-ნაგებობები და სხვა სასწავლებლებს კონკურენციას ექსკლუზიური პროგრამებითა და გამართული ინფრასტრუქტურებით გაუწევენ", - განაცხადა კერესელიძემ.
მისივე თქმით, ცვლილების პროექტი სამინისტროში უკვე რამდენიმე თვეა მუშავდება და უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ცნობილი გახდება.