9 დეკემბერი აწ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. ზურაბ ჟვანიას ძმა გოგა ჟვანია ამბობს, რომ სასაფლაოზე წელსაც კვლავ ის ადამიანები შეიკრიბებიან, ვინც ზურაბ ჟვანიას ერთგული დარჩა.
მივლენ ხელისუფლებაში მყოფი ჟვანიას თანაგუნდელებიც, ოღონდ, როცა იქ პრემიერის ოჯახის წევრები აღარ იქნებიან. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე ექვსი წლის შემდეგაც ბურუსითაა მოცული. გოგა ჟვანია ვარაუდობს, რომ საქმე მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაიხსნება.
- ეს რომ მკვლელობა იყო, ჩვენთვის, ზურას ახლობლებისთვის, ისედაც ნათელია. გასარკვევია მხოლოდ, ვინ განახორციელა, ვისი მითითებით მოხდა ეს მკვლელობა და რა მიზნით. როდესაც ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, საქართველოში განვითარებულ ბევრ ბოლოდროინდელ მოვლენას აეხდება ფარდა. ეს საქმე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ძალიან მალე გაიხსნება, რადგან ბევრი და მნიშვნელოვანი მტკიცებულება არსებობს...
- დღეს ზურაბ ჟვანიას ბევრი მეგობარია ხელისუფლებაში. ნაწილი, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დაატოვებინეს, ალაპარაკდა, ზურაბ ჟვანია მოკლესო. რას იტყვით მათზე, ვინც ხელისუფლებაში არიან და დუმილს ამჯობინებენ?
- ყველა ამ ადამიანს ვუწოდებდი ყოფილ მეგობარს, ისინი მეგობრები იყვნენ, ვიდრე ზურა ცოცხალი იყო და მასში საყრდენს ხედავდნენ, როგორც კი ეს საყრდენი გამოეცალათ, ყველამ საკუთარი თავის გადარჩენაზე დაიწყო ზრუნვა. გამბედაობა და ვაჟკაცობა არ ეყოთ, სიმართლე ეთქვათ საზოგადოებისთვის.
- რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას..
- ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაც საეჭვო იყო, მაგრამ ამაზე სჯობს, მისმა ოჯახის წევრებმა ისაუბრონ. იმხანად ისეთი ვითარება შეიქმნა, არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანს გული გასკდომოდა - ბადრი ძალიან განიცდიდა იმდროინდელ მოვლენებს... მაგრამ ეს არ ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, რომელმაც აღვირახსნილი კამპანია აწარმოა ბადრის წინააღმდეგ, მხოლოდ იმისთვის, რომ გაბედა პოლიტიკაში მოღვაწეობა. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ის იყო უკანასკნელი ადამიანი, რომელსაც ქვეყანაში რაღაცის შეცვლა შეეძლო.
- თქვენ იზიარებდით ზურაბ ჟვანიას პოლიტიკურ კურსს "ვარდების რევოლუციის" დროს?
- "ვარდების რევოლუციას" მხარს ვუჭერდი. იმიტომ, რომ იმ დროს აუტანელი ვითარება იყო და იმედით ვიყავი გამსჭვალული. მეგონა, ეს სასიკეთო ცვლილებებს მოიტანდა ქვეყანაში. "ვარდების რევოლუციას" სათავეში ედგა, პირველ რიგში, ზურა, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სურდათ, რომ შევარდნაძისა და აბაშიძის კლანი ჩაენაცვლებინათ თავიანთი პიროვნებით. უნდა ვთქვა, რომ ეს წარმატებით მოახერხეს.
- ბატონი ზურაბი ოჯახში თუ ლაპარაკობდა საფრთხეზე?
- საფრთხეებზე, რომელიც არსებობდა, ჩვენს ოჯახში სულ იყო საუბარი. ზურა ოჯახის წევრების დასამშვიდებლად ცდილობდა, არასერიოზულად მისდგომოდა ამ თემას, მეც იმავეს ვაკეთებდი - როცა დედაჩემი დაიწყებდა ლაპარაკს, ზურას მოკლავენო, ვამშვიდებდი.
- რატომ გაჩნდა შიში, რომ ბატონ ზურაბს მოკლავდნენ, ან ვისი მხრიდან ელოდით საფრთხეს?
- ზურა ამოვარდნილი იყო პროცესებიდან, მისი თვალსაზრისი, მიზნები, არ ემთხვეოდა გარშემომყოფებისას. ის ზრუნავდა, რომ ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა, დანარჩენები ან ემსახურებოდნენ საგარეო ინტერესებს, ან გაერთიანებული ჰქონდათ საგარეო და პირადი ინტერესები. ახლაც ვხედავთ, რომ საქართველოს მართავენ ადამიანები, რომლებსაც არ ადარდებთ ამ ქვეყნის ბედი, ისინი ორიენტირებული არიან მხოლოდ პირად ინტერესებზე.
- დღევანდელ სიტუაციას როგორ შეაფასებთ, როცა ოპოზიცია, თავისი მოქმედებით ხელისუფლებას უფრო აძლიერებს?
- ე.წ. კრიზისული ვითარებიდან, რომელიც ქვეყანაში 2007 წლიდან დღემდე მეორდება, ხელისუფლება გაძლიერებული გამოდის. ოპოზიცია ვერ ახერხებს იმ მუხტის სწორად წარმართვას, რომელიც რეალურად არსებობს საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ მოიძებნა პიროვნება, რომელსაც შეუძლია ხალხის ემოცია და ძალა გამოიყენოს და ქვეყნის სასიკეთოდ წარმართოს.
- ერთ ხანს აქტიურად მოღვაწეობდით პოლიტიკაში, ახლა აღარ ჩანხართ...
- პოლიტიკაში მოღვაწეობა ბადრი პატარკაციშვილმა შემომთავაზა. მეც ვფიქრობდი ამაზე და ამიტომაც დავთანხმდი. მიმაჩნდა, რომ ბადრი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო შექმნილი ვითარება შეეჩერებინა და შემოეტრიალებინა. სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები, ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, საბოლოო ჯამში კი, ეს შედეგი მივიღეთ. ამ ეტაპზე არც ერთი პოლიტიკური გუნდის მიმართ არა მაქვს სიმპათია. შეიძლება პიროვნულად მომწონდეს ესა თუ ის ადამიანი, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი - არა.
- თქვენ ხშირად მწვავედ აკრიტიკებდით ხელისუფლებას, ამის გამო ხომ არავინ დაგმუქრებიათ?
- პირდაპირი მუქარა არ ყოფილა, მაგრამ პრობლემები შეგვიქმნეს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემი მეუღლე, რომელიც 14 წელიწადია საკმაო წარმატებით მუშაობდა გარემოს დაცვის სამინისტროში, სამსახურიდან გაათავისუფლეს, შტატი გაუუქმეს. ალბათ, ასეთი ინსტრუქცია მიიღო გარემოს დაცვის მინისტრმა. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ჩემი ბიზნესი დიდი არაფერია, როგორც იტყვიან, "ჩიტი ბდღვნად არ ღირს".
- ზურაბ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, შეძლებდა თავიდან აეცილებინა ქვეყნისთვის ის მოვლენები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ განვითარდა?
- ზურას დიდი გავლენა ჰქონდა და, ალბათ, ამიტომაც მოიცილეს. ზურას და სააკაშვილს შორის დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. სააკაშვილის გუნდი ზურას ყოველთვის უქმნიდა პრობლემებს. მათი მიზანი იყო, რომ ზურას წარმატებისთვის არ მიეღწია და ხელმოცარული ყოფილიყო, შემდეგ კი მასზე შეეხოცათ ხელი, მაგრამ ზურამ უმოკლეს დროში იმაზე მეტი პრობლემის მოგვარება მოახერხა, რისი მოგვარებაც შეიძლებოდა ერთ წელიწადში.
- რა მიგაჩნიათ მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდ შეცდომად?
- სააკაშვილს არ უყვარს თავისი ქვეყანა, ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე და პირად ინტერესზე. ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს, საქართველო თავის კონტროლს დაუქვემდებაროს, შექმნას პოლიციური სახელმწიფო. ასეთი შიში საზოგადოებაში, მგონი, სტალინის ეპოქის შემდეგ არ ყოფილა. არ შეიძლებოდა ქართველ საზოგადოებას გვეპატიებინა ხელისუფლებისთვის, რაც 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა, მაგრამ მივუტევეთ. საქართველოში ნებისმიერი სფერო და დარგი დეგრადირებულია...
- ბოლო ხანს მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია მისი საუკეთესო მეგობარი იყო...
- სააკაშვილის გულწრფელობაში ეჭვი ყოველთვის მეპარებოდა, ის არის ადამიანი, რომელსაც პათოლოგიურად არ შეუძლია სიმართლის თქმა. ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბუნებრივია, ცდილობენ, ზურას არ გაემიჯნონ.
- როგორ განვითარდება პროცესები ახლო მომავალში?
- ჯერჯერობით ოპტიმიზმის საფუძველი არ ჩანს, თუმცა მგონია, რომ მუხტი და განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია, აუცილებლად გამოვლინდება. შეუძლებელია ასე უსასრულოდ გაგრძელდეს. ყველაზე ძლიერი იმპერიებიც კი დაემხო, თუმცა გამორიცხულია, რომ ამათმა ხელისუფლება ნებით დათმონ, რადგან ლაპარაკია დიდძალ ფულზე და ძალიან ბევრ სისხლზე, ამიტომ ნებით არავინ არაფერს დათმობს.
ეს ძალიან ცუდია, რადგან რევოლუციას მოჰყვება უარყოფითი შედეგი და ამის ნათელი მაგალითი ჩვენი უახლესი ისტორიაა... მაგრამ სხვანაირად ხელისუფლების შეცვლა, ალბათ, ვერ მოხდებოდა.
სოფო ჭიპაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)