გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიმინალური პოლიციის შეფის, ერეკლე კოდუას ძმას, გიორგის, ბიზნესი წაართვეს და იგი აფრიკაში გაიქცა, ითქვა, რომ ეს ლადო გურგენიძის "ლიბერთი ბანკსა" და გიორგი კოდუას "სქაი-ჯორჯიას" შორის დაპირისპირების გამო მოხდა: გვესაუბრება გიორგი კოდუას დედა, ქალბატონი ლაურა ღაჭავა:
- ქალბატონო ლაურა, მართალია, რომ თქვენი ვაჟის ავიაკომპანია ლადო გურგენიძემ ჩაიგდო ხელში და თქვენი ვაჟიშვილი აფრიკაში წავიდა საცხოვრებლად?
- არა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გიორგის კომპანიას ლადო გურგენიძის ბანკიდან მილიონნახევრიანი ვალი აქვს აღებული და რეაბილიტაციისთვის სასამართლოში აქვს შეტანილი განცხადება. გრაფიკს დააწესებენ და ვალს გადაიხდიან. რაც შეეხება აფრიკაში გიორგის წასვლას, ეს მის ბიზნესს და სამსახურებრივ ინტერესებს უკავშირდება.
ცოტა ხნის წინ გიორგი იმყოფებოდა ევროპაში ავიაციის კონფერენციაზე, სადაც მიიღო წინადადება, რამდენიმე თვით ჩასულიყო აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, კერძოდ, ტანზანიაში კონსულტანტად და იქაურ კომპანიას დახმარებოდა. აფრიკელ ავიაციის მინისტრს მოეწონა გიორგის ბიზნესგეგმა და გიორგიმ გადაწყვიტა იქ რამდენიმე წლით სამუშაოდ წავიდეს.
- წასვლის შემთხვევაში, ვინ უხელმძღვანელებს საქართველოში მის ბიზნესს?
- კომპანიამ დროებით შეაჩერა სამგზავრო რეისები და ამჟამად სატვირთო გადაზიდვას აწარმოებს. კომპანიას გიორგის უცხოელი მოადგილე უხელმძღვანელებს. ეს დროებითია. გიორგი კომპანიიდან სულ არ მიდის. არ არის გამორიცხული, სულაც გადაიფიქროს წასვლა.
მე, როგორც დედა, უარს ვეუბნებოდი ამაზე, პატარა შვილი ჰყავს და ძნელია, ასე შორს წასვლა... გიორგი, ალბათ, პატარას ჩვენ დაგვიტოვებს და აფრიკაში მეუღლესთან ერთად წავა, რადგან სადაც მიდის, სულ თან დაყავს. ღმერთმა მაშოროს, სულ წავიდეს, ჩემს შვილს გასაქცევად არა აქვს საქმე!
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)