"რუსკი რეპორტიორი" - ომი ომის შემდეგ, რატომ აგებს რუსეთი მშვიდობას

"რუსკი რეპორტიორი" - ომი ომის შემდეგ, რატომ აგებს რუსეთი მშვიდობას

ომი ომის შემდეგ - რატომ აგებს რუსეთი ისევ მშვიდობას, - ასეთი სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა "რუსკი რეპორტიორი" ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე სპეციალურ რეპორტაჟს.

ჟურნალისტი იულია ვიშნევეცკაია რეპორტაჟში წერს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ომი დღესაც გრძელდება.

"ოსეთში ომი დღემდე გრძელდება, თუმცა ამჯერად რუსეთი საქართველოს კი არა, თავად სამხრეთ ოსეთს ეომება. მართალია, ადამიანები აქ ერთმანეთს არ კლავენ, სამაგიეროდ, აშინებენ, ბრალს დებენ, ციხეში სვამენ... ცხინვალი დღესაც ისევე ნანგრევებში წევს, როგორც ომის დროს... 2008 წელს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთი ფიქრობდა მის საკუთარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ჩართვას, თუმცა ეს ამ დრომდე შეუძლებელია. კრემლიდან უზარმაზარი თანხების განკარგვას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება არაღიარებული სახელმწიფოს კანონებით ცდილობს, მოსკოვის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს კი ღალატად აფასებს", - წერს ვიშნევეცკაია.

რეპორტიორი ამბობს, რომ 2011 წელს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა 6 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს.

"2011 წელს სამხრეთ ოსეთისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა 6.8 მილიარდს გადააჭარბებს. ბოლო დრომდე რუსეთი ცდილობდა მკაცრად გაეკონტროლებინა გამოყოფილი ფინანსური დახმარების ხარჯვითი ნაწილი და სამშენებლო კომპანიებისგან თითოეული ნაბიჯზე ანგარიშს ითხოვდა. თუმცა მომავალი წლიდან სქემა შეიცვლება და თანხა პირდაპირ რესპუბლიკის ბიუჯეტში ჩაირიცხება, რუსული მხარის მოსაზრებები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება. ასე რომ, ოსი ჩინოვნიკები გაცილებით მეტ დამოუკიდებლობას მიიღებენ. თუ გავითვალისწინებთ ბოლო 2 წლის გამოცდილებას, ადვილი წარმოსადგენია, რა გამოვა ამ გადაწყვეტილებიდან", - წერს "რუსკი რეპორტიორის" ჟურნალისტი.

ვიშნევეცკაია წერს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ერთი წელია, რაც ორხელისუფლებიანობაა.

"ერთ წელზე მეტია, რაც აქ ოსების პრეზიდენტისა და რუსეთის პრემიერის არც ისე მყარი ორხელისუფლებიანობა სუფევს. 2009 წელს სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარედ ვადიმ ბროვცევი დაინიშნა. აქამდე ის ჩელიაბისნკის მსხვილ სამშენებლო კომპანიას ხელმძღვანელობდა, ცხინვალში კი თანამემამულის, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის რომან პანოვის რეკომენდაციით მოხვდა... ის მესამე, ვის მოშორებასაც კოკოითი ცდილობს. პირველი იური მოროზოვი თანამდებობიდან ომიდან ერთი კვირის შემდეგ გათავისუფლდა. მეორემ, ასლანბეკ ბულაცევმა პოსტზე მხოლოდ სამი თვე გაძლო: მასთან ნიღბიანები მივიდნენ და "ჩამოაგდეს", თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად "ცუდი განწყობა" დასახელდა. ბროვცევი უკვე მეორე წელია ცდილობს, გაძლოს, თუმცა არიან კი რესპუბლიკაში ადამიანები, რომლებზეც დაყრდნობა ბროვცევს შეუძლია, უმნიშვნელოვანესი კითხვაა", - წერს "რუსკი რეპორტიორი".

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?