ავტორი:

"კრედიტი ავიღე და ამ სახლის რეაბილიტაცია დავიწყე... მოგვყავს მოსავალი, ნაწილს ოჯახისთვის მოვიხმართ" - ერთ დროს ცნობილი დიზაინერი მიწას შეეჭიდა: თათა ვარდანაშვილის საოჯახო მეურნეობა თელავში

"კრედიტი ავიღე და ამ სახლის რეაბილიტაცია დავიწყე... მოგვყავს მოსავალი, ნაწილს ოჯახისთვის მოვიხმართ" - ერთ დროს ცნობილი დიზაინერი მიწას შეეჭიდა: თათა ვარდანაშვილის საოჯახო მეურნეობა თელავში

ცნობილ დიზაინერს თათა ვარდანაშვილს ბოლო რამდენიმე წელია, რიგი მიზეზების გამო შემოქმედებით ცხოვრებაში ტაიმ-აუტი აქვს აღებული. ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ, დიდი ხნის დუმილის შემდეგ, ექსკლუზიური ინტერვიუ მოგვცა. (წაიკითხეთ: "ოჯახის წევრებმა არ დამინდეს, იძულებული გავხდი სახელი და გვარი შემეცვალა" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი: თათა ვარდანაშვილი მძიმე დღეებზე, ოჯახსა და გეგმებზე)

ამჯერად მასთან სამეურნე გამოცდილებასა და სოფელთან ურთიერთობაზე ვისაუბრებთ. თბილისში დაბადებულსა და გაზრდილ თათას მეურნეობის კუთხით არც ისე მცირე გამოცდილება აქვს. ჰყავს თხები, უვლის ვენახს, აყენებს ღვინოს და უზომოდ უყვარს მამაპაპისეული სოფელი ართანა. ეს ყველაფერი კი მისი პაპა-ბებიის იქ დაწყებული საქმის გაგრძელებაა...

ამასთან, აქვს კიდევ საინტერესო გეგმები, რაზეც ვრცლად მასთან ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- არა მარტო მე ვარ თბილისში დაბადებული და გაზრდილი, დედის მხრიდან მეცხრე და მამის მხრიდან მეშვიდე თაობის თბილისელი ვარ. მიუხედავად ამისა, სოფელთან მჭიდრო კავშირი ყოველთვის გვქონდა. არც მამის მხარე და არც დედის, თავის წარმომავლობას არ კარგავდნენ. მუდმივად ინარჩუნებდნენ მამაპაპისეულ კარ-მიდამოს და სოფელთან კავშირს. ამიტომ ზაფხულში ტრადიციულად ჯერ საგარეჯოში ჩავდიოდით, სადაც დედაჩემის დედას მამაპაპისეული კერა ჰქონდა - უძველესი რიკულებიანი სახლი. ბავშვობაში იქ საზაფხულო არდადეგების ნახევარს ვატარებდი.

15 წლის რომ ვიყავი, მამამ თელავის რაიონში, თავის სოფელ ართანაში, სადაც პაპას ძირძველი მიწა-წყალია, ძველი სახლი შეიძინა. იქ სამკვიდრო მიწა გვაქვს. სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარა. მალე ბებიას (მამის დედა) მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, არანაირ იმედს არ გვაძლევდნენ, რომ გადარჩებოდა. 80-იანი წლები იყო და ექიმ ბებიას ასევე ექიმებმა დარჩენილი დროის გატარება, კრისტალურად სუფთა ჰაერზე ურჩიეს. მათი თქმით, რადგან სამი დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, გადაწყვიტა, მამაჩემს სოფელში, სუფთა ჰაერზე გადაეყვანა. იქ პაპას ნათესავები ჰყავდა. ართანა მაშინ საკმაოდ გამართული სოფელი იყო, წყალი ჰქონდა და ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მოკლედ, 17 წლის რომ გავხდი, იქ იყო უკვე გამართული სახლი და ბებიას ჰქონდა კარგი მეურნეობა. ის გადარჩა და იცოცხლა იმდენ ხანს, რომ დემეტრე გამაზრდევინა.

ბებიასთან ერთად

- არადა ერთი კვირის სიცოცხლის გარანტია მისცეს, ხომ?

- კი, მოსკოვის ონკოლოგიის წამყვან ცენტრმა... მან ამ დიაგნოზიდან მოყოლებული 12 წელი იცოცხლა. მოუარა ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს და ინსულტით გარდაიცვალა. 12 წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ იქაურობა ააყვავა, იქ გადაიტანა თავისი სტომატოლოგიური კაბინეტიც. ავბედითი 90-იანი წლები, შიმშილის, გაუსაძლისი შიშის პერიოდი მან გადაგვატანინა. სახლი ართანაში იყო ჩვენი და მამიდის ოჯახების ერთადერთი თავშესაფარი. იმ პერიოდში ასე გადარჩა და ჩვენც გადაგვარჩინა...

ჰყავდა ფრინველები, პირუტყვი, ვენახი, რომელსაც პაპასთან ერთად უვლიდა. გვქონდა ჩვენი საკუთარი ღვინო. ბებია ტანინისგან წიგნში ამოკითხულ მშრალ ნაყენს აკეთებდა, რომელსაც უზმოზე იღებდა, რომ ორგანიზმში სითხის ბალანსი შეევსო. კიბო ფაქტობრივად, ასე დაამარცხა. ჩემი ორივე ბებია მამის და დედის დედები ბაღელები იყვნენ, ერთად სწავლობდნენ „სამედიცინოზე“, მეორე მსოფლიო ომის დროს ერთდროულად მოუვიდათ გაწვევა ფრონტიდან და მოწინავე ხაზზე იყვნენ. ერთდროულად დაოჯახდნენ.... დედა და მამა ერთ დღეს არიან დაბადებულები. როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, ერთ ბებიას მეორე ბებია (მამის დედას დედის დედა) ხელში ჩააკვდა. იმასაც სიმსივნე ჰქონდა. ქიმიოთერაპია ჩაუტარეს და თავის დაავადებასთან ისე გამკლავება ვერ შეძლო.

- ისე მამის დედა მაინც როგორ გაუმკლავდა ასეთ მძიმე სენს?

- მან ოპერაციის შემდეგ ყველა მედიკამენტის მიღებაზე, ქიმიოთერაპიაზე და ნებისმიერ სხვა თერაპიაზე უარი თქვა. როგორც ექიმმა, თავისი განათლების კომპეტენციაში უმკურნალა საკუთარ თავს, სუფთა ჰაერით და ხალხური მედიცინით. დაანება ფარმაკოლოგიური წიგნების კითხვას თავი და ხალხურ მედიცინას ჩაუღრმავდა.

ამდენად, სახლი ართანაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ ცოტა მიჭირს იქ კარის შეღება... მაგრამ მამის ავადმყოფობის ამბავი რომ შევიტყვე, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიურად არანაირი საშუალება არ მქონდა, კრედიტი ავიღე და იმ სახლის რეაბილიტაცია დავიწყე. თავს იმას ვერ ვპატიობ, რომ მამის იქ გადაყვანა ვერ მოვასწარი. მან სხივური თერაპიის დროს დამწვრობა მიიღო და სეფსისით გარდაიცვალა. დედა ექიმი მყავს და მარტო მე არ ვწყვეტდი მამის მკურნალობის საკითხს, მისთვის ისე რომ მემკურნალა, როგორც ეს ბებიამ შეძლო. ამიტომ მორალურად განადგურებული ვარ, რომ ვერ შევძელი სიცოცხლის ბოლო წლები მამასთან ერთად ართანას სახლში გამეტარებინა.

- ბებიამ თავის ცხოვრებით პატარებს მაგალითი მოგცათ...

- ბებია თბილისში ყაზბეგის გამზირზე 14 ნომერში ძველი „მედიკების სახლში“ ცხოვრობდა. ამასთან ერთად, „მეტრომშენის“ დასახლებაში სააგარაკედ კერძო სახლი ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით გაყიდეს, მაგრამ იქაც სულ მუშაობდა, მეურნეობას მისდევდა, ვეუბნებოდით, რა გინდა, დაისვენე, იქ მიწასთან მუშაობა არც დედას და არც მამას უნდოდა. სულ ამბობდა, მე ომი გამოვიარე და ვიცი, შიმშილი რას ნიშნავსო. სამსახურიდან თავისუფალ დროს ბოსტანს ამუშავებდა, ჰყავდა ქათმები. მე და ჩემი მამიდაშვილი შრომას ბავშვობიდან იქ მიგვაჩვია. ბებიას ვეხმარებოდით. მებაღეობის მიმართულებით იქიდან დაიწყო ჩემი პირველი გამოცდილება.

გაზაფხულზე აუცილებლად ვთესავდით მწვანილს, ყვავილებს, ვრგავდით ხეებს. გვქონდა პატარა თოხი. მიწის სიყვარული, მასთან მჭიდრო კავშირი და შრომა ნამდვილად გვასწავლა.

- რა ხდება ახლა ართანაში, თქვენს მამულში?

- სახლს რეაბილიტაცია ჩავუტარე, შევიძინე ჯიშიანი თხები და გადავწყვიტე, საოჯახო მეურნეობა მომეწყო. ვენახი გვაქვს და ბებიის გარდაცვალების შემდეგ მასთან კავშირი არ შეგვიწყვეტია. ვუვლით, მოგვყავს მოსავალი, ნაწილს ოჯახისთვის მოვიხმართ, ვწურავ, საერთოდ ღვინოს ყოველთვის ვაყენებდით. დანარჩენ მოსავალს ქარხანაში ვაბარებდით. იმ თანხით კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენს ვამატებდით. გვაქვს მარანი, სადაც ძირძველი ქვევრებია. მიწა 800 კვადრატული მეტრია.

- მოკლედ, თხებითაც დაინტერესდი?

- კი, მაგრამ ამჟამად ისინი ართანაში აღარ არიან. ალპური თხები, ზანური და რუსული ჯიშებია, რომლებსაც ლაქტაციის მაღალი ხარისხი აქვთ. მინდოდა და კიდევ მაქვს სურვილი, რომ მქონდეს დიდი მეურნეობა. არსებობს თხის ჯიში, წალენჯიხური, რომელიც ოდითგანვე გამორჩეულია რძით. მისი ფორმულა გამოკვლეულია და ყველაზე ახლო დგას დედის რძესთან. მოკლედ მყავს ასეთი თხა, სახელად მოლი, რომელიც წალენჯიხიდან ჩამოვიყვანე. ზანურ თხასთან მინდა შევაჯვარო ისე, რომ არ დავკარგო რძის ხარისხი.

- და რატომ აღარ არიან ახლა თხები ართანაში?

- რამდენიმე თხას სოფელში თვითნებურად ლიკვიდაცია ჩაუტარეს, მოიპარეს კიდეც... რაღაც გაურკვევლობაა, ართანას გამგებელსა და ჩემ შორის... მოკლედ, 70 ძვირად ღირებული თხიდან 10 თხა რომ დავკარგეთ, ძალიან კომპეტენტურ მეურნეობაში, მეგობრის დიდსა და წარმატებულ ფერმაში გადავიყვანე. იქ თავს მშვენივრად გრძნობენ. მივდივარ, ჩემი ხელით ვცრი, ვამუშავებ, ყველაფერს, რას საჭიროა, ვუკეთებ, ვეფერები, მცნობენ... თხის საწველი აპარატიც კი მაქვს.

- ამ კუთხით ასეთი აქტივობა რას ნიშნავს შენთვის?

- წლების მანძილზე ჩემი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამომდინარე, თავისუფალი დრო არ მქონდა, რომ სოფლის ცხოვრებაში რა დოზითაც ახლა ვსაქმიანობ, ასეთი ჩართული ვყოფილიყავი. მგონია, რომ თუ ერთ მტკაველ მიწას დავამუშავებ და ზედ ხეს გავახარებ, ყვავილს დავრგავ, მით ერთ პატარა აგურს დავდებ ჩემი ქვეყნის აღმშენებლობაში.

ვისურვებდი, ჩემს სიცოცხლეში მენახა საქართველო გამთლიანებული, აყვავებული და მისი თითოეული მიწის ნაკვეთი ზუსტად ისე დამუშავებული, როგორც ეს სხვა განვითარებულ ქვეყნებშია. ამის მწვერვალი კი მინდა, იყოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ასევე სრულად და სწორად იყოს ის ენერგია, პოტენციალი გამოყენებული, რაც საქართველოში არსებობს. მათ შორის, მზის ენერგიაც... რაც ზედმეტი დაბინძურებისგან დაგვიცავს. ჩემს სოფელს, ართანას ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ ერთ-ერთი სუფთა სოფლის მაგალითი იყოს საქართველოში.

- შემოქმედებითი პაუზის დასრულებას არ აპირებ? არ დაუბრუნდები საყვარელ საქმეს?

- რაღაცნაირად ვხდები, რომ შემოქმედებითი არეალის გარეშე ვერ გავძლებ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, სოფელში, ჩვენი ძირძველი კერის მომიჯნავე ტაძარი აღმედგინა და მომეხატა. მისი აღდგენა მამის და პაპების ანდერძიც იყო. ამ საქმით კი შთამომავლობისთვის რაღაც დამეტოვებინა, მაგრამ ამ მიმართულებით წინააღმდეგობები მხვდება. საპატრიარქოში არქიტექტურული საბჭოს თავმჯდომარეა მეუფე დავით ალავერდელი, რომლის ეპარქიაშიც ჩვენი სოფელი შედის და დახმარებისთვის უნდა მივმართო. ამასთან, ჩემს ძველ პროფესიას მინდა დავუბრუნდე - თუნდაც სასწავლებელი აღვადგინო, რომ დამატებითი შემოსავალი შევქმნა, რადგანაც არ არის მარტივი ამ ყველაფრის უსახსროდ გაკეთება.

ასევე ვისურვებდი, პროფესიული სასწავლებელი აღმედგინა, რომლის ნაწილიც ჩემსავე სოფელში იქნებოდა და ბავშვებს ზოგად განათლებასთან ერთად დავეხმარებოდი, შეეძინათ პროფესიული უნარ-ჩვევები, რასაც თითოეული გოგო წარმატებით გამოიყენებდა ოჯახში. ოჯახის წევრებს შეუკერავდა როგორც ტანსაცმელს, ისე ფეხსაცმელს...

- გისურვებ, რომ ჩანაფიქრები აგიხდეს...

- სკოლაში რომ ვსწავლობდი, ყველა იმ ადგილას, სადაც ნანგრევებს გადავეყრებოდი, იმ შენობას, ხიდს, ტაძარს ვხატავდი ისე, აღდგენილი როგორც წარმომედგინა. იმედი მაქვს, ღმერთი დედამიწიდან ისე არ გამიყვანს, რომ ეს სურვილი არ ამისრულდეს. ართანაში ჩემს ეზოში ჩემი და მამის მიერ სოხუმიდან ჩამოტანილი პალმა ხარობს. სკოლა რომ დავამთავრე, მამამ სამოგზაუროდ გემით „შოთა რუსთაველი“ ევროპის გარშემო წამიყვანა. ბათუმის პორტიდან გავედით. ბათუმში რომ დავბრუნდით, მამამ თავის სამსახურებრივ საქმეზე სოხუმში მეც წამიყვანა. ინჟინერი იყო და იქაც ჰქონდათ საწარმო. სოხუმში, იმ წარმოების უფროსმა ასწლოვანი პალმის ხე დაგვახვედრა, რომელიც ჩამოვიტანეთ და ართანაში, ეზოში დავრგეთ, უკვე სახლზე მაღალია...ასე რომ, გამთლიანებული, ძლიერი საქართველო მინდა, მალე ვნახო.

იხილეთ ასევე: