3 დეკემბერს გია ჭანტურიას მკვლელობიდან 16 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დეკემბერში მისი წიგნის გამოცემას გეგმავს, რათა საზოგადოებას გიორგი ჭანტურიას ლიტერატურული მემკვიდრეობა გააცნოს. წიგნში 2 რომანი, მოთხრობები, ესკიზები და მინიატიურები შევა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთან, ზურაბ ღონღაძესთან ჩვენი შეხვედრაც ამ გარემოებამ განაპირობა: გვსურდა, ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა იმ კაცს გაეხსენებინა, ვინც 20 წელზე მეტხანს, მის გვერდით მუშაობდა და მასთან ერთად, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე და მონაწილე გახლდათ.
სპეციალობით ფიზიკოსი ზურაბ ღონღაძე 1988 წლიდან ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1992 წელს (როცა ედპ ოფიციალურად გაფორმდა, როგორც პარტია), პრესმდივნის, ვანო ხუხუნაიშვილის მოადგილე გახლდათ და ჟურნალ "მოამბის", გაზეთ "ქართული ქრონიკის" გამოცემას კურირებდა, ამჟამად კი ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ჟურნალ "მოამბის" მთავარი რედაქტორია.
ზურაბ ღონღაძე:
- გია ჭანტურია 1987 წელს, უნივერსიტეტში მიმდინარე ე.წ. "დავითგარეჯის აქციების" დროს გავიცანი. მილიციამ შენობას ალყა შემოარტყა და რამდენიმე ადამიანი ტრიბუნასთან მივედით, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერები იდგნენ... ამ პარტიის მიმართ გარკვეული სიმპათია ყოველთვის მქონდა, ჩემი ერთ-ერთი ნათესავი თავდაპირველი - XX საუკუნის დასაწყისში შექმნილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე იყო, რომელიც 1924 წელს დახვრიტეს... მოგეხსენებათ, ამ პარტიას დიდმა ილიამ ჩაუყარა საფუძველი და მის სათავეში უდიდესი ქართველი მოღვაწეები - იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები იდგნენ. ამასთან, გია ჭანტურია და პარტიის სხვა ლიდერები ეკლესიიდან "წამოსული" პიროვნებები, კათოლიკოს-პატრიარქის პირველი სტიქაროსნები და დიდი რელიგიური მრწამსის მქონე ახალგაზრდები იყვნენ... 1981 წელს, როცა პარტიის არალეგალურ პირობებში აღდგენა განხორციელდა, მისი წევრების ვინაობა იმდენად გასაიდუმლოებული იყო, სხვადასხვა ჯგუფში მყოფმა ძმებმაც კი არ იცოდნენ, რომ ერთი და იმავე პარტიის წევრები იყვნენ. როცა გია ჭანტურია, მერაბ კოსტავა და ირაკლი ბათიაშვილი ბალტიისპირეთში არაფორმალური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ყრილობაზე იმყოფებოდნენ, მერაბ კოსტავას რჩევით, პარტიამ საკუთარი არსებობის შესახებ გამოაცხადა. იმ პერიოდიდან დაიწყო ხალხის ნაკადის მიღება და პრესასთან ურთიერთობაც, საზღვარგარეთ სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება. სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვისაც კომპიუტერი, ფაქსი გვქონდა და ჩვენს უცხოელ კოლეგებს ვუგზავნიდით მასალებს. ამის შემდეგ აქტიურად ჩამოყალიბდა პრესსამსახური.
რაც შეეხება გიას - ის იყო უფროსი მეგობარი, მასწავლებელი და ლიდერი, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე მაღლა იდგა, მაგრამ ამას არასდროს გვაგრძნობინებდა. ამპარტავანი ადამიანი არ იყო. პარტიის წევრებმა თუკი რაიმე ვიცით პოლიტიკაში, ეს გიას დამსახურებაა. უქმად გაჩერებული არასოდეს მინახავს - სულ რაღაცას წერდა, კითხულობდა. მოვლენებზე ძალზე სწორი და სწრაფი რეაგირების უნარი ჰქონდა და ყოველთვის ამბობდა, - თუ რაიმეს გადაწყვეტ, ბოლომდე უნდა მიჰყვე და გააკეთო, თუნდაც ამ დროს შეცდომა დაუშვაო. მახსოვს, თავის ოთახში შეგვიყვანდა და სხვადასხვა რამეს გვასწავლიდა, თუნდაც - კამერის წინ გამოსვლას: ჩართავდა ვიდეოკამერას და გვაიძულებდა, ამა თუ იმ თემაზე გველაპარაკა. მერე ვიდეოჩანაწერს ვუყურებდით და ვარჩევდით, შენიშვნებს გვაძლევდა... ძალზე მორწმუნე ადამიანი იყო. ხშირად ამბობდა, - პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის, თუ ის მორალზეა დაფუძნებული და მას ბინძური ადამიანები არ აკეთებენ... გიასთან დაკავშირებით, უამრავი მოგონება მაქვს, რადგან სულ მის გვერდით ვიმყოფებოდი. სხვათა შორის, მოსწონდა, როცა რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას შენს აზრს გაუზიარებდი, შეეკამათებოდი და თუ მართებულად მიიჩნევდა, გაითვალისწინებდა, თუ არა და - აგიხსნიდა, რატომ დგამდა ამა თუ იმ ნაბიჯს.
- ფიცხი ადამიანი იყო?
- საკმაოდ ფიცხი იყო, თუმცა ეს გაუაზრებელ ქმედებაში არასდროს გადადიოდა. არ დამავიწყდება გიას პრესკონფერენცია, როცა საქართველო დსთ-ში შევიდა - ასეთი აღელვებული ის არც ერთი გამოსვლისას არ მინახავს. ხშირად იმეორებდა, - ჩვენ არ მოვერიდებით არავის და არაფერს საქართველოს გადასარჩენად ბრძოლისას, რადგან საქართველოს ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგასო... თუკი ვინმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო საქმეს სჩადიოდა, რაც უნდა კეთილგანწყობილი ყოფილიყო, მის წინააღმდეგ დაუნდობელ მებრძოლად იქცეოდა.
- როგორც ვიცი, მერაბ კოსტავასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ზვიად გამსახურდიასთან უთანხმოება მოუვიდა. რა შეგიძლიათ გვითხრათ მათი დაპირისპირების შესახებ? ისინი ხომ მეგობრები იყვნენ და საერთო ინტერესები ჰქონდათ...
- გამსახურდიას - არა, იმ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, რომელსაც ის ახორციელებდა. მერაბთან მართლაც, ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა, დიდ პატივს სცემდა. სამწუხაროდ, მერაბი დაიღუპა... პირველი უთანხმოება მაშინ ჩამოვარდა, როცა გამსახურდიამ განიზრახა, სამაჩაბლოს მიმართულებით მსვლელობა მოეწყო. ედპ ამგვარი აქციების წინააღმდეგი იყო და დღესაც მიგვაჩნია, რომ სწორად ვიქცეოდით, რადგან მოსკოვი ცდილობდა, ეთნოკონფლიქტში ჩავეთრიეთ, რაც მოახერხა კიდეც.
გიასთვის და ჩვენთვისაც ყოველთვის მიუღებელი იყო პრინციპი - ჯერ დამოუკიდებლობა და მერე - დემოკრატია. წარმოუდგენელია, ამ ორი ცნების ცალ-ცალკე განხილვა. ამ თემაზეც ხშირად იყო კამათი იმჟამინდელ უზენაეს საბჭოსთან. როცა "ეროვნული კონგრესი" აირჩა, შევთავაზეთ, ამ ორ ორგანოს ერთმანეთთან ეთანამშრომლა, მაგრამ ეს არ გაიზიარეს. შიდა დაპირისპირება კი იმ ცნობილ მოვლენებში გადაიზარდა, რომელმაც საკმაოდ დიდი დაღი დაასვა საქართველოს განვითარებას. საბრძოლო მოქმედებების დროს ჭანტურია დაპატიმრებული იყო, ჰოდა, მისი და სხვა პატიმრების გადარჩენა ძლივს მოხერხდა, რადგან იმყოფებოდნენ მაშინდელი უშიშროების შენობის სუკის იზოლატორში, რომელსაც ცეცხლი მოეკიდა. სხვათა შორის, მაშინდელი დაპირისპირება, ედპ-ს მიერ კინოს სახლთან მოწყობილი მიტინგის დარბევით დაიწყო, როდესაც მის მონაწილეებს სპეცდანიშნულების რაზმი შეესია. ეს 1991 წლის 2 სექტემბერი მოხდა.
- გავიხსენოთ 1994 წელი, როდესაც გია ჭანტურია საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს, რაც ცხადია, პარტიის ყველა წევრისთვის დიდი ტრაგედია იქნებოდა. დღემდე, ბევრი სხვადასხვა ვერსია მუსირებს. შინაურულ წრეებში უფრო მეტად, ვისზე იყო ეჭვი, ვის აძლევდა ხელს გია ჭანტურიას მოცილება?
- მართლაც, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან ტრაგიკული დღე იყო. მნიშვნელოვანია, რომ თაობებმა იცოდნენ - გია ჭანტურია არ იყო რიგითი პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ ედპ-ს მოუკლეს, ამიტომ, მისმა მკვლელობამ კარდინალურად შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური განვითარების გეზი. სწორედ იმ პერიოდში ედპ და გია ჭანტურია ზენიტში იმყოფებოდნენ. ამდენად, მისი არსებობა ხელს არ აძლევდა არც გარეშე და არც საქართველოს შიგნით მოქმედ მტრებს. გია იყო გამოკვეთილი პროდასავლური პოლიტიკოსი და უალტერნატივო ლიდერი; შემიძლია გითხრათ, რომ ის რუსული პოლიტიკის მსხვერპლია. ცოტა ხნით ადრე, ჭანტურიამ გააკეთა სერიოზული განაცხადი პრეზიდენტობაზე და თქვა, რომ ხელისუფლებაში არსებობდნენ რუსული სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელი პიროვნებები, რაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. იმ დღეებში პარტიის ყრილობა მიმდინარეობდა, სადაც ბევრი საკითხი განვიხილეთ. სწორედ ყრილობის ბოლო დღეს მოკლეს გია. მერაბ ბარამია, გიას პირადი მცველი, მასთან ერთად დაიღუპა. ბევრჯერ გვითქვამს გიასთვის, - იქნებ, დაცვა გავაძლიეროთ-თქო, - მაგრამ უარზე იყო: თუ მოკვლას მიპირებენ, დაცვასაც დახოცავენ და რაღა აზრი აქვსო?!. შესაძლო თავდასხმის შესახებ რაღაც ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ ჭორის დონეზე...
- შინაურულ გარემოში, მაგალითად, სუფრასთან როგორი იყო?
- ჩვეულებრივი ქართველი კაცი იყო, რომელსაც საქმის კეთებაც უყვარდა და მოლხენაც. ძალიან კომუნიკაბელური გახლდათ. ერთი პერიოდი გაზეთზე მუშაობა მასთან სახლში მიმდინარეობდა და ჩვენთან ურთიერთობისას ძალიან უშუალო იყო. სისტემატურად დადიოდა ტაძარში და ზიარებას აბარებდა. პარტია ფაქტობრივად, სიონის ეზოში ჩამოყალიბდა და ეკლესიასთანაც ყოველთვის ახლოს ვიყავით, ზოგიერთი წევრი კი შემდგომ მოძღვარიც გახდა... თავად გია ისეთი იყო, ვერც ერთ, დღემდე მოქმედ პოლიტიკურ ფიგურას ვერ შევადარებ. ასეთი პიროვნებები ერთეულები იბადებიან. ძალიან განათლებული ადამიანი იყო, ამას მისი ლიტერატურული მოღვაწეობაც მოწმობს...
თამთა დადეშელი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)