მას შემდეგ, რაც მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა კახა მიქაიამ ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის უცხოელი პედაგოგის თომას ფლეთჩერისა და განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის საიდუმლო შეხვედრაზე ისაუბრა და ამ საუბრის ამსახველი ფოტომასალაც მოგვაწოდა, (იხ. "ყველა სიახლე" #46 18-24 ნოემბერი 2010წ.) საჯარო სკოლის 6 პედაგოგი სამსახურიდან დაითხოვეს. თუ რატომ, ამაზე კვლავ ბატონი კახა გვესაუბრება.
- ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში ფლეთჩერისა და შაშკინის შეხვედრის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების გამო, ხელისუფლებამ ამ სკოლის 6 პედაგოგი დაითხოვა. მათ ჰგონიათ, რომ ერთ-ერთმა პედაგოგმა გადმომცა ეს ფოტოები. არადა, ის ადამიანები, რომლებმაც ეს ფოტოები გადმომცეს, კვლავ სკოლაში მუშაობენ. ასე რომ, შაშკინი, ზუგდიდის მე-4 სკოლის დირექტორი ხათუნა დარასელია და რესურსცენტრის უფროსი აზა ჯოჯუა თუ ასე ცდილობენ "დამნაშავის" დადგენას, შეუძლიათ გაათავისუფლონ ყველა პედაგოგი, გაყარონ ბავშვები და საერთოდ დახურონ მე-4 საჯარო სკოლა.
- ეს ამბავი პედაგოგებმა არ გააპროტესტეს?
- მათ შევთავაზე საპროტესტო აქციის ჩატარება, მაგრამ მიპასუხეს, ეს რომ გავაკეთოთ, შეიძლება ამ ხელისუფლების რეპრესიული მანქანა ჩვენს ოჯახებსაც შეეხოს და საბოლოოდ გაგვანადგურონო. თუმცა თავიდან სცადეს საპროტესტო აქციის გამართვა, მაგრამ მაშინვე თავს დააცხრა ზუგდიდის საკრებულის თავმჯდომარე ლევან კონჯარია, რომელმაც პედაგოგებს სთხოვა, ოღონდ აქცია არ გამართოთ და მე-4 სკოლის დირექტორს გავათავისუფლებთ, თქვენ კი სამსახურში დაგაბრუნებთო. კონჯარიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, პედაგოგები მოატყუა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ხანდაზმულმა პედაგოგმა, ქალბატონმა მადონა დავიანტიმ ამხილა სკოლის დირექტორი და ადგილობრივი ხელისუფლება, რისთვისაც გაათავისუფლეს სკოლიდან.
- მანამ თავიანთი გათავისუფლების ნამდვილ მიზეზს მალავდნენ?
- დიახ. სკოლიდან სხვა მიზეზით, თათბირზე გამოუცხადებლობის გამო დაითხოვეს...
ქალბატონი მადონა იმაზე უფრო წუხს, მალე პენსიაზე გავალ და სკოლიდან ასე წასვლა არ მინდაო. წარმოიდგინეთ, ასეთი დამსახურებული პედაგოგი რა დღეში ჩააგდეს. სამაგიეროდ, ჩვენი "ძვირფასი" ხელისუფლება ფლეთჩერს ცივ ნიავს არ აკარებს. სკოლის დირექტორი ხათუნა დარასელია ფლეთჩერს "თეთრ წიწილასაც" კი ეძახის. ფლეთჩერი კი კვლავ იმ ოჯახშია, სადაც აქამდე ცხოვრობდა, მას იცავს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და მთელი ხელისუფლება.
ახლახან პრესაში დაიბეჭდა ინტერვიუ შაშკინთან, სადაც განაცხადა, რომ ფლეთჩერის ეროტიკული სურათები ფოტომონტაჟი იყო. მომიყვანეთ ერთი პედაგოგი ან ბავშვის მშობელი, რომელმაც ფლეთჩერს მამათმავლობა შეატყოო. მე კი პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნება მიწოდა. ამაზე შაშკინს თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვუპასუხებ: მამათმავლებს არ დავსდევ და მათი "ფოტოშოპირებით" არ ვარ დაკავებული. ამის სურვილი რომ მქონოდა, ვიღაც ფლეთჩერის კი არა, შაშკინის ფოტოებს დავამონტაჟებდი. შაშკინის უტიფრობას, სიცრუეს საზღვარი აღარ აქვს.
ფლეთჩერი მხოლოდ მე-4 საჯარო სკოლის კი არა, ქართველი ერის პრობლემაა. რატომ ვხუჭავთ თვალს ხელისუფლების ასეთ რეპრესიულ მანქანაზე, შაშკინმა ქართული სკოლები სასჯელაღსრულების დეპარტამენტად რომ აქცია, რომლის დირექტორებად მანდატურები დანიშნეს, ამაზე რატომ ვდუმვართ, ხალხნო?!
საქართველოს სხვა ქალაქებში ჩადით და ნახეთ, კიდევ რამდენი ფლეთჩერია! უბრალოდ, ეს ამბავი ზუგდიდში გახმაურდა.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)