ავტორი:

კადიროვის მორიგი გეგმა, რომლითაც პუტინის ძველ მეგობართან კონკურენციას შეეცდება - ჩეჩნეთის ლიდერი, "ჩაგრულთა დასახმარებლად", არმიის შექმნას აპირებს

კადიროვის მორიგი გეგმა, რომლითაც პუტინის ძველ მეგობართან კონკურენციას შეეცდება - ჩეჩნეთის ლიდერი, "ჩაგრულთა დასახმარებლად", არმიის შექმნას აპირებს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი დაჩაგრული ხალხის დასაცავად, საკუთარი არმიის დაფუძნებას აპირებს. მისი თქმით, ეს იდეა რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა და განაცხადა, რომ არსებულ სიტუაციაში ეს იდეალური გამოსავალია.

თავისი გეგმის შესახებ კადიროვმა ჟურნალისტებს რუსეთის სპეცდანიშნულების სასწავლებელში იარაღის პრეზენტაციაზე განუცხადა.

"ბოლო ხანს, მე ძალიან ბევრს ვფიქრობ, დავაარსო ძალიან ძლიერი, კარგად მომზადებული არმია, რათა შემდეგ გამოვიყენო ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის სახელით, ამცირებენ, კლავენ და ანადგურებენ ჩაგრულს ხალხს. ვფიქრობ, მათ დასახმარებლად ეს საუკეთესო გამოსავალია" - უთხრა გამოცემა ТАСС-ს კადიროვმა.

მისი თქმით, არმიის შემადგენლობაში ჩაირიცხებიან ის პატრიოტები, ვინც მზად არის სამყაროს წესრიგისთვის სიცოცხლე დათმოს.

"ეს ძალიან რთული და მძიმე გზაა, მაგრამ ეს გზა ჩვენი არჩევანია და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ" - აცხადებს კადიროვი.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, რუსულ მედიაში კადიროვის ქმედებების გარშემო დიდი ხანია კამათი არ წყდება.

"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩეჩნეთის ლიდერი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოზიციას. შოიგუსთან მისი დაპირისპირება-შერიგება უკვე კომიკურ ხასიათს იღებს. თუმცა, ამით ჯერჯერობით კადიროვი არ აგებს, რასაც ვერ ვიტყვით, შოიგუს რეპუტაციაზე" - წერს გამოცემა.

  • პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის თქმით, 19 თებერვალს, როდესაც რამზან კადიროვმა ვითომ თანამდებობიდან წასვლის საკითხი დააანონსა, უკვე გასაგები იყო, რომ მას რაღაც გეგმა ჰქონდა. კერძოდ, საუბარი იყო ისეთი სამხედრო ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც უკვე კარგად ცნობილი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერებს" კონკურენციას გაუწევდა.

"კრემლში არსებობს გავლენების ჯგუფები, რომლებიც კადიროვისა და პრიგოჟინის კლანებად არის წარმოჩენილი. კადიროვს სურს, პოლიტიკურ ნაწილშიც ჰქონდეს გავლენა, ამისთვის კი იცის, რომ სამხედრო ორგანიზაცია ძალიან კარგი საშუალებაა. მან კარგად იცის, რა გზა გაიარა პრიგოჟინმა პუტინის გარემოცვაში რომ შეეღწია, მისი ორგანიზაციის დაქვემდებარებაში არსებული ვეტერანი სამხედროები პუტინის დავალებას ასრულებდნენ ცენტრალურ აფრიკაში, სირიაში, ლიბიაში... კადიროვისნაირი პერსონისთვის ეს ყოველთვის სამაგალითო იყო და ალბათ ოცნებობდა, ოდესმე ამისთვის მიეღწია. ახლა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მიღებული გამოცდილების სხვაგვარად გამოყენება სურს" - მიაჩნია ორეშკინს.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის, ალექსეი მალაშენკოს მოსაზრებით, კადიროვმა იცის, რომ შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.

"თუნდაც უკრაინაში, ყველაფერი იმისკენ მიდის, შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დადგეს, ამიტომაც კადიროვი ახალი სიტუაციისთვის თადარიგს იჭერს. თუ არმიას შექმნის, მას ნებისმიერ ქვეყანაში კრემლის დავალების შესასრულებლად გამოიყენებს და "ჩაგრული ხალხისთვის" თანადგომას გააფორმებს. ასეთი ქვეყნები და დავალებები კი, არც ისე ცოტაა" - წერს მალაშენკო.

ჩეჩენი იურისტი და უფლებადამცველის, აბუბაქარ იანგულბევის თქმით, კადიროვმა გააცნობიერა, რომ მას კრემლში პუტინის გარდა სხვა მოკავშირე აღარ ჰყავს და ახალი ხიდების აგებას ცდილობს, ამისთვის კი რუსულ ელიტაში კავშირების პოვნაა საჭირო.

"კადიროვის ორგანიზაციაში ჩეჩნები კი არა, კადიროველები იქნებიან, ჩვენს შორის განსხვავება ის არის, ჩეჩნები თავიანთ ქვეყანას ემსახურებიან, ისინი კი რუსეთს. ამისთვის სჭირდება კადიროვს ვაგნერის მსგავსი სამხედრო ორგანიზაციის დაფუძნება. ცდილობს, ამ გზით გაიფართოვოს გავლენები" - წერს ჩეჩენი უფლებადამცველი.

წაიკითხეთ ასევე: