რუსული მართლმადიდებლური ეკლესია გავლენის გაფართოების მიზნით, საჯარო განცხადებების რაოდენობას ზრდის, - "ვიკილიქსის" ცნობით, ამის შესახებ რუსული ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, არქიეპისკოპოსმა ილარიონმა რუსეთში ამერიკის ელჩთან, ჯონ ბაიერლისთან შეხვედრისას განაცხადა.
"ვიკილიქსის" მასალას "რუსსკი რეპორტიორი" აქვეყნებს. მასალის მიხედვით, არქიეპისკოპოსმა ილარიონმა რუსეთის პატრიარქი კირილი ქვეყნის ცხოვრებაში "სერიოზულ მოქმედ გმირად" დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის უბრალოდ "სიმბოლური მეთაურია" და რუსეთში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე, მათ შორის პოლიტიკურზე, გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
მისი თქმით, პრობლემების უდიდესი ნაწილი, კორუფციისა და თვალთმაქცობის ჩათვლით, რუსეთს საბჭოთა პერიოდიდან მოსდევს. ილარიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოთმინებას, რათა რუსეთიც იქცეს დემოკრატიულ ქვეყნად.
"აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის ასწლეული დასჭირდათ, მაშინ, როდესაც რუსეთს ამისთვის მხოლოდ 20 წელი ჰქონდა. აუცილებელი არ არის, ჩვენი დემოკრატია ამერიკულის ასლს წარმოადგენდეს. მხედველობაშია მისაღები რუსეთის კულტურა და ისტორია, რამაც დემოკრატიის მიმართულება უნდა განსაზღვროს", - აღნიშნავს არქიეპისკოპოსი ილარიონი ამერიკის ელჩთან საუბარში.