ავტორი:

"ზურა იტყუება! - ბატონი პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდები რეგულარული ხასიათისაა" - გიორგი ჩალაძე

"ზურა იტყუება! - ბატონი პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდები რეგულარული ხასიათისაა" - გიორგი ჩალაძე

ზურა ჩხაიძის და "ქართული ოცნების“ ნარატივი ერთი და იგივეა, ზურა იტყუება! - ამის შესახებ "მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად შექმნილი შტაბის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ექიმ ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს.

ჩალაძის თქმით, "ვივამედის“ კლინიკის დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე სამარცხვინოდ იქცევა, ხოლო "ქართულ ოცნებას“ აღარ დარჩა სხვა სპიკერი, "ასეთი კომიკური ფიგურა, რომელსაც გამოიყვანს და ამ სისულელეებს ილაპარაკებს“.

"ვხედავთ მის პოლიტიკურ მომავალს. ზუსტად იმ მესიჯზეა დამჯდარი, რაზეც "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სუს-ი მას რით აშანტაჟებს, ამაზე საუბარი არ მსურს. ბატონი ზურას ნათქვამს ჩემთვის ნულის ფასი აქვს, რაც უნდა ის გააკეთოს, საერთოდ არ მადარდებს. რასაც ზურა ამბობს, იმავეს იმეორებენ, კალაძე და სხვა პოლიტიკური აქტორები. მე მოვედი სხვა რამის სათქმელად. ბატონი პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდები უკვე რეგულარული ხასიათისაა. ეს არის ის, რაც დაწერილი იყო სახალხო დამცველის და სხვა ექსპერტების დასკვნებში, რომ ეს ასე მოხდებოდა. სამწუხაროდ, ამან უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო. გუშინ, ასევე ტკივილის მართვის ცენტრიდან მიყვანილი ჰყავდათ ბატონი გადაბაძე, რომელიც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია და მისი შეფასებითაც, პროცესები არის ღრმად წასული. მას გააჩნია მწვავე ოსტეოქოროზი, მწვავე ართროზი, ხერხემლის დაზიანება, რომელიც დადასტურებულია“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისივე თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გონებას იმგვარად დაკარგავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევად სახეს მიიღებს, ის ქვეყნიდან უნდა გავიდეს და ეს მალე უნდა მოხდეს.

"თუკი დაგვიანდა და ქვეყნიდან გარდაცვლილი პრეზიდენტის გაყვანა მოგვიწევს, ამას ძალიან მძიმე შედეგი მოყვება. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა უარესდება, არანაირად უმჯობესდება და პოლიტიკური მიზნებიდან ნებისმიერი განცხადება, თუ ხელის შეშლა, "ქართული ოცნების“ ახალი წარმომადგენლების მიერ, ნულის ფასია და ის პრეზიდენტის მკვლელობას ემსახურება. საჯაროდაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ზურა მონაწილეობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის საქმეში. მის შთამომავალს დაამახსოვრდება, როგორც პრეზიდენტის მკვლელი ადამიანი”, - განაცხადა ჩალაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის შესახებ სჯერა იმ ინფორმაციიდან, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ გონება დაკარგა, "ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე არ ადასტურებს. როგორც ჩხაიძე აცხადებს, სააკაშვილს გარეგნული დათვალიერებით არც რაიმე სახის დაზიანება ეტყობა.

ასევე იხილეთ: