ავტორი:

"აფხაზეთი არ არის აუქციონი" - ახალგაზრდების პროტესტი და დაკავებები სოხუმში: ადგილობრივები რუსებისთვის უძრავი ქონების გადაცემის წინააღმდეგ გამოდიან

"აფხაზეთი არ არის აუქციონი" - ახალგაზრდების პროტესტი და დაკავებები სოხუმში: ადგილობრივები რუსებისთვის უძრავი ქონების გადაცემის წინააღმდეგ გამოდიან

"ჩვენ გვადარდებს ჩვენი მომავალი და არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რაც ახლა აფხაზეთში ხდება" - ამ შინაარსის ბანერებით აფხაზეთში ადგილობრივი ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭვინთის გასხვისების წინააღმდეგ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ҲАРАҲПИЦУНДА-ს აქტივისტებმა სოხუმში, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე ბანერები გამოფინეს.

  • "აპარტამენტების წინააღმდეგი ვართ", "არა უკანონო მშენებლობებს ქალაქში", "აფხაზეთი არ არის აუქციონი" - ეს არის ჩამონათვალი იმ მოთხოვნებისა, რომლის ქუჩაში გამოფენის გამოც, რამდენიმე აქტივისტი აფხაზურმა ე.წ. მილიციამ დააკავა.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, დაკავებულები მაშინვე გაათავისუფლეს, თუმცა, მათ მიერ წამოწყებულ პროტესტს მუხტი არ დაუკარგავს.

"ახალგაზრდებს გვსურს, დამოუკიდებელ აფხაზეთში ვიცხოვროთ და მისი ეკონომიკა აღვადგინოთ, ასევე შევინარჩუნოთ ენა, ბუნება, მიწა და ისტორია. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ გვართმევენ საკუთარ ისტორიას და მომავალს, რასაც ვეწინააღმდეგებით, ისევე როგორც აპარტამენტების შესახებ ანტიაფხაზურ კანონს, ისტორიულ ნაწილში უკანონო მშენებლობებისა და ენერგეტიკის სისტემის მიზანმიმართულ განადგურებას.

ამას ემსახურებოდა ჩვენს მიერ დედაქალაქში გამოფენილი ბანერები. თუმცა, ხელისუფლებისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მათ არ აინტერესებთ მოქალაქეების აზრი... ხალხი არის სუვერენიტეტის ერთადერთი მატარებელი ჩვენს ქვეყანაში.

ვიცით, რომ ამის გამო ოპოზიციას, დასავლეთს მიგვაკუთვნებენ, იარლიყებს მოგვაკერებენ, წნეხისა და შესაძლო პროვოკაციების წინაშე აღმოვჩნდები, მაგრამ ამისთვისაც მზად ვართ. მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს, თავისუფალი და დამოუკიდებელი აფხაზეთი. აფხაზეთის მომავალი ჩვენთვის სულ ერთი არ არის, ის ჩვენი მომავალიცაა" - ნათქვამია ახალგაზრდული მოძრაობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

"ახალგაზრდების არცერთი მოთხოვნა უკანონო არ ყოფილა. ბანერებზე განთავსებული ციტატები აფხაზეთის კონსტიტუციიდან არის ამოღებული და ვლადისლავ არძინბას, ასლან ბჟანიას და ფაზილ ისკანდერს ეკუთვნით. ასე რომ, არცერთ ფრაზას კანონი არ დაურღვევია. ჩვენ მხოლოდ ჩვენი საკუთრების დაცვას ვითხოვთ" - წერს გამოცემა abkhaz-auto.ru.

  • ე.წ. ხელმძღვანელობის სურვილს, რომ აფხაზეთში მიიღონ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ე.წ. აპარტამენტების მშენებლობას, გაყიდვას და ექსპლუატაციას, აფხაზეთში ოპოზიციური ძალებიც ეწინააღმდეგებიან.

აქციის ორგანიზატორთა განმარტებით, პროტესტის მონაწილეები, 4 მაისს დილის საათებიდან "შსს"-ს სამმართველოში იმყოფებიან, სადაც თავიდან განმარტებითი ჩვენებისთვის დაიბარეს, ხანმოკლე დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა გაირკვა, რომ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე პროტოკოლებს ამზადებენ.

ორგანიზატორთა განცხადებით, ბანერები, რომელიც მილიციამ ჩამოხსნა, "ექსპერტიზაზეა გაგზავნილი".

აფხაზი ჟურნალისტი, Чегемская правда რედაქტორი, ინალ ხაშიგი სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს, რომ აღშფოთებულია ადგილობრივ ახალგაზრდებზე მიტანილი იერიშით.

"ვლადისლავ არძინბასა და ფაზილ ისკანდერის ფრაზების გამო, რომლის მთავარი აზრია, გიყვარდეს შენი ხალხი და ქვეყანა, ახალგაზრდებს აკავებენ, იმიტომ, რომ თურმე ადმინისტრაციულ დარღვევად ითვლება. ხვალ, ალბათ, სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადებენ. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?!" - წერს ხაშიგი.

ადგილობრივი აქტივისტის, სუზანა გარგულიას თქმით, ყველა ბანერზე აბსოლუტური სიმართლე ეწერა, მათი დაკავებით, ხელმძღვანელობამ უკვე გადაკვეთა წითელი ხაზები, თავისი ხალხის წინააღმდეგ წავიდა.

"შესაბამისად, რაც შემდეგში მოხდება, მათ აუცილებლად ცუდად მოუბრუნდებათ... ჩვენი მიწების გაყიდვის უფლება არავის აქვს. ჩვენმა შვილებმა ამ მიწაზე უნდა იცხოვრონ, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი ჩვენ, როგორც ერი, გავქრებით" - წერს გარგულია.

წაიკითხეთ ასევე: